"საქსოვი ჩხირების ქართველი მეფე", ნაშევარდნაძალი წერეთელი და პოლიტიკურად დავაჟკაცებული ლამაზლევანი
"საქსოვი ჩხირების ქართველი მეფე", ნაშევარდნაძალი წერეთელი და პოლიტიკურად დავაჟკაცებული ლამაზლევანი
2015 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, პაპიძის განსჯაშია სრულიად საქართველო და ეს ბოლო დღეებია, კლავიატურაზე მუჭების ბრახუნით ვგმობთ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ ავკაცობას. მოლაშვილი უნდა იყოს ბოლო მსხვერპლი საქართველოში, - აცხადებენ მომავალ არჩევნებში გამარჯვების მომლოდინე პარტიები, მაგრამ რა გააკეთეს ნეტავ მაშინ, როცა სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ლამის კრიმინალად გამოაცხადა ყველა ქართველი?!

რა ცუდია, რომ გიგი წერეