ქინძი და ლოქო - კვირის პალიტრა

ქინძი და ლოქო

"მე ვიყო ქინძიო"- სააკაშვილმა უთხრა ტელეფონში თავის... მეგობარ სოფო ნიჟარაძეს. ჰო, მართლა: ეგ ერთი საკითხი მაინც გაირკვა, ბოლოს და ბოლოს: დაკითხვიდან გამოსულმა მომღერალმა ნიჟარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე,- სააკაშვილი თქვენი რა არისო? - უპასუხა,- მეგობარიო.

მე მჯერა. ის ძველი ამბავიც ზუსტად მეგობრობის "პონტში" ჯდება, ხალხს რომ ჭორი ეგონა, მაგრამ თუ მეგობრები არიან, მაშინ მართალი იქნება, რადგან ერთი ჩემი ძმაკაცი, ადრე, ახალგაზრდობაში, ძალიან რომ დავთვერით (უფრო სწორად, გადავთვერით), უცებ ეცა მეორეს და... ყურზე უკბინა! მერე რა- მაინც მეგობრებად დარჩნენ დღემდე, ძმაკაცობაში "მოსულა" კბენა.

ასე რომ, ესენიც მეგობრები თუ არიან, ის, კბენის ამბავიც არ იქნება ტყუილი. ახლა, ყური იქნება, ცხვირი, ბრმა ნაწლავი თუ სხვა რამ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?..

ორიოდე კვირის წინ "პროვოკაციას" რომ ვწერდი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ახალი ნანახი მქონდა ის საშინელი ვიდეოები და ამიტომ ვერ დავიოკე ემოციები. ბევრმა გაიზიარა მაშინ ჩემი აღშფოთება და ეს საიტზე გამოგზავნილ ასზე მეტ კომენტარშიც აისახა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ იმავე საინფორმაციო წყაროების საშუალებით, ისეთ ჩანაწერებს ვნახავდი (მოვისმენდი), რომელშიც ისეთივე ამაზრზენი კადრები არ იქნებოდა, მაგრამ არანაკლებ აღმაშფოთებდა!

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... "სისხლის ღვრა "სტოპრო" იქნება, ქინძი ვიყო!"- ამბობს ჩანაწერში ეს მართლა ქინძი და სულ ფეხებზე მკიდია- ვინ, როგორ, რა ფასად და რა მეთოდებით მოიპოვა ეს ჩანაწერი! აქ ყველაფერი საშინელია: ნათქვამის შინაარსიც, ტონიც, ისიც, თუ ვის ეუბნება (მერე რა, რომ მეგობარია, თავს აწონებს სისხლის ღვრის პერსპექტივით თუ რატომ უყვება?! მანიაკი!) და ა.შ., ხოლო ყველაზე ნაკლებ აღმაშფოთებელი- ჩანაწერების წარმომავლობაა. ამიტომ, იმ მსუყედ დაფინანსებულ არასამთავრობოებსა და მათთან ერთად, ჩემი ხელფასიდან დაფინანსებულ ომბუდსმენს, რომელმაც აგრეთვე მხოლოდ ამ საძაგელი კადრების გავრცელების უკანონობის გარკვევა მოსთხოვა ხელისუფლებას, მინდა შევახსენო: უკანონო მოსმენები სამოხელეო დანაშაულად ითვლება- ნაკლებად მძიმე დანაშაულად- და, თუ არ ვცდები, ერთ წლამდე ციხით ისჯება, რაზეც იმ კადრებშია საუბარი- კონსტიტუციური წესრიგის მოშლაა და 315-ე მუხლი ბევრი წლიდან უვადო პატიმრობამდე სასჯელს ითვალისწინებს!

"სულზე მოუსწრო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ "ნაცებსა" და "რუსთავი 2"-ს, ცოტათი გაიხანგრძლივეს ხითხითისა და ხელების ფშვნეტის დრო- გვარამიამ პირდაპირ განაცხადა: რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ (ჩათვალე: პაპუაშვილმა, "ჩვენიანმა") გადაწყვიტა, რომ სანამ სამივე ინსტანციაში გავასაჩივრებთ და წავაგებთ, მანამდე ხელსაც ვერავინ გვახლებს, ამ პროცესს არჩევნებამდე გავწელავთო! რომ გეკითხა, პოლიტიკა არაფერ შუაშიაო! თაღლითები!

მაინც კარგია, რომ გამოქვეყნდა- ის "ქინძი" აქ ერთ "ლოქოს" რომ ბარიკადებისა და ბოევიკების მობილიზებას ავალებდა, ეგ მაინც აღარ მოხდება და იმედია, ცხვირში ძმრად ადენთ ამ არამზადობას სამართალი.

ლოქო და ძმრად-მეთქი? ეეჰ, არადა, როგორ მიყვარდა, ამიერიდან კი ქინძმარში ჩაწყობილ ლოქოზე სულ ეს ქინძი, თავისი ლოქო-"შნირები" და მათი დაძმარებული სიფათები გამახსენდება...

პ.ს. წინა "პროვოკაციაში" გოგი თოფაძის მიერ სტალინის თაყვანისცემის გამოხატვასა და ბესარიონოვიჩისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე ვწერდი. კომენტარებში ზოგი ყბების დანგრევით მემუქრებოდა (ფეხები არავის მოსჭამოთ, ნიკს ამოფარებულო კაცუნებო), ზოგს კი ვეცოდებოდი ისტორიის უცოდინარობის გამო.

ახლა კი სულ სხვას ვფიქრობ თოფაძეზე: ეგ კაცი "ნაციონალების" აგენტია!

ერთხელ იხუმრა "რუსთავი 2"-ის მიკროფონის დანახვაზე,- ეს ტელევიზია მალე აღარ იარსებებსო,- და ამბავი აუტეხეს, ზეწოლას ახდენს ხელისუფლება სასამართლოზეო და იმის მაგივრად, რომ გაჩერდეს, სასამართლოს შემდეგ მთლად "მარგალიტი" წამოროშა: მე ერთი კვირით ადრე ვიცოდი, რომ ასეთი განაჩენი დადგებოდაო!

კაცო, "ოცნება", დაასვენეთ ეგ კაცი, დაასვენეთ, დაიღალა უკვე...