სამართალი პურს(?!) ჭამს
სამართალი პურს(?!) ჭამს
ორი კვირის წინანდელ "პროვოკაციას" გაგახსენებთ, რადგან ვერ ვითმენ -კიდევ ერთხელ არ წავიტრაბახო ჩემი ჭკუამახვილობით. აი, რას ვწერდი: "დარწმუნებული ვარ (დაიმახსოვრეთ და მერე აღიარეთ ჩემი პროგნოზირების ნიჭი), თოფაძეს არჩევნებამდე შეუწყდება უფლებამოსილება"! აჰა! არჩევნებამდე კი არა, ერთი კვირა გავიდა და, -"ამოვწურე ჩემი სულიერი მისია პოლიტიკაში, წავედი დასასვენებლადო" -თოფაძემ.
ასე რომ, ახლა კიდევ რაღაცებს ვიტყვი და ყურადღებით იყოს, ვისაც ეს ეხება...


ოღონდ ჯერ რაზეც ძალიან გაბრაზებული ვარ, იმაზე ვიტყვი, თანაც ძალიან მინდა, ვიღაც-ვიღაცებმა
ამის გამო სიხარულის ჭყლოპინი არ ატეხონ -"ეს ჩვენიანი გამხდარაო!"
მოკლედ, ასეა საქმე: დღეს "ინტერპრესნიუსმა" გამოაქვეყნა ბარაქ ობამას თანაშემწის, სელესტ უოლანდერის ინტერვიუ რუსული(!) გამოცემისთვის, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა ნატოს უბიძგა, რომ შესაბამისი ზომები მიეღო და სამხედრო სწავლებების სერია ჩაატარა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ
რატომ არ ჰქონდა ასეთივე რეაქცია ნატოს რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ, ამ ქალბატონმა განაცხადა (მომყავს ციტატა): "განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ"!!!
ეგეც შენი ამერიკელებიო! -მეტყვის ის ხალხი, ზემოთ რომ ვახსენე და მეც, ალბათ, ცოტა დავიბნევი, მაგრამ მერე მაინც იმას ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი: რუსეთი ჩვენი მტერია, ხოლო ამერიკას მანამდე ვეკიდებით ფეხებზე, სანამ იქ ობამა და კომპანია იუფროსებენ (აი, "გავიხანგრძლივე არგუმენტი", მაგრამ მომავალ წელს რესპუბლიკელებმა რომ მოიგონ არჩევნები და იმათმაც "დაგვადონ", მერე რაღა ვთქვა?! ისე, უკვე მაგისიც მეშინია...)
ჰო, ახლა ჩემი მორიგი "პოლიტიკური წინასწარმეტყველება": გუშინ უცნაური სიუჟეტი ვნახე "კურიერში" -მოსამართლე ურთმელიძის დაბარების გამო აღშფოთებული იუსტიციის საბჭოს წევრები და მთლიანად -იუსტიციის საჭოს სხდომიდან ლამის მთელი რეპორტაჟი. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ სტრუქტურის მიმართ (სიტყვის მასალად ვამბობ, თორემ ჩახედეთ შემადგენლობას და...), ცოტა არ იყოს, გადამეტებული მეჩვენა ძვირფასი საეთერო დროის ამ დოზით დათმობა მისთვის, მერე რაღაცები გამახსენდა და მივხვდი! მაშ ასე: "რუსთავი 2"-მა დაიწყო მურუსიძისა და სხვა მოსამართლეების ვირეშმაკული გაპიარება -როგორი "გულწრფელი აღშფოთებით" ბობქრობდა ეს კაცი და არ ეპუებოდა თავისი უშუალო უფროსის -ნინო გვენეტაძის "უზურპატორულ გადაწყვეტილებას" საბჭოში ურთმელიძის გამოძახების შესახებ (არადა, იმისთვის იბარებდა, ვინმე ზეწოლას ხომ არ ახდენსო, რომ გაერკვია)! ამ დღეებში კიდევ ერთი-ორჯერ გვაჩვენებენ მის "უკომპრომისობას", ოღონდ იმის თქმა დაავიწყდებათ, რომ მურუსიძე იყო გირგვლიანის საქმის შუბლისძარღვატროფირებული მოსამართლე, ვიღაცები ამას "ჭამენ" და მურუსიძე და კიდევ რამდენიმე მოსამართლე სულ მალე მთავარი კანდიდატები იქნებიან უზენაესი სასამართლოს წევრობისათვის. და მთავარი: მაქვს დოკუმენტები, რომ ეს ძალები სხვადასხვა ხერხით ლობირებენ გადაწყვეტილებას, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობა არა ათ, ან თხუთმეტ-წლიანი, არამედ სამუდამო თანამდებობა იყოს.
ჰიპოტეტური მაგალითით ვაზუსტებ განსაკუთრებით შტერებისთვის (ასეთებიც კითხულობენ ჩასაფრებულები და მერე მწერენ, -"ნაცებს" თავისი ცოდვებიც ეყოფათ, რაებს უგონებო): მიაკუთვნა "რუსთავი 2" ურთმელიძემ ხალვაშს, გაასაჩივრეს "ნაცებმა" სააპელაციოში, იქაც წააგეს, გაასაჩივრეს უზენაესში (ამასობაში როგორც გვარამიამ თქვა, გავწელავთ პროცესს და არჩევნებიც მოვაო), უზენაესში კი, მივლენ და დახვდებათ "მურუსიძე სასტავით"!
იცით, რა?! სიმართლე თუ გინდათ, დიდად არ მადარდებს, ხალვაშის იქნება ეგ ტელევიზია, თუ სხვისი, მაგრამ არაფრით არ მინდა, ჩემს შვილს რომ რამე გაუგებრობა შეემთხვეს, სამართლის საძებნელად რკინის ქალამნებით უზენაეს სასამართლომდე მისულს, იქ გირგვლიანის საქმის მოსამართლეები დამხვდნენ და თანაც "პაჟიზნენად" დანიშნულები! მერე რა ვქნა, რომ იქიდან მოშორდნენ, -დავხოცო?!
ამიტომ, ბატონებო, ცოტა ყურები გამოიბერტყეთ და მიხვდით, რომ "ფინტებს გიტარებენ" და ვინმეს რამე დაუჯერეთ.

