გახუნებული "მაიკების" ქვეყანა, ანუ როგორ დაჩრდილა "ცალკარა" კალაძე და "სპასაწელი" კვირიკაშვილი, "კომბლე" ღარიბაშვილმა - კვირის პალიტრა

გახუნებული "მაიკების" ქვეყანა, ანუ როგორ დაჩრდილა "ცალკარა" კალაძე და "სპასაწელი" კვირიკაშვილი, "კომბლე" ღარიბაშვილმა

ორი დიდი ამბავი მოხდა ახლახან: "ქართულმა ოცნებამ" რიგით მეოთხე ყრილობა ჩაატარა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრწყინვალე ათეული წარმოგვიდგინა. მართალია, "ქოცების" ყრილობაზე, პარტიიდან პარტიაში ციყვივით ნახტუნავები ბევრი სახე შეამჩნიეს, მაგრამ გრიგოლიჩის ამბავი არ იცით თქვენ! რა გეგონათ, "ნაცებს" მარტო "გირჩები" და ვაშაძე "დასცვივდნენ"? ცალკე არიან ბიძინას "ნაციონალები"! რა ამაღელვებელი იყო მაინც, "ქოცების" ყრილობა! ორივე გამომსვლელი - "ცალკარა" კალაძე და "სპასაწელი" კვირიკაშვილი, "კომბლე" ღარიბაშვილმა დაჩრდილა. ეს უკანასკნელი, მართალია, ბიძინას კი "ჩაეზდრასტა", მაგრამ ყველაზე დიდი "კოლბის" პატრონს ეგრევე დაეტყო, რომ ფიქრობდა, - ეს ვიღამ "მოაპანორამა" აქო?..

მთაწმინდასავით დადუმებული თოფაძე არ იყო ყრილობაზე, არც - მეჭიაური. გოგის ალბათ სტალინიზმის გამო არ ჩამოახიეს ჩოხის კალთები, ხოლო ეს ჩვენი "პოლიტიკის ჟოფრეი" ახალ სენტენციას იგონებდა ამერიკაში შეიარაღებული ძალების მეთაურად ქალის დანიშვნის გამო! თუ ხიდაშელი უნდა იყოს "ქუხნაში", ეს ლორი რობინსონი სადღა უნდა წაიყვანოს და დაასაქმოს, ნეტავ?!

მაინც, რამდენი რამე ეშლება ამ ჩვენს მთავრობას! აგერ, ბატონო, ამხელა "პრომოუშენის" მამა და მარჩენალი გიორგაძე რუსმა პრანკერმა დააგოიმა და უკრაინელი ჯამალასთვის ხმები გამოსთხოვა. რომ გაიძახიან, პრორუსულია საქართველოს მთავრობაო, არ მჯერა მე. "ევროვიზიაზე" მაშინ, უკრაინას კი არა, რუსეთს დაუჭერდნენ მხარს და ჯონჯოლზე წასულ საჩხერლებსაც არ დაიჭერდნენ "მიროტვორცები"!

ისე, რა იყო "ნაცების" საარჩევნო სიის პირველი ათეულის გამოფრიალება ამ უდროო დროს? ჯერ ხომ შეგვჭამეს წინასწარი განცხადებებით, - ახალ სახეებს მოვიყვანთო, - და სადაა ახალი სახეები? ისე, კარგი მიქსი კი შეურჩევია "ენდიაისგან" გაპირველკაცებულ "ნაციონალს"! ვეკითხები მე ბაქრაძეს, ამ ათეულის გამო მოიმდურა ვაშაძე? მართლა - თუ ვინმემ უსმინეთ ჩვენს დავითს, გარკვევით თქვა, - აუცილებლად გვეშველება, შემოდგომაზე თუ აგვირჩევთო. თუ აგირჩიეს, ბატონო, კი გეშველება კიდევ ოთხი წლით, მაგრამ ნაკლებად მგონია, დავითის სიმამრის ფირმამ ტენდერები მოიგოს კიდევ!

თურმე, ნუ იტყვით და, ამ ჩვენს "ნაცებს" "სათადარიგო ნაცებიც" ჰყოლიათ. პაატა ბურჭულაძის ახალი პარტიის ჩამოყალიბებას ქილიკით შეხვდნენ, - ეგ მეორე, მესამე თუ მეოთხე რიგის "ნაციონალური მოძრაობააო", - მაგრამ სახელმწიფო აუდიტმა ერთბაშად, "ლაიქები" არ დაუთვალოს "ფეისბუკზე" ჩვენს ბანს! პაატამ კიდევ, დასჭექა: ბანი, ბიჭო, ბანელებო, თქვე პირდაუბანელებოო, - და მიაშურეს გაკოტრებულმა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და კიდევ ვინ აღარ! მე თუ მკითხავთ, უკვე პაატას აქვს მეტი შანსი, რომ პარლამენტში შებრძანდეს თავისი გუნდით (საოპერო გუნდით კი არა, პოლიტიკურით). შანსი გაეზარდა იმით, რომ ბატონი ჩერნოვეცკი წავიდა პოლიტიკიდან! არადა, რა დიდებულ რამეებს გვეუბნებოდა! გიშველითო, - და უკვალოდ დაგვეკარგა!

გახუნდა "ქოცების" ლურჯი და "ნაცმოძის" წითელი "მაიკები". არჩევნების მოახლოებას მაგითაც კი ვხვდებით ხოლმე! წელს სამი ტიპის მაისური გვექნება: "ოცნების" (ნომრის ციფრთა ჯამი მაინც ხუთია), თავად "ნაცების" (ხუთი - ხუთია) და კიდევ ერთიც - პაატას მაისური, რომელზეც სიმბოლურად იქნება ხუთი სანოტო ხაზი, ბანის გასაღებით! არიქა, წელს ცხელი შემოდგომა გველის და სუფთა ბამბისა ეგებ დაამზადოთ, ეგ მაინც გამოადგეს ამომრჩეველს, თორემ ეს ახალი ბატონები რომ დაიპყრობენ პარლამენტის სკამებს, მერე ამომრჩეველი კი არა, პოლიტიკური ბელადებიც არ გაახსენდებათ!

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან "ნაცები", - საკონსტიტუციო სასამართლო როგორ "ჩაისვი ჯიბეშიო"? გრიგოლიჩი პასუხობს, - გავიწყდებათ, ჩემს ჯიბეში 8 მილიარდი ჩაეტია და მაგათ ჩასმას რაღა უნდოდაო?! "ნაცებმა", - აბა, ჩვენს ,,კაბელიან" ძმებს საშველი არ ეღირსებათ და გოგუაძემ დროზე გამოუცხადოს ბიძინას ვენდეტა, სხვა გზა არ გრჩებათო, - მიაძახეს "თავდემებს"...