ოღონდაც იქმნას ნათელი - როგორ დასრულდება "სოროსელებისა" და "პივისტების" ირიბი თუ პირდაპირი ომი?! - კვირის პალიტრა

ოღონდაც იქმნას ნათელი - როგორ დასრულდება "სოროსელებისა" და "პივისტების" ირიბი თუ პირდაპირი ომი?!

ამოვიდა ყელში რესპუბლიკელებისა და თოფაძის დაპირისპირება. მოძველებული და დავიწყებული გვგონია ეს თემა და ბრაახ! ისევ "სოროსელებისა" და "პივისტების" ირიბი თუ პირდაპირი ომი იწყება. რესპუბლიკელებს დიდი მხარდაჭერა აქვთ "იმის" და გულზე ხეთქავენ კოალიციის "ინგრედიენტებსო".

კოალიციის ერთიანობის შესახებ ზღაპარს ახლა ვინღა იჯერებს? თქვენც დამერწმუნებით, ბატონებო, ერთი პარტიაც რომ იყოს მმართველი, წინასაარჩევნოდ ერთმანეთის ჩაძირვას რამდენი მოინდომებს? აღარ გვინდა ახლა ფაქტებით დამოწმება, გვინახავს და გვსმენია. ახლა ამხელა პოლიტიკურ აჯაფსანდალში ზურგს უკან რამდენი სამარის გათხრა იქნება დაწყებული?! რაღაც საეჭვოდ, გოგი გაჩუმებულია. ნეტავ ვინ უთხრა, რომ დუმილი ოქროა რჩეული? თუმცა, მეტი რაღა უნდა ეთქვა? არჩევნებს, როგორც ხელისუფლების მოყვანის საშუალებას, აყალბებს თავდაცვის მინისტრიო! კიდევ სადღაც გავიგონე, გიგლას მეტყევეები ჰყავდა დარაზმული, მართალია, ჯარისკაცების ოდენი არ იყვნენ, მაგრამ მეტყევეებსა და პენსიის დამტარებლებს ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდათ ელექტორატზეო...

ეს არ იყო კოალიციის შიგნით დაპირისპირება, ეს კურსებს შორის წინააღმდეგობის გამოვლინება იყოო, - ბრძანა უსუფაშვილმა. გასაგებია, რესპუბლიკელები დასავლური ორიენტაციისა და "მრეწველები" - ჩრდილოური, მაგრამ პოლიტიკური მიმართულების ჯახანი ყურს უფრო არ ჭრის, ვიდრე არასწორი განცხადების სიბერისთვის გადაბრალება? თანაც, ესეც ჩვენი დავითის ნათქვამი არ არის, - გოგი წასვლას აპირებდაო?! ცხონებული შევარდნაძის არ იყოს, სახლში წასვლას გულისხმობდა ნომერ პირველი პარლამენტარი, აბა, სად ჯანდაბაში აგზავნიდა გოგის?!

ცალკე "პატრიოტთა ალიანსი" ამბობს, რესპუბლიკელების პროკურატურაზე ზეწოლა გაძლიერდა და კინო აწი დაიწყება, ჯერ ჟურნალიაო.

ასე პოპულარულები რატომ გახდნენ რესპუბლიკელები? ანტიპიარითაც კი პიარს უკეთებენ მაგათ და თვით ბუკას უსასტიკესი ცემა და დაჭრაც კი უფრო უფერულია ამ ღვთის პირისგან გადავარდნილების ფონზე. კი დაუშვა შეცდომა რომელიღაც "ოცნებელმა", ადრეც ხომ გაძუყნეს პოლიტიკოსები, "დაჟე" ედუარდს ტერაქტებიც მოუწყვეს, მაგრამ რა ვქნათ, ქვეყანა ხომ არ დაიქცაო? მართალია, ალასანია იძახის, - პრემიერს უნდა შევხვდეთ და ამ საკითხზე ვესაუბროთო, მაგრამ რამდენჯერაც კრიმინალიც მოხდება, იმდენჯერ თუ კვირიკაშვილს მიაკითხეს, საშველი მაინც არ იქნება! ახლა გაღიზიანებული სახე არ დავინახო! ყველა მოქალაქე თანაბარუფლებიანია და მე რომ მცემონ, კვირიკაშვილს ვინ მიაკითხოს, ჩემმა რედაქტორმა?! ან იმ მეკარტოფილეებს ვინ გაუწევს პროტექციას, ამას წინათ შოროპნის ახლოს ტომრები რომ წაართვეს და კარგადაც უთაქეს გვერდებში?!

ტყიბულელი მეშახტეები ისევ თანადგომას ითხოვენ და ამ დროს, პარლამენტი ისევ მთქნარების რეჟიმშია! ახალი საგანი უნდა დავამატოთ, "მე და საზოგადოება" ერქმევა და სულ საჭირო რამეებს ვასწავლითო; ტოლერანტობა და ლიბერალიზმი არ გაგვაგონოთო, - მოთქვამენ ერთი მხარის წარმომადგენლები, - ეგ პედერასტობის წახალისებააო. მეორენი ამტკიცებენ, - ოღონდაც ეგ საგანი შეიტანონ კლასში და ავყვავდებით, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდება ეგრევეო. ისე, ვინმემ იკითხა, სკოლებს ფაცხაფუცხით პედაგოგიური საბჭოს სხდომები რომ მოაწვევინეს და მოაწონებინეს ამ სასწავლო საგნის სასწავლო გეგმა?!

ამდენი ნეგატიურის მერე ერთი სასიკეთო მაინც დაანონსდა: სანდრა რულოვსი იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ნომერ პირველიო. ეგებ და კი ასრულდეს ოდესმე ნაწინასწარმეტყველები - საქართველო მაშინ გაბრწყინდება, ქალი როცა იქნება პირველი პირიო! ოღონდაც იქმნას ნათელი და თუნდაც "რკინის ლედი 2" იყოს სინათლის მთავარი წყარო!