ახლა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" "გურჯისტანის ვილაიეთად" გამოგვაცხადა... - უღიმილო "პროვოკაცია" - კვირის პალიტრა

ახლა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" "გურჯისტანის ვილაიეთად" გამოგვაცხადა... - უღიმილო "პროვოკაცია"

აბა, რომელ ჭკუათამყოფელს მოუვა თავში აზრად, რომ პარიზში მომხდარი უბედურების შემდეგ, ამ დღეების მთავარ თემად რამე სხვა დაასახელოს და არც მე უნდა ვიყო გამონაკლისი. არადა, ეს საშინელება რომ არ მომხდარიყო, ფეხბურთზე ვაპირებდი საუბარს, ქართულ ფეხბურთზე - კიდევ ერთხელ და ცოტა იმედიანადაც, მაგრამ კრიტიკითა და სსფ-ს ახალი ხელმძღვანელობისადმი კრიჭაში დგომის პოზიციიდან.

მაგრამ, ცხადია, ტერორისტულმა აქტმა ბევრი რამ გადაფარა, ყველა ჩაგვაფიქრა და გაურკვევლობისადმი შიშში ჩაგვყარა.

ასე რომ, დღევანდელ "პროვოკაციაში" თუ ღიმილის მომგვრელი ან "გულის მოსაფხანი" ვერაფერი ნახეთ, ნუ დამზრახავთ.

ამის მიუხედავად, არ გაგიკვირდეთ და რადიკალური ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხისა და ქართული ფეხბურთის ერთი "გადაკვეთის წერტილი" მაინც მომაგონდა და დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გადავწყვიტე, ამის შესახებ მეთქვა, თუმცა, სამწუხაროდ, ესეც დამაფიქრებელი ისტორიაა და საკუთარი თვალით ნანახ-გაგონილი რომ არ იყოს, არც მასზე გიამბობდით. ამაზე სულ ბოლოს...

სოციალური ქსელი, ჩვენდა სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, აზრთა ურთიერთგაცვლისა და ადამიანთა (ჩვენებურთა) ურთიერთობის ლამის მთავარ საშუალებად იქცა და პარიზის ამბის შესახებ სიახლეებისა თუ მოსაზრებების (როგორც "ფეისების", ასევე ჩვენნაირი მოკვდავების) გაგების საუკეთესო ადგილიც "ფეისბუკი" გახდა.

ამით ახალს არაფერს ვამბობ და თითქმის ყველა თქვენგანსაც ნანახ-წაკითხულიც ექნება ბევრი რამ და საკუთარი შეხედულებაც დაფიქსირებული, ამიტომ დღეს როგორც ერთი თქვენთაგანი, საკუთარ მოსაზრებას შემოგთავაზებთ ამ ყველაფერზე, აქედან - საქართველოდან დანახულ პარიზის ტერაქტზე, ჩემს შიშებსა და იმედებზე.

გინდ პროვოკატორი მეძახეთ და გინდ - შარიანი, მაგრამ დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ბევრმა ქართველმა კარგად ვერ გაიგო მომხდარის მთელი მნიშვნელობა და საფრთხე. მუდმივად დადარაჯებულ პოზიციაში მდგომ კრიტიკომანთა იაფფასიანი "არგუმენტები" მოვიყვანოთ: "აჰააა, ახლა გამოიფხიკა დასავლეთმა ყურები?! წინა დღეს ლიბანში რომ 60 კაცი მოკლეს, სამი დღით ადრე 200 ბავშვი რომ დახვრიტეს და ცოტა კიდევ ადრე რუსული თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს 220 მგზავრით, მაშინ რატომ არ ატირდნენ და "ავატარები" რატომ არ გაიფერადეს?!" და აქვე რაღაცნაირი, კომპიუტერის მონიტორზე დაწერილი სტრიქონებიდანაც კი "გამოჟონილი" კმაყოფილებით ნათქვამი: "ხოდა, ეხლა უყურონ პუტინს, როგორ უნდა სამაგიეროს გადახდა, გადახნავს იქაურობას!"

აბა, რა უნდა უპასუხო?.. თითქოს ყველაფერი სწორია და ამ "ლოგიკურობის" გამო კიდევ უფრო ცუდად გრძნობ თავს, იფიქრებ: პარიზისა და ვაშინგტონის გარდა, თუ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია დასავლეთს, მით უარესი ჩვენთვის - ბაზრობაზე შემოგვიგდებენ ბომბს თუ მეტროს ვაგონში, იქნებ "ევრონიუსმაც" კი არ გადმოსცეს მორბენალ სტრიქონშიო! "ზატო" აგერ, რუსეთი - დედას უტირებს თავისი მოქალაქეების გამო მაგ "თათრებს"! ეგ ქვეშაფსია ობამა, ეგა - ნახე, პუტინს თვალს რომ ვერ უსწორებდა პირისპირ საუბრისას?! და ა.შ. ზოგიერთის "ქვეშაფსიობას" რაც შეეხება, იქნებ ერთადერთი რამ იყოს, რასაც შეიძლება დავეთანხმო. არა, ერთადერთი - არა, მეორე ის არის, რომ "გადახვნაც" არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ მომკალით და მაინც აქვს მნიშვნელობა, ვინ "გადახნავს" - ეს ისეთმა უნდა გააკეთოს, რომელიც მერე თვითონ არ "მოუხნავს მინდორ-ველებს" ყველას (მათ შორის - ჩვენც).

მძიმე თემაა და არა ერთ საჟურნალე გვერდზე გასარჩევი, ამიტომ ამ პრობლემის "ქართულ ნაწილზე" ვიტყვი და დავასრულებ: ახლა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" "გურჯისტანის ვილაიეთად" გამოგვაცხადა, როდესაც ჩვენი ტვინ-გზა-არეული, ქართულ გვარ-სახელიანი თანამემამულეები, იქ ჩასულები, ვიდეომიმართვებში ყელის გამოჭრით გვემუქრებიან - ყველა "ურწმუნოს", ობამას და პუტინს თავისმა მოქალაქეებმა უკმიონ გუნდრუკი ან ასხან თავს ლაფი, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ კი აქაურ საქმეებს მიხედოს და არგუმენტი - "ჩვენ რა შეგვიძლია, პატარა ქვეყანა ვართ", არ შემოგვთავაზონ. ჭკვიანმა ხალხმა მითხრა, რომ პატარა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უფრო ადვილია, ამიტომ კეთილი ინებონ და ხელფას-პრემია-დანამატები ალალად გამოიმუშაონ.

პ.ს. ზემოთ ნახსენები "საფეხბურთო", ჩემი აზრით ძალიან, ძალიან საშიში ამბავი: რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოს ნაკრებს ტოპმიოლერი წვრთნიდა, ჩვენები თურქეთთან ერთად იყვნენ შესარჩევ ჯგუფში...

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რომ ლანძღვის ნიაღვარი წამოვა კომენტარებში, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, მით უმეტეს, რომ მოწმეებიც ცოცხლები მყავს და თვით ისინიც, ვისზეც ვამბობ, ვერ გამიბედავენ ამ ამბის უარყოფას (ოღონდ ამას "ახსნას" მაშინაც "უძებნიდნენ" და ახლაც "ხსნიან"): ერთ კონკრეტულ ქართულ სოფელში (არც პანკისში და არც აჭარაში), კონკრეტულ სახლში ვნახე 30-მდე კონკრეტული ადამიანი, ქართველი მუსლიმები, რომლებიც თურქეთ-საქართველოს მატჩში ერთხმად, ენერგიულად და ხმამაღლა (მოკლედ, ჯიგრულად, როგორც "საყვარელ გუნდს" ეკადრება), ქომაგობდნენ თურქეთის ეროვნულ(!) ნაკრებს საქართველოს ეროვნული(!) ნაკრების წინააღმდეგ!

ვისაც ეს სახელმწიფოებრივი პრობლემა არ ჰგონია, პირველმა მესროლოს ქვა...

(იხილეთ ასევე: რას ამბობს "ვიალიეთ ჯორჯიაზე" ისლამისტი ჭიღლაძე, რომელიც საქართველოს ისევ ემუქრება)