ერდოღანი მოერევა თუ პუტინი, ანუ ბორშჩი უკეთესია თუ ბუღლამა?!
ერდოღანი მოერევა თუ პუტინი, ანუ ბორშჩი უკეთესია თუ ბუღლამა?!
ახალი პროკურორი გვყავს. გენერალური პროკურორი თუ როგორც ჰქვია... ჰო, მთავარი პროკურორი. აწი ეშველება "სამართლიანობის აღდგენას" - ჩამორთმეული ქონებაც დაუბრუნდებათ ადამიანებს და დასასჯელებიც დაისჯებიან.

ჩამორთმეულ ქონებაზე გამახსენდა: ნაცებზე უკვე ვეღარც ვბრაზდები, პარლამენტში ამ მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას ისეთი სიბრიყვე თქვა კობა სუბელიანმა, რომ მაგათი ცოდვით დავიწვი - ეგაო ანუ შოთაძეო, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, იცით რა თანამდებობაზე მუშაობდა პროკურატურაშიო?! რაზეო და, ერთ-ერთი მთავარი "ქონების ჩამომრთმეველი" იყოო!

რაო, რაოოო?! აბა, არავისთვის არაფერი
ჩამოგვირთმევიაო?!

რა საყვარლად სულელები არიან...

ჰო, ამ, როგორც ვთქვით, "საყვარლად სულელობაში" ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან. აგერ, ახლახან, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა (ცხადია, "ოცნებიდან") ბრძანა, უპოვართათვის მოწყობილ სასადილოებში, ერთი ადამიანის გამოკვება სახელმწიფოს 1 ლარი და 18 თეთრი დაუჯდება და ამ ფასად ნაყიდ საკვებში ადამიანისათვის საჭირო კალორიულობა სრულად
იქნება დაცულიო.

საქმე ის არის, რომ მე, თქვენ - პატივცემულო მკითხველო ან ვინმე სხვა რიგით და უდანაშაულო მოქალაქეს სრული უფლება გვაქვს გაბრაზებისა და იმ რეაქციის, რომელიც ასე პოპულარული იყო პრესასა თუ სოციალურ ქსელში: "თქვენ თვითონ მიირთვით "ლარდვაცატიანი" საჭმელი და გნახავთ, როგორ გეყოფათ!" მაგრამ სუბელიანის მიერ შოთაძის "ჩაშვებისა" არ იყოს, ამ თანხის სიმცირის გამო ის "პოლიტ-სოციუმი" რომ აღშფოთდა, რომლის ზეობის დროსაც იგივე მაჩვენებელი 74 თეთრს, დიახ - არა 1 ლარსა და 18 თეთრს, არამედ 0 ლარსა და 74 თეთრს შეადგენდა, ამას რა დავარქვათ?! თუმცა, ხომ უკვე დავარქვით: საყვარლად სულელები... რა ქნან, ჟღურტულებენ რაც და როგორც შეუძლიათ...

სამშობლოს საზღვრებს მიღმა რა ხდება? უჰ, იქ ხდება, თუ ხდება: წაეკიდნენ ერთმანეთს რუსები და თურქები და აქ ზოგიერთმა ტაში შემოჰკრა - ახლა რუსეთი თურქეთთან ძველი ხელშეკრულების დენონსაციას მოახდენს და ჩვენ ტაო-კლარჯეთს დავიბრუნებთო!

ძალიან მაგარია! ნაცები იქით იყოს და, მგონი, ჩვენ, ქართველები ზოგადად ვართ "საყვარლად სულელები"! ამის შემდეგ ორ ბანაკად დაიყო ერი და ასევე სულელმა (ოღონდ არა - "საყვარლად") ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ საერთო-სახალხო გამოკითხვები ჩაატარა პირდაპირ ეთერში: "თურქეთი გირჩევნიათ თუ რუსეთი?", "ერდოღანი მოერევა თუ პუტინი?", "ლაჰმაჯუნი უფრო გემრიელია, თუ ბორშჩი?" და ა.შ.

ამასობაში კი, დიდი ხნის ნალოდინები ამბები ხდება ევროპაში და მგონი უკვე მეხუთედ გვაძლევენ რაღაც "მაპზე უკეთესს" და ევროპაში უვიზოდ სიარულსაც, რაღაც, გადადების პირი უჩანს... რას ვიზამთ, ქართველთა დიდი ნაწილი შავგვრემანია და არაბებს ჩამოჰგავხართ და უსაფრთხოების გამო ვიქცევით ასე, ცოტაც გვაცადეთო - ევროპელებმა.

ჩვენებურმა ისლამისტებმაც ცეცხლზე ნავთი დაასხეს ამ ამბავს და დღეს ბათუმში აყვანილი ოთხი მათგანის ამბავი "კურიერსა" და "მოამბეზე" ადრე "სი-ენ-ენ"-მა გადმოსცა...

ამასობაში, გუშინ "გამოჩეკილი" სახელმწიფო - მონტენეგრო, ფორსირებული ტემპით მიიწევს ევროსტრუქტურებისკენ და რა ვქნა, ვაღიარებ, ძალიან მეშლება ნერვები: მონტენეგროშიც ნამყოფი ვარ, ბოსნიაშიც და ალბანეთშიც და ვფიცავ ჩვენს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, რომელიმე მათგანი ჩვენზე "ევროპული" თუ იყოს, ნებისმიერ ასპექტში.

ამიტომ, ჩვენო კეთილო და დამსახურებულად არჩეულო ხელისუფლებავ, ძალიან გთხოვთ, ნუ გვაბოლებთ და პირდაპირ გვითხარით: თუ ვერ ახერხებთ ევროპელების "დაკერვას", ამ შემთხვევაში რას ვაპირებთ - "თურქეთი გვირჩევნია, თუ რუსეთი"?

პ.ს.. პროკურორი რომ გვყავს ახალი, ეს კარგია. ორი დღის წინ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონულ (მუნიციპალურ) ცენტრში, იმ რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე დააყაჩაღეს - სახლში შეუვარდნენ, ფული წაიღეს, სახლის პატრონებს სცემეს და მათივე მანქანით მიიმალნენ.

იმედი მაქვს, ამ წერილის გამოქვეყნებისას საქმე გახსნილი და დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან. თუმცა, ეს "იმედი მაქვს" სიტყვის მასალად ვიხმარე, არაფრის იმედი არა მაქვს, რადგან რამდენჯერმე მომიხდა ამ ბოლო დროს პატრულ-პოლიციელებთან ურთიერთობა...


იხილეთ ასევე: რუსეთი თუ თურქეთი?
lela
28 იანვარი 2016 11:37
რეზოს, შენ რა გაქვს შენი საკუთარი,თავი გაბია მართო
maxo
09 დეკემბერი 2015 16:19
ყველაფერს ის ჯობია რომ მეზობელს ან მეგობარს თუ ამხანაგს უკნიდან ზურგში დანას არ ჩაარტყავ ეს ჯობია ყველაფერს.
ალექს
09 დეკემბერი 2015 10:33
როგორც ირკვევა ზოგს ბოზმაშიც კი მოსწონს,უხაც,მე საცივი,ჩიხირთმა და ხინკალი 28 ნაოჭიანი მირჩევნია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები