ოღონდ კი, მარგველ, შენ გქონდეს სექსი! - კვირის პალიტრა

ოღონდ კი, მარგველ, შენ გქონდეს სექსი!

ძალიან საინტერესო დღეები მივაბარეთ წარსულს. კვირის მთავარი თემები იყო ფარული ჩანაწერები, უნივერსიტეტის მოვლენები და "რუსული ჩექმის" გორისკენ გადმოადგილება. გაეროს, ევროკავშირისა და გორის თვითმმარველობა აღშფოთდა, მაგრამ არა ისე, როგორც სექსმა და უნივერსიტეტმა აგვიდუღა მოთმინება.

რას ჰქვია, ფარულ ჩანაწერზე საინფორმაციო სააგენტო თუნდაც ირიბად ხმას იღებსო და იუსტიციის მინისტრმა, მაგ სააგენტოს ბოიკოტს გამოვუცხადებო. ცალკე "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" ერთ მუშტად დადგა ნიფხვების სადარაჯოზე (დაავიწყდათ, ეთერით ნაჩვენები შალიკიანი, ოქრუაშვილის მიერ ბორდელის "აღების" ფაქტი...) და "ენჯეოებმა" ცალკე გამოაცოცხლეს "ეს შენ გეხება".

თვით გაწონასწორებული კვირიკაშვილიც კი ვერ ფარავდა "აღშფრთოვანებას" და თითქმის მთელი მინისტრთა კაბინეტი აჰყვა მჯიღების მკერდში ცემაში. რასაკვირველია, განათლების მინისტრმაც წარბშეურხელად გამოხატა პროტესტი და მერე, მოგვიანებით (სამუშაო საათების დასრულების მერე - კარგად დაიმახსოვრეთ, უმადურებო!) უნივერსიტეტსაც მიაკითხა. მართალია, უშედეგოდ, მაგრამ ხომ შეიწუხა თავი? ამიტომაც ეკუთვნის სახელფასო დანამატი! კიდევ იმისთვისაც, ორი მრჩეველი რომ ჰყავსო... თითქმის 35 ათასი ლარი მიდის ამ მრჩეველთა ჯიბეში ხელფასის სახით და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ან არაადეკვატური ტესტირება ჩაუტარონ მასწავლებლებს, ან კიდევ -რაღაც გაუგებარ სქემაში ჩართონ მორჩილი ელექტორატი?

ზნეობისა და ადამიანთა უფლებათა სადარაჯოზე მდგომებმა ხელისუფლებას შეჰყვირეს: პოლიტიკურ ძალთა დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, თორემ მიიღებთ სექსუალურ რევოლუციას! ვერ ეღირსება ბიძინა ჩვენს ზნეობრივ სიკვდილსო!

ღარიბაანთ ბიჭის კადრების წმენდა დაიწყო წინასაარჩევნოდ, გუბერნატორებით დაიწყეს და სოფლის გამგებლებით დაამთავრებენო! ცალკე ეს გვაქვს სადარდებელი! ვიღაც თვლის, რომ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის ამოქმედდა კანტორა "მეგის ქარდავა ფიქჩერსი" და რაღა დისკრედიტაცია სჭირდება ამ კოალიციას, როცა გოგი თინას ადანაშაულებს, მეჭიაური რესპუბლიკურ პარტიას იარებს უღრმავებს და ეკონომიკა ლარივით ნულისკენ მიისწრაფვის! მავთულხლართების გადმოწევის საკითხი არ გვაღელვებს! ზაქარეიშვილის ლოგიკით, მავთულხლართი არ შეიძლება იყოს ქვეყნის მტერი და მოვიდეს ზნეობრივად სუფთა რუსეთი, ოღონდ ნუ იქნება გათახსირებული დასავლეთი (ეს უკვე ვასაძის აქსიომაა).

რამდენი უნდა იდარდოს კაცმა? ოდესაში გუბერნატორის წინააღმდეგ ქართველი "ბუნტოვშიკების" ექსპორტი იწყება და მას კიდევ სიკვდილის გარდა ვერაფერი შეაჩერებსო, ამბობენ უერთგულესი მიშისტები ("გირჩელებს" ჯერ არ უთქვამთ ასეთი რამ?!).

გორში "მიცვალებულის" აღდგენა დაიწყეს -პოლიტიკური თვალსაზრისით, თორემ ეგ რომ შეიძლებოდეს, სტალინს გააცოცხლებდნენ და იქვე დახვრეტდნენ! აბა, წარსულს თუ არ ვებრძოლეთ, მომავალი რა სადარდელია?

"მაესტროს" საკითხს თავი ვეღარ მოება. იქით ქიბარს ჩაუარა "რუსთავი 2"-ის დაბრუნების იმედმა და აქეთ -გაჩეჩილაძეებს არ ეღირსათ ტელეიმპერატორობა!

"ოდეერების" ინსტიტუტს ვერ ელევა ვერც ერთი ხელისუფლება. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ რას ფიქრობს, ვინ რას ლაპარაკობს და ვის როგორი სექსი აქვს? 69 პოზა ცნობილია, მაგრამ თუ იცით პოზა 41? არ იცით? მოიძიეთ ინტერნეტით და მოსინჯეთ! სექსში აუცილებელია მრავალფეროვნება (ამომრჩეველო, ნუ ჩამორჩები ფერადოვნებაში პრეზიდენტს)!

რატომ არის ამდენი წვერგაუპარსავი სტუდენტი უნივერსიტეტში? ამის გამო, სასწრაფოდ მოსაცილებელია რექტორი, სამეცნიერო საბჭო და კანცლერობის უკვე ყოფილი მსურველი გაფრინდაშვილიც! იყოს კარგი სტუდენტური თვითმმართველობა, სხვა თუ არაფერი, იყიდოს წვერსაპარსები სტუდენტებისთვის და თავი დაანებონ ტრენინგებს (მართლა სჯობს ასე არაფრისმაქნის ლაქლაქ-ტრენინგებს)!

პ.ს. პარტია და უშიშროება კი გვიყურების სექსის დროს, მაგრამ აქვე მცირე პროვოკაციული რეექსკურსი: ქალთა საერთაშორისო კონგრესი ტარდება ქუთაისში. კონგრესის სპიკერმა გამოაცხადა, ქალწულები მარცხნივ დასხედით, გათხოვილები -მარჯვნივო. ნაზიკიამ იკითხა: ბოზები საით დავსხდეთ, პატივცემულოო? -თქვენ პრეზიდიუმში ამობრძანდით, მაგათთან დაჯდომას როგორ გაკადრებთო!.. ფასობს ეს პროფესია და ნუ ეცდებით მის გაუფასურებას!