ბიძინასგან უკოცნელები - კვირის პალიტრა

ბიძინასგან უკოცნელები

კორცხელის ინციდენტის მერე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მოღვაწეობას. ამით აცრემლებული არავინ მინახავს, მაგრამ მიშისტების ყველაზე დიდმა და ძველმა ფრთამ დასავლეთისკენ კი გაუშვა ძლიერი მესიჯები შინაარსით: ჩვენ არ ვართ პარლამენტის სკამებისთვის გადარეული ხალხი, მხოლოდ ძალადობასა და არჩევნების გაყალბებას ვაპროტესტებთო. კი იციან დასავლეთსა და ჩრდილოეთში, რა დემოკრატებიც არიან ეს მობოიკოტე გოგო-ბიჭები, მაგრამ აფასებენ მათ ნიჭიერებას!

ვიდრე "ოცნებისა" და "ნაციონალების" პირველი პირები ერთმანეთს ლაფს ესროდნენ და კორცხელის ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებდნენ, მანამდე "შესვენებულმა" ბურჭულაძემ მთელი ხმით შეჰყვირა: გამოფხიზლდით, გამოფხიზლდით, რას დაგამსგავსათ სეთურმა კი არა, ბიძინამ! მეც მწარედ მომატყუა მაგანო! რაღაც, ცუდადაა ჩვენი საქმე, საქართველოში ჯერ ვარდებით გვიპირებდნენ აყვავებას, მერე - ოცნებით და ახლა უკვე სიმღერით გვპირდებიან სოფლის აშენებას! თან ამავე ბანმა მოგვაძახა, - არ გამორიცხოთ, მე, რუსული ბანი, პრემიერადაც მოგევლინოთო! მთავარია, პეტრიაშვილივით არ მოგველანდოს და მერე რობი უილიამსივით "მასოვკაზე" არ იმღეროს, რბილი ნაწილების მოშიშვლებით, თორემ საშველი აღარ იქნება! ისე, ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკაში უნდა ივარჯიშონ თანამდებობის მსურველებმა, აბა, პაატას გუნდს სხვა რა უნდა მოეკითხოს?!

რა გვიყო ეს პაატამ?! დაგვავიწყა კინაღამ 26 მაისი! მართალი ვთქვათ და ხიდაშელის ქალს დრესკოდი დაცული რომ ჰქონდა საზეიმო ჩვენებაზე, ვინ ურჩია ნეტავ?! ისე, თინას რამდენჯერ უნდა მოუვიდეს იაღლიში? ჯერ იყო და გერმანიის დროშის უკუღმა "დაკიდუნგი" მოაწყო, ახლა კი ახალციხეში სამხედრო ტექნიკის გამოფენის დასრულების მერე ტანკი "გადმოუხტა" სატვირთო ავტომობილიდან! კარგი, ჯანდაბას, ციყვი-ტანკის კომპლექსი არა გვაქვს, მაგრამ 26-ის "დაწერა" ბორშჩის ინგრედიენტებით რომელ დიზაინერს მოუვიდა თავში?! კი თქვა პარიჟანკა სალომემ, აჯაფსანდალს მოაწყობენ ეგენიო და ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი! პროვოკაციული ძიების შედეგად ეს ფენომენალური დიზაინი გავშიფრე! ბორშჩი რუსული ან უკრაინული კერძი კი არა, არამედ იტალიური ყოფილა! ახლა აღარ გინდათ ბევრი ძიება, ვის კვალს უნდა მივყვეთ, იტალიამდე რომ ჩავაღწიოთ!

ვიდრე ჩვენ რობი უილიამსის დუნდულების მიმართულებას ვიკვლევდით (ჩრდილოეთის თუ დასავლეთისკენ დამიზნება), მანამდე ნადარეიშვილის ქალმა იწივლა: მანიაკო ივანიშვილო, ბავშვები როგორ აცემინე იმ კუნთიან ბანდიტებსო! ცალკე გვარამიამ მიაქვავა "რუსთავი 2"-ის ეთერიდან "ოცნების" სასამართლო, თქვე ხელის გოგო-ბიჭებო, 8 ოქტომბრის მერე პროკურატურა "ჩვენი იქნება" და მიკროფონს კამერაზე არ დატოვებს მიშაო!

არ დაგვავიწყდეს და მიშა მართლა მაგარი იყო! წარმოიდგინეთ, ათი წლის წინანდელი საქართველო. ბებია მიდის მომავალი ლაზიკის ჭაობნართან ბაწარჩაბმული თხით, ეცემოდა ჩვენი მიშა, ეტყოდა, აქ რომ ჭაობია, იცი, ეს რამხელა რესურსიაო? ეკვატორულ ბრაზილიაში გვალვისგან ყველა ჭაობი ამოშრება, აქ კი გვექნება და ჩვენი ყველაზე მაგარი ჭაობის სანახავად ივლის მსოფლიოო. მერე მიქიშმიშებულ ლოყაზე კარგად აკოცებდა, თან ანუგეშებდა: აქ მალე ევერესტიდან, მარიანის ღრმულიდან, მკვდარი ზღვის ვარდნობიდან, ჰოკაიდოდან და ჰონსიუდან ტურისტების ნაკადი წამოვა, ისინი შენს თხასთან სურათის გადაღებისთვის დოლარებს გადაგიხდიან და გექნება ნეტარი სიბერეო! გინახავთ თქვენ სადმე ბიძინასგან ნაკოცნი მოხუცი? ან ახალგაზრდა?! ეგ უგულო და უსიყვარულო ჭორვილელი, ეგა! ხოლო ფრიად სიყვარულიანი მიშა მაგარია!

P.S. ბიძინას "ქართული ოცნება" სიმსივნით გაუხდება ავად. საქართველოში ვერ ამოჰკვეთენ მეტასტაზებს, რომლებსაც "რესპები", "ჟოფრეი" და "კუტაისკი" ჰქვია, მაგას უკრაინაში დიდი დოქტორი სააკაშვილი თუ მოახერხებსო. გრიგოლიჩი ლურჯი ლაინერით ოდესის კლინიკაში ჩააფრენს პარტიას. მთავარი ექიმი ანალიზების გაცნობის მერე ანესთეზიოლოგს მიმართავს: პაატა, დროზე, ადგილობრივი ანესთეზიაო! პაატამაც ყელი მოიღერა და დაიწყო: იავ-ნააააააააანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო! ყველაზე ადრე გუბაზს ჩაეძინა, მერე სხვებმაც მიჰბაძეს...

P.P.S. ოპერაციის დასრულების მერე ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოწვეულმა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ "ოცნება" 4 წელი კიდევ შეინარჩუნებს სიცოცხლეს...