"თეთრი" პროვოკაცია, ანუ როცა ახალი მთავრობა თან ახალია, თან - არა - კვირის პალიტრა

"თეთრი" პროვოკაცია, ანუ როცა ახალი მთავრობა თან ახალია, თან - არა

ესეც ახალი წელი და იმდენი თოვლი, რომ არაფერში ეტევა (ოღონდ, თბილისის გარეთ) -თუ ახალი წელია, ახალი წელი იყოსო, -და დაგვაფერთხა ბუნებამ მთელი წლის თოვლის მარაგი.

ყოველ შემთხვევაში, გურიაში ასეა და, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც მაინტერესებს ახლა, სხვაგან რა ხდება (ბოდიშს გიხდით ყველას) და რაც უფრო დიდხანს დავრჩები აქ "გამომწყვდეული", უფრო კმაყოფილი ვიქნები.

სხვათა შორის, "საქმისთვისაც" ასე აჯობებს: დედაქალაქური ამბებისთვის თვალის დევნება აქედან უფრო საინტერესოა და შეფასებაც უფრო "ფხიზელი"...

მაშ, ასე: ახალი მთავრობა გვყავს და ახალი წელიც გვაქვს! ეს კარგია. ცუდი ის არის, რომ ახალი მთავრობა მთლად ახალი არ არის და რატომ იმუშავებს, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი კვირიკაშვილის "ხელში" უკეთესად, ვიდრე "ღარიბაშვილობისას" და რატომ გამყარდება ლარი, ვერ ვხვდები; ან ახლა რატომ გადაწყვეტს განათლების მინისტრი საქმის კეთებას და აქამდე რა უშლიდა ხელს, რომ მოსწავლეები სკოლის დერეფნებში არ ეწეოდნენ სიგარეტს და არ ეუზრდელებოდნენ მასწავლებლებს, ხოლო დირექტორები ამ ყველაფერზე თვალს არ ხუჭავდნენ ვაუჩერის მოკლების შიშით; ან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს რატომ უშლიდა ხელს ღარიბაშვილი, რომ რამე ეღონა, საფეხბურთო სკოლების ადგილზე კორპუსები რომ არ აშენებულიყო?! მოკლედ, ყველაზე შეიძლება, ერთი-ორი ტკბილი სიტყვის თქმა, მაგრამ იმხიარულონ ჯერ, პრემიები შეირგონ, გოჭ-საცივი მოინელონ და მერე ვილაპარაკოთ...

აქ კი, 2016 წელს (უბრალოდ "ახალ წელს" არ ვამბობ, იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ზოგიერთებს გაახსენდეთ, უკვე კარგა ხანია, 21-ე საუკუნე რომ არის) ათეულობით სოფელი უშუქოდ შეხვდა! რას ვიზამთ, დიდი ხანია ცნობილია, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს – ეს თოვლი მართლაც ლამაზია და თუ ასარჩევად იქნება საქმე, ერთი-ორი დღე მართლაც ამას აირჩევს კაცი, ვიდრე -შუქს, ტელევიზორს და ქართულ საახალწლო გადაცემებს, მაგრამ ბატონო ენერგომამებო! იცით თუ არა, როგორ ახსნა უშუქო ახალი წელი დასავლეთ საქართველოში თქვენ მიერ ნაქებმა კომპანიამ, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებთ და უკონკურენტოდ ამარაგებს (ამას თუ მომარაგება ჰქვია!) თბილისის გარეთ მთელ საქართველოს?! რაო და, - რა ვქნათ, დაზიანდა გადამცემი ხაზები, თოვლი მოვიდა და აბა, რა იქნებოდაო!

თოვლი მოსულა! ზამთარში! ასე თქვა "ენერგოპრომ"!

და ეს იცით, რისი ბრალია? მე ვხვდები დაახლოებით და გეტყვით: ათასნაირი მარეგულირებელი კომისია რომ გვაქვს და მისი წევრები რომ იმხელა ხელფასს იღებენ, თვითონვე რცხვენიათ, - აი, მაგ მარეგულირებელ კომისიას ერთხელ მაინც უფიქრია, რომ თუკი "ენერგოპრო" სოფლელ პენსიონერს ხუთთეთრიანი დავალიანების გამო დენს უთიშავს, თვითონ თუ ისჯება რამით, როდესაც პატიოსან გადამხდელებს ახალ წელს ბნელში ტოვებს?!

ბოდიშს გიხდით, რომ ამ თემას შევალიე მთელი გვერდი, მაგრამ ძალიან მთხოვეს და მართალია ეს ხალხი: რა ჩემს ფეხებს არეგულირებს ეგ მარეგულირებელი კომისია ("სემეკი" ჰქვია, ხომ?), ეს საქმე საქმე არ არის? მიწოდების რაოდენობაა მხოლოდ მნიშვნელოვანი და ხარისხი -არა? ერთმა აქაურმა მოსწრებულად მითხრა: ეგ რომ დენს გვაწვდის, იგივეა, ჩვენ რომ ყალბი ფული გადავუხადოთო...

P.S. სიგარეტის ავარდნილ ფასზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ აქ არ არის აქტუალური - მხოლოდ ძვირ სიგარეტს შეეხოო (მე პირადად, არც ძვირი მეხება და არც იაფი), თანაც, ამაო პანიკა აღმოჩნდა, მგონი; მართვის მოწმობების 100-ქულიან სისტემაზეც მინდოდა რაღაცის თქმა და ეგეც ტყუილიაო - ჯერ არც ეგ შესულა ძალაში.

ასე რომ, ველით შობას, ვქეიფობთ, მერე "ძველ ახალ წელს" - ისევ ვქეიფობთ, მერე დავსხდეთ და დინჯად "დავგეგმოთ" მომავალი წლის "საპროვოკაციო გეგმა".

P.S. ბოდიშს გიხდით, რაღაცნაირი გაუგებარი "პროვოკაცია" გამომივიდა, "თეთრი ლექსივით". ალბათ თოვლის ბრალია... თანაც, კალმით, კომპიუტერის გარეშე რამდენი წელია, არ მიწერია...