აქა ამბავი ბანკისა, "ნაშისა" და შვეიცარიისა, ანუ "მაგარი დაგვერხაააააააააააააა!!!" - კვირის პალიტრა

აქა ამბავი ბანკისა, "ნაშისა" და შვეიცარიისა, ანუ "მაგარი დაგვერხაააააააააააააა!!!"

"ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო", "მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო", "ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო"... შენთვის არ ვწერ ამ ანდაზებს, ჩემო მკითხველო, ბანკებისთვის ვწერ. იქნებ ამ ანდაზებით მაინც გავაგებინოთ დაახლოებით 800 000-მა კაცმა, რომ ცოტა ჩვენკენაც მოიხედონ, მილიარდობით მოგების ნაცვლად, მილიონობით მოგება ნახონ, თორემ, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის ფრაზა: "კიდე თუ აიწია დოლარმა, მე გადამხდელი არა ვარ და წაიღონ ჩემი ბინა მაგ ჩემისებმა" (ცოტა სხვანაირად ამბობენ, უბრალოდ, მე მაქსიმალურად კულტურულად დავწერე).

ჰოდა, გავყვეთ, ბანკებო, ლოგიკას: თუ ვერავინ გადაიხადა სესხი, რა მოხდება მაშინ? კარგი, დავუშვათ, გამოაგდეთ ხალხი ბინებიდან, მერე? ვინ იყიდის 800 000 ბინას? მე პირადად, ერთი მოქალაქის გარდა, ეგეთი არავინ მეგულება და იმასაც აქვს უკვე ბინა, თანაც - არაერთი და არა მგონია, თემქის და ვარკეთილის ყავლაშვილის პროექტის ბინებით დაინტერესდეს. ასე რომ, იფიქრეთ, ან პროცენტი დასწიეთ, ან გადაუვადეთ სესხები, ან ხადური მოხსენით, ან რა ვიცი, რაღაცა ქენით, თორემ მალე ასეთ განცხადებას ვნახავთ გაზეთში: "ბანკი ყიდის ჩეხურ სამოთახიანს 120 დოლარად, რეალურ მყიდველს დავუკლებთ".

ახლა მაპატიე, მკითხველო, და ცოტა ნერვები უნდა მოგიშალო. გამოქვეყნდა სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია, რომ ლარის გაუფასურების გამო ბანკებმა ნახეს კოლოსალური მოგება, ანუ რა გამოდის - ეს ხადური ბანკისთვის გადასარევი კაცია, არც ქადაგიძე ჩანს ცუდი ბიჭი, მაგრამ, ერთი ხალიანი პოლიტიკური ლიდერის არ იყოს, "ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?" წავიდეთ ვროპაში, არ წავიდეთ... რომ დავრჩეთ, ბანკის ვალს ვინ გადაიხდის? რომ წავიდეთ იქ, რა ვაკეთოთ? მოკლედ, "ფესბუკურად" დავწერ: "მაგარი დაგვერხაააააააააააააა".

ისე, რაში გვაქვს ბედი ქართველებს? ჩვენი სოლოლაკელი მოქალაქე საბჭოთა კავშირზე ამბობდა, მაშინდელივით საინტერესო უნდა იყოს ცხოვრებაო. "ვოლგაზე" ამბობდა, - ის სუნი ახლაც მახსოვს, რა მაგარია, ბიჭოო... მოკლედ, ყველაფერი თუ მოგწონს ძველებური, შე კაი დედმაშვილო, სტალინი რატომ არ მოგწონს? აიღე მუშტი, დაარტყი მაგიდაზე და გინდა, "რასტრელიატ" თქვი  ამ ბანკებზე, კაციშვილი მაგათი დაცველი არაა, პირიქით - შენზე ლოცვასა და ქებაში გავატარებთ დარჩენილი სესხის ვადას.

ახლა სხვა საკითხზე მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო. სულ ახლახან ერთ-ერთმა ექსპერტმა გაავრცელა მოწოდება, არ გადავუხადოთ ბანკებს ახალი კურსით, რადგან კოდექსში არის მუხლი, სადაც წერია, რომ ვალუტის კურსის ცვლილების შემთხვევაში, მსესხებელმა ბანკს იმ კურსით უნდა დაუბრუნოს სესხი, რომელიც იყო დაფიქსირებული სესხის აღების დროს, ხოლო მეორე კანონში წერია, რომ საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო ვალუტა არის ლარი. ეს ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა და ხალხს იმედი ჩაესახა. მაპატიეთ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ: ნორმალურ ქვეყანაში ამ მუხლით მართლა შეიძლებოდა რაღაცის მიღწევა, ჩვენში კი, კოდექსი კი არა, კონსტიტუცია რომ იწყებოდეს ასე: ბანკებო, ხალხს ძველი კურსით გადაახდევინეთ დავალიანებაო, - დამერწმუნეთ, მაინც ისე გადაგვახდევინებდნენ, როგორც მათ აძლევთ ხელს.

პ.ს. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია - შვეიცარიაში ივნისში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება, მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა, ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 2.500 შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 2.250 ევრო) მიღება? ეჰ, არადა, ბანკები მანდ არის, თუ არის...

პ.პ.ს. სტატიის წერისას "ესემესი" მომივიდა, რომელიც ასე იწყებოდა: "ძვ. კლიენტო, აიღეთ იპოთეკური სესხი მარტივად, აირჩიეთ ნებისმიერი ჩვენი ფილიალი..." გამეღიმა, ნაშებს კერავენ ასეთი "ესემესით": "ჩემო ძვირფასო, ამ საღამოს რას აკეთებ? აირჩიე ნებისმიერი რესტორანი". ალბათ ხვდებით - თანხმობის შემთხვევაში, როგორც პირველ, ასევე მეორე "ესემესს" ერთნაირი "კანცოვკა" აქვს.