"როგორ, როგორ, როგორ ავაყვავოთ სოფელი", ანუ ვინ უმღერა ბიძინას "მხოლოდ შენ ერთს" - კვირის პალიტრა

"როგორ, როგორ, როგორ ავაყვავოთ სოფელი", ანუ ვინ უმღერა ბიძინას "მხოლოდ შენ ერთს"

დაილოცოს "ფეისბუკი"! კიდევ ლარის კურსზე მომიწევს პროვოკატორობა-მეთქი, რომ ვიფიქრე, სწორედ მაშინ ვნახე ე.წ. ვიდეო სათაურით - "გამგეობის თანამშრომლებმა გამგებელს სიმღერა მიუძღვნეს".

პროვოკატორს რა უნდა და, ასეთი სათაურიო, - გაგიგონიათ ალბათ ასეთი ანდაზა. ჰოდა, გავხსენი სასწრაფოდ ვიდეოფაილი და მსუყე ლუკმის მოლოდინში გავინაბე. მსუყეზე მეტი აღმოჩდა ლუკმა, ათას პროვოკატორობაგამოვლილი კაციც კი გავოცდი და გადავირიე, ისეთი ვიდეო იყო: იდგა სცენაზე გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი და გამგებელს უმღეროდა ასეთი ტექსტით:

"ბატონო გამგებელო,

ჩვენს გარეშე ძნელია,

როგორ, როგორ, როგორ

ავაყვავოთ სოფელი?

ეს ხომ ჩვენი მიზანია

და ოცნება ცისფერი,

ჩვენო დიდო, კარგო

გამგეობის თავკაცო,

და გამგებლის მოადგილევ,

არასდროს არ დაივიწყო"

ჯერ გამეცინა, მერე გამეღიმა, მერე გავბრაზდი და დიდი კახი კავსაძესავით მეც აღმოხდა - არასდროს არაფერი არ გვეშველება!

ჩემო კაი მკითხველო, ახლა ცოტა ხანს მიატოვთ ჩემთან ერთად ეს ამბავი და სხვა ამბავი განვიხილოთ: სულ ახლახან "ქართულმა ოცნებამაც" იქეიფა საგურამოში და თვით ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა თურმე სუფრას, აუკრებიათ ჩვენს მმართველებს კაცზე 100 ლარი (თუ ცოლიანად იყავი - ორასი) და უქეიფიათ. როგორც ხმა გამოვიდა, ბიძინას ფული არ დაადებინეს, (თორემ ექნებოდა ახლა 6 მილიარდ 999 მილიიონ 999 ათას 800 ლარი). როგორც გავიგე, ქეიფი კარგი გამოსულა. რატომ არ გამოვიდოდა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და სპორტსმენებმა პარლამენტში არ იციან რა აკეთონ, თორე ქეიფში და დროს ტარებაში, იცოცხლე...

ისე კარგად უცეკვიათ და უმღერიათ, კინაღამ გადაუფიქრებია ბატონ მოქალაქეს მათი სიაში არ შეყვანა, მერე ამდგარა და საერთოდაც, მსახიობებისა და კულტურის მუშაკების სადღეგრძელო შეუსვამს. ამის გაგონებაზე, წამომხტარა პროფესორი გუგული მაღრაძე და - მე რა, ნაკლები სიმღერა ვიციო?! დაუვლია ხელი გიტარისთვის და მთელი საათი თურმე "მხოლოდ შენ ერთს" უმღეროდა.

მოკლედ, ისე მოსწონებია ბატონ მოქალაქეს მათი ლხინი და ქეიფი, რომ ალბათ ისევ შეიყვანდა ახალ საპარლამენტო სიაში უკლებლივ ყველას, მაგრამ ამ დროს, ბედად, კვირიკაშვილს ეკონომიკასა და კონსტიტუციაზე ჩამოუგდია საუბარი და დარბაზიც გასუსულა. აი, ამ დროს მიხვდა ბატონი მოქალაქე, რომ სიების განახლების შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა შეეცვალა (ჯიგარი ხარ, კვირიკ!).

ძვირფასო მკითხველო, მე რომ არ დავაკავშირო პირველი ამბავი მეორე ამბავთან, დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე დააკავშირეთ და დასკვნებიც გამოიტანეთ, მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიტყვი: ცნობილი სიმღერა: "მიშა მაგარია" გრძელდება! უბრალოდ, რეინკარნაცია განიცადა და მხოლოდ სახელები შეიცვალა. ჰოდა, მეგობრებო, ამ კურთხეულ ქვეყანაში, სანამ შეყვარებულზე უფრო მეტ სიმღერებს გამგებლებს, პრეზიდენტებსა და პრემიერებს მიუძღვნიან, მანამ არასოდეს არაფერი გვეშველება (ჯიგარი ხარ, ბატონო კახი!).

პ.ს. ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ ვიღაც ობივატელი მეტყვის, - რა იყო შე კაცო, რა ამბავი ატეხე, მერე რა, ლექსები და სიმღერები თუ მიუძღვნეს ვინმეს, ეგრე შოთა რუსთაველმაც მიუძღვნა იმხელა პოემა თამარ მეფესო, მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს, ნეტა "ვეფხისტყაოსნისნაირი" დაწეროს ვინმემ ან თამარ მეფისნაირი მოვიდეს პირველ პირად და ჩემდა თავად ხმის ამომღების დედა ვატირე!!!

პ.პ.ს. ბოდიშს გიხდი, მკითხველო, კიდევ მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ მეჩქარება, კორპორაციული საღამოს ვაწყობთ და რედაქტორზე სიმღერა მქავს დასაწერი...