თინა "დამკიდებელი", "ნაცმოძრაობის" შემონახული "კოზირები" და აცრემლებული ბიძინა - კვირის პალიტრა

თინა "დამკიდებელი", "ნაცმოძრაობის" შემონახული "კოზირები" და აცრემლებული ბიძინა

"რესპუბლიკელები" ისევ ფორმაში არიან! სულ არ ეტყობა წვრილფეხობის გაქცევა ამ პარტიას. თინა ხიდაშელმა ბრძანა და უკვე აღარავის მიუვა სახლში "პრიზივნოი". კი შემოიხიეს კინაღამ სამოსი "ქოცებმა" და კიდევ პაწაწუნა პარტიებმაც, ვით გაბედა და უჩვენოდ იმღერაო?! თურმე ნუ იტყვით და კოლექტიურად უნდა მოეგოთ წვევამდელების გული პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს! ხიდაშელმა "ევროპის ძრავად" წოდებული გერმანიის დროშა დაკიდა უკუღმა ერთხელ და ბიძინას ხელის გოგო-ბიჭების "დაკიდება" გაუჭირდებოდა?!

"რესპუბლიკელები" იქით იყვნენ და ნეტავ განახვათ, რა ცოდვის კალო ტრიალებს პროვინციებში! რამდენს კოპწიაობდნენ გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, მაგრამ მაგათთვის ვის სცხელა ამ 41-გრადუსიან ზაფხულში? დიდი სოლოლაკელის კარზე წყდება ეს ყველაფერი და დაავიწყდათ პარლამენტის მანტიაზე მეოცნებეებს, რომ სასურველსა და შესაძლებელს შორის ხშირად თანხვედრა არ ხდება! ორიოდეჯერ წამოიკვნესეს გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის შედეგების გამო "ქოცებმა" და ბოლოს გაიფიქრეს, სადარდებელი ჩვენიც გვეყოფა, ნისლიანი ალბიონის წაგება-მოგებაზე არ ვიმტვრიოთ თავიო. ბრიტანეთი კი არა, მოცურავე ლარის კურსიც აღარ ახსოვთ ამ უბადრუკებს არჩევნების მოლოდინით, რომან გოცირიძის გარდა, რომელმაც შესანიშნავი მხიარული მინირომანი გამოაქვეყნა: ლარის გამყარება ბიძინას ფინანსური ექსპერტის, მიშა დუნდუას ბრალია და გაუფასურება კიდევ - მთავრობისა და გვენეტაძისო!

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე შემონახული "კოზირი" გამოიყვანა ასპარეზზე. თურმე, ნუ იტყვით და მიშა გზაშია (სულ გზაში არ იყო, თავის დღე და მოსწრება ეს ჩვენი ოდისელი?!) და მაგას დაუმატეთ ლამაზ ვარშალომიძის აჭარაში გამოფრიალება! ელისო კილაძის ჩიტმა მოგვიჭიკჭიკა, რომ ლევანის გამოჩენა "ქოცებისთვის" შოკიაო! ხაბაძემ კიდევ, თავი დააძანძურა და - 14 ხმის მოგროვება უნდა, ჩემი გადაყენების გადაწყვეტილებასო!

არ ვიცი, რატომ შემოგვძახა, მაგრამ კი შემოგვძახა ნაპრეზიდენტალმა: - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით და ბევრად უფრო რბილი, ხალხის ჩართულობის მეთოდებით უნდა დავბრუნდეთ, რადგან ეს კი არ უნდა იყოს ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა. ჩვენ ისეთი უნდა შევქმნათ, რაც ხალხისთვის უფრო გასაგები იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასევე შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთო!" - რავარც ბაბუაჩემი დაბრუნდება ქერჩიდან, ისე დაბრუნდები შენ ოდესიდანო, - კი უქირქილია არაერთს, მაგრამ, რომ მობრუნდეს, მერე რა ვქნათ?! არის საპრეზიდენტო აპარტამენტი მატროსოვზე გამზადებული?!

ჩემი კოლეგები "რუსთავი 2"-დან აჯანყებაზე საუბრობდნენ, მაგრამ, ჩანს, ბევრი გავროში ვერ მოაგროვა ნიკა გვარამიამ! ერთი ღლონტი გამოხტა "ბუნტავშიკივით", აფეთქდა წუმწუმასავით და ჩაქრა. მაგის იმედი უნდა გქონდეთ, "რუსთავიორელებო"?! ამას წინათ ვიღაც წერდა, აკვარიუმის თევზებზე მოკლე მეხსიერება აქვთ ადამიანებსო და მაგალითიც მოაყოლა: "ირაკლი ბათიაშვილის მიერ ტელეფონში ნათქვამი სიტყვა - "გამაგრდი"

8-წლიან თავისუფლების აღკვეთას ნიშნავს და გვარამიასა და სხვების მიერ სისხლიან აჯანყებაზე ეთერიდან გაკეთებული მოწოდებები - დემოკრატიას?"

"ნაციონალების" მობრუნება არ მაფორიაქებს, სამი რამე კია ამაღელვებელი: 1. ვალერი კვარაცხელიას პათოსი - "გილოცავ, ქართველო ერო! ევროკავშირი დაინგრა! ამერიკელთა მიერ შეკოწიწებულ ევროპის შეერთებულ კავშირს წერტილი დაესვა!" 2. გაეტევა თუ არა ორსართულიანი მატარებელი გვირაბში და 3. აჯანყებას "რუსთავი 2" 2017 წლამდე ხომ არ გადასწევს (ბარემ დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავს დაამთხვიონ)?!

პ.ს. ირაკლი ალასანია ეკითხება ბიძინას - რაც კოალიცია დაგვეშალა, გულდაწყვეტილს არასდროს გიტირიაო? - კი, ერთხელ ვიტირე, "ნაციონალებმა" რომ გამოაცხადეს, მატარებელი ვერ გაეტევა გვირაბშიო, მოულოდნელობისგან წამოვხტი, უეცრად ფეხი "შკაფს" წამოვარტყი და მაშინ წამომცვივდა ცრემლებიო!