აბა, პროგრამა ათი ათასად! - მისმენთ, ბატონო ლეონიდ?! - კვირის პალიტრა

აბა, პროგრამა ათი ათასად! - მისმენთ, ბატონო ლეონიდ?!

საახალწლო დღეები ისევ ძალაშია და შესაბამისად, მხიარული განწყობა შენარჩუნებული მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, არც თქვენ გაგიფუჭოთ გუნება და არ დავიწყო იმაზე წუწუნი, რომ ლარის კურსი 2.45 გახდა, რომ თამბაქოს და კიდევ რაღაცების ფასები გაიზარდა, რომ ამ ნალექების შემდეგ, გზებზე "იმკების" რაოდენობამ ავტომობილების რაოდენობას გადააჭარბა, რომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემებია და ა.შ. ჩემი დღევანდელი პროვოკაცია კი მინდა მივუძღვნა ერთ "ლაით" ამბავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

საქმე ეხება, ახალჩამოყალიბებული პარტია "ბედნიერი საქართველოს" ლიდერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ გამოცხადებულ, მეტისმეტად საგულისხმო კონკურსს. ეს ჩერნოვეცკი ხომ იცით, რომელია? აი, ის, მიშაში რომ გავუცვალეთ უკრაინას და ახლა აქ რომ ცხოვრობს და პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს. მოკლედ, ბატონმა ჩერნოვეცკიმ გამოაცხადა კონკურსი შემდეგი პირობით: ვინც ჩემი პარტიისთვის საუკეთესო საარჩევნო პროგრამას დაწერს, იმას ათი ათასი ლარით დავასაჩუქრებო. იცოცხლე, კარგი ფულია დღეს ათი ათასი (ისე, გამოგიტყდებით და, თავიდან მეც წამძლია სულმა, ხომ არ დავწერო და ფული ვიშოვო-მეთქი, მაგრამ ცოტა წინ გავიხედე და გადავიფიქრე: წარმოიდგინეთ, მართლა რომ მოეწონოს და გავიმარჯვო, მერე ამ პროგრამით ლეონიდმა და მისმა პარტიამ რომ გაიმარჯვოს არჩევნებში, მერე ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, რაღა მეშველება?! ჩემი დაწერილი პროგრამით მოსულ მთავრობას ხომ ვეღარ დავუწერ "პროვოკაციებს"!) მაგრამ არა მგონია, ამ საქმიდან რაიმე გამოვიდეს.

ეჰ, ლეონიდ ჩემო, ბედნიერი საქართველოსთვის რა არის საჭირო, რომ ვიცოდეთ, 25 წელი "ჯოს! ჯოს!" და "გადადექი! გადადექი"-ს კი არ ვიყვირებდით. უკვე აღარც პარტიები გვეხატება გულზე, მეგობარო, სადაც ერთი და იგივე ხალხი შედის და გამოდის... თუ არ გჯერა, ჰკითხე შენი ახალი პარტიის წევრებს, ბლომად გყავს უკვე ეგეთი.

მოკლედ, რა მინდა გითხრა და გირჩიო: გაუშვი ეგ ათი ათასი ქველმოქმედებაში, შეეშვი მაგ პარტიის პროგრამასაც და პარტიასაც, იცხოვრე ქობულეთში, დატკბი ჩვენი ქვეყნის სილამაზით, აკეთე ბიზნესი, იყავი მშვიდად და უზრუნველად, თორემ, რომ აგირჩიონ, იმ იპოთეკარებმა ქობულეთის გზაც მშვენივრად იციან.

პ.ს. მე მგონი, უკვე თვითონ ლეონიდი ჰყავთ მაგარი "დაბოლებული" ვიღაცებს, _ არიქა, კონკურსი გამოაცხადე პარტიისთვის საარჩევნო პროგრამის დაწერაზე, ავარჩიოთ საუკეთესო და გავიმარჯვებთ არჩევნებშიო! რომელი არჩევნები მოიგო აქ პარტიამ კარგი პროგრამის გამო, თუ იცით ვინმემ?

პ.პ.ს. ისე, იცოდე, ბატონო ლეონიდ, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და რაც უნდა თქვა, როგორც პოლიტიკოსმა, თქვენები რომ ეძახიან იქ, უკრაინაში ჩვენსას, თქვენ იმას არასოდეს გეტყვით.