გაჭირვებას გამოქცეული დიასახლისი და ხუთი უსაქმური მუტრუკი, ანუ ვიზალიბერალიზაციის უარყოფითი მხარეები - კვირის პალიტრა

გაჭირვებას გამოქცეული დიასახლისი და ხუთი უსაქმური მუტრუკი, ანუ ვიზალიბერალიზაციის უარყოფითი მხარეები

გასული დღეების ყველაზე გახმაურებულ ამბებზე წერას ვცდილობ ხოლმე "პროვოკაციებში" და დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სიამოვნებით გეტყოდით, რომ ჩვენი ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების გამო, ეს კვირა ერთ-ერთი ყველაზე "ნაკლებპროვოკაციული" იყო მას შემდეგ, რაც "გზა" გამოდის, თანაც ახალი წელი გვიახლოვდება და მოდი, კარგ რამეებზე ვისაუბროთ-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს თბილისში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ საინფორმაციო სივრცეში ვიზა-ლიბერალიზაციაც "გადაყლაპა" და სხვა ყველაფერიც.

ერთმანეთს კი არ ვუკავშირებ ამ ორ ამბავს-აბა, სად ევროპელთა ჩვენკენ (როგორც იქნა) კეთილი თვალით გადმოხედვა და სად-ეს ტრაგედია, მაგრამ რა ვქნა, როდესაც ცუდ ამბებს ვიგებ, "ხასიათში გადამდის ხოლმე და ამიტომ, საერთო სახალხო სიხარულის ტალღას გამოვაკლდები და ევროპასთან გაადვილებული (?) მიმოსვლის ცუდ მხარეებზე გავამახვილებ ყურადღებას.

ხომ დააკვირდით, შესავლის ბოლო წინადადებაში სიტყვა - "გაადვილებულს" კითხვის ნიშანი დავუსვი გვერდით. ჩემდა უნებურად მოხდა და შეიძლება, ბუნებრივიც იყოს - აი, "ფროიდისტულ" წამოცდენას რომ ეძახიან; არ მჯერა, რომ ძალიან გაადვილდება წასვლა და ერთობ სასაცილო (ვისთვის როგორ) სცენების მომსწრენი გავხდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებსა თუ საზღვრებზე: ჩვენებური "მომპარავი", რომელიც მესაზღვრეს უმტკიცებს, პარიზში ლუვრის სანახავად ჩამოვედიო; ან გაჭირვებას გამოქცეული, ხანში შესული დიასახლისი, ყოფილი ექიმი, მასწავლებელი თუ ინჟინერი, რომელიც საქართველოდან ხუთმა უსაქმურმა მუტრუკმა გამოაცილა, გახარებულები არიან - ვიზის გასაკეთებლად პროცენტით აღებული რამდენიმე ათასი დაეზოგათ; მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის გამო, ისევ გაპოპულარულებული "ოპელ ვექტრისა" და "ფოლკსვაგენ გოლფ 2"-ის ჩამოსაყვანად დაძრული ინდივიდუალი-ავტოდილერები და ა.შ. და რაც მთავარია: რასაც აქ საკონსულოს ოფიცერი აკეთებდა, იმ ფუნქციას ახლა მესაზღვრე და მებაჟე შეითავსებს და მერე ნახეთ თქვენ ცრემლების ღვრა და გულყრები-ბილეთნაყიდსა და სახლდაგირავებულს რომ უკან გამოაბრუნებენ და ხუთი წლით აუკრძალავენ საზღვართან მიახლოებას. მინახავს ასეთი სცენა - "გაშანშალებული ვიზა მაქვს პასპორტშიო, აწი, რაღა მიჭირსო-გამცილებელ ახლობლებს ეუბნებოდა ერთი ქალბატონი, თვითმფრინავშიც ჩემ გვერდით იჯდა და ცრემლებიც ღვარა-რა მეშველება, შვილიშვილი რომ მომენატრებაო, - მაგრამ ძალიან მალე ნახა შვილიშვილი - გერმანელმა მებაჟემ,-ორი კვირით თუ ჩამოხვედი, ორი სეზონის ტანსაცმელი რად გინდაო?-დაუძახა მესაზღვრეს და…გახსენებაც არ მინდა.

ცხადია, ასეთი ამბები ყველაფერს წყალში ჩაყრის, მაგრამ ქართველების ნიჭიერებას თუ გავითვალისწინებთ და დავიჯერებთ, რომ ყველა მათგანი მოახერხებს ევროპელი მესაღვრე-მებაჟის დაგოიმებას, იმ პირველივე დაშვებული 90 დღის გასვლის შემდეგ, მალევე რომ დაიდება სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენი პროცენტი დარჩა უკვე იქ, ამას რა ვუყოთ? უკვე ცხადად მაქვს წარმოდგენილი, კანდელაკის, ჩიორასა თუ ძმათა მათთა გაბადრული სახეები და ევროსტრუქტურების დერეფნებში სუნსული-ხომ გეუბნებოდით "ქოცისტან-საქართველოს" მოქალაქეებისთვის ჯერ ადრეა ეს შეღავათები და სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ხელისუფლებაში, ყველა თქვენი სიკეთე წყალში ჩაყრილი იქნებაო.

ფეხებზე ჰკიდიათ იქ კანდელაკიც, ჩიორაც და სააკაშვილიც, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეგეთები ვერ შეაცვლევინებენ, მაგრამ საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებენ და მერე დაიწყება ყველაზე ცუდი: ვიღაცებს "გაახსენდებათ": "თვალი დაუდგეს ევროპას", აგერ, "ერთმორწმუნემაც" გაგვიიოლა ვიზები, თითო ბოთლი "კანიაკი" გავიყოლოთ და "დავგაზოთ" ტამბოვში-ნაშებიც იაფია, მოსაპარიც არის, მივდგებ-მოვდგებით, "პალაჟენიას" დავაყენებთ.…

ვამარტივებ და ვაშარჟებ ვითომ, მაგრამ ჩვენი იღბალი რომ ვიცი, ეს სიკეთე მართლა უბედურებად არ შემოგვიბრუნდეს, ძალიან მეშინია. ხელისუფლების მიკვირს განსაკუთრებით-დიდი ამბავი და მილოცვა-თავის დაკვრებში რომ არის (გასაგებია, რომ ყველა ევროდავალება ხუთიანზე შეასრულეს და მართლა დამსახურებულად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ), რაც მე ზემოთ დავწერე, იმისი რატომ არ ეშინია? რა, უკვე მოაგვარა ყველა პრობლემა და ქართველებს ისე გაგვიხადა საქმე, მხოლოდ ტურისტად სჭირდებათ ევროპაში წასვლა?

პ.ს. რა ვუყო ამ ოხერ ჩემს გულს-არ მინდა, ძალიან შეგაშინოთ და ბოლოს მაინც სახალისო ამბით დავასრულებ: გუშინ მეგობარმა ტელეფონით ჩაწერილი საუბარი მომასმენინა (სომხურად!)-როგორ დასცინოდა ამის მეზობელი სომეხი (აქაური, თბილისელი, ჯიგარი) თავის ერევნელ ბიძაშვილს-ოე, ჩარჩენილო, მოგი...ან პუტინი, ლუქსემბურგში უნდა წავიდე და თუ გინდა, "ჟუვაჩკებს" ჩამოგიტანო.