პ.ს. ისე, ვინ უნდა მიხვდეს?.. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ხელისუფლების ერთ-ერთმა "ფეისმა" თქვა: ფრიდონ ჰაუსიო! ფრიდონი არა, ბოდიში და ტარიელ-ავთანდილი! ამასაც ხომ არ ვუწინასწარმეტყველო თოფაძესავით? ყველასთვის ასე აჯობებდა...
კარგი, ისევ სასამართლოს თემით დავასრულოთ. ინფორმაცია განსჯისათვის: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მავანმა ბიზნესმენმა სახელმწიფოს "ნებაყოფლობით აჩუქა" წინა ხელისუფლების დროს, ღამის სამ საათზე, მოულოდნელად გამოძახებული, ნახევრად ჩაცმული და ძილბურანში მყოფი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული საბუთით.




quTaiseli
19 ნოემბერი 2015 10:50
სახელმწიფო კიარ ართმევდა ადრე მიხუა ართმევდა რა სახელმწიფო რის სახელმწიფო მიხუინები მეფეს უძახდენ და იყო კიდეც მათთვის ისინი კიდე მეფის ვაზელინები და მორჩა.
დათო
18 ნოემბერი 2015 16:24
ძალიან, ძალიან ძლიერი ხარ პროვოკატორო. გაიხარე პროვოკატორო, პირდაპრ 10-ში ურტყავ.
ლადო
16 ნოემბერი 2015 16:38
პაპუაშვილს არ წაურთმევია, სახლემწიფომ წაართვა და პაპაუაშვილი ცხოვრობს ბათუმში ყოფნისას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა