კორცხელის კურცხლები, ქართული პოლიტიკის "ჟოფრეი" და ქუთაისელი "პორტის მამა", ანუ როცა ყველაფერი ბიძინათი იწყება - კვირის პალიტრა

კორცხელის კურცხლები, ქართული პოლიტიკის "ჟოფრეი" და ქუთაისელი "პორტის მამა", ანუ როცა ყველაფერი ბიძინათი იწყება

სამეგრელომ გასულ კვირაში ორი ამბით დაგვამახსოვრა თავი, ერთი ნამდვილად ტრაგედიაა, მეორე - ტრაგიკომედია. სტატისტიკურად მოსაუბრე ზაქარეიშვილმა დაგვამშვიდა, ეს მკვლელობა სისტემური არაა, ეპიზოდურიაო. სამაგიეროდ, ქრონიკულ-პერმანენტული იქნება დაკუნთული ხალხის საარჩევნო უბნებზე სიარული, რომლებიც ან დაბადების დღეს გადაიხდიან საარჩევნო ყუთებთან ახლოს, ან სულაც გაისეირნებენ საარჩევნო კომისიების შენობებთან.

მელიას და ბოკერიას ჟეჟვამ კორცხელში სულ კურცხლები აყრევინა "ნაციონალ" ხერხეულიძესა და ნადირაშვილს: - მართალია, ჩვენც ვიყენებდით ძალისმიერ მეთოდებს, მაგრამ არა კეტებს, არამედ ნატურალურ, კარალეთის მიწიდან აკრეფილ ქვებსო! აი, რაღაც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი კი დაეტყო იარაღებს, სად ნატურალური, წვეტიანი ქვები და სად გაპრიალებულ-გამოხარატებული ხელკეტები?

რომელიღაც "რესპუბლიკელს" უთქვამს, იმანაირი "სასტავი" ჰყავს ამ ნაც-ქოც-ს, რომ მარტო მაგათი დატოვება არ შეიძლებაო. ვაშაძემ, - ბოკერიას დრო უნდა დასრულდეს პოლიტიკაშიო, თუმცა, არაფერსაც არ დაასრულებს გიგა! ტყუილად მოხვდა სახეში? ტყუილად ღვარეს სისხლი ზუგდიდში? თანაც, რა უადგილოდ და გულისმომკვლელად მიაძახა ერთმა კოლხმა დედაკაცმა თბილისელ "ნაცებს", - თქვე ჩამოთრეულებოო! ეგენი კი იმედს არ კარგავენ და ბაქრაძემ მოგვახსენა: მოვალთ ჩვენ საქართველოს ასაშენებლად მალე და ნახავთ, არც კი გვეცლება შურისძიებისთვისო. ახლა რომ დაიწყონ ქვეყნის შენება, ვინმე ხელებს გაუკავებს ნეტავ?! ისე, საოცარი და სასიამოვნოა, კორცხელის ინციდენტის მერე მაინც რომ გვაძლევენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას!

ნამდვილად სპორტულ ღონისძიებათა ნუსხაში უნდა შევიტანოთ ქართული არჩევნები. ალბათ იქნება ბერძნულ-რომაული, თავისუფალი და ქართული ჭიდაობის ელემენტები და მივიღებთ ბრძოლას წესების გარეშე, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს დაემორჩილება! სამწუხაროა, რომ მეჭიაურ-ნიშნიანიძის ტანდემს ვეღარ ვნახავთ პარლამენტში... "ქართულმა ოცნებამ" "ჟოფრეი" და ქუთაისელი "პორტის მამა" დაიწუნა. ომარ ნიშნიანიძემ ზუსტად ასე თქვა, მე და მეჭიაური კულულებიანმა ბიჭებმა ჩამოგვწერესო. მაშ, რა ეგონათ ამათ, რომ დასცინოდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს და გრძელთმიანებს? იყვნენ ახლა მინდვრის თაგვებივით მარტო და უმზირონ ახალ სახეებს "ოცნებაში"! თუმცა, რა ახალი სახეა კოღუაშვილი? კარგად დავიწყებაც ვერ მოვასწარით მისი "ნაციონალური" წარსულის, რომ ამ ბატონმა გამოაცხადა, როგორ შეიძლება იმნაირი რესურსების ციხეში ყოფნა, როგორიც ნამერალი უგულავაა, ახლავე გასათავისუფლებელიაო. არადა, ამ ოხერ კოაბიტაციას სულ "რესპუბლიკელებს" აბრალებდნენ და ეს კოღუაშვილი ასწრებს ლიბერალურ-ლოიალური აზრებით ძმებ ბერძენიშვილებს!

პ.ს. ენათმეცნირებმა და პოლიტოლოგებმა იმსჯელეს ბრუნვის სახელების მოდერნიზაციაზე:

ბიძინა ივანიშვილი - სახელობითი, რადგან ბიძინათი იწყება ყველაფერი, "რუსთავი 2"-ზეც კი.

შალვა ნათელაშვილი - მოთხრობითი, რადგან სათქმელი მაგას არ გამოელია.

ამომრჩეველი - მიცემითი, რადგან ერთადერთი ხმა გვაქვს და ისიც პარტიებს უნდა მივცეთ.

ღარიბაშვილი - ნათესაობითი (ახსნა საჭირო არაა).

კვირიკაშვილი - მოქმედებითი (აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ამოქმედდეს).

"ნაციონალური მოძრაობა" - ვითარებითი (ვერ გარკვეულან ვითარებაში ჯერ კიდევ).

ლევან ვასაძე - წოდებით-მოწოდებითი.

და ახალი აღმოჩენა ლინგვისტიკაში, მერვე ბრუნვა: პარტიულობითი, იგივე კოღუაშვილი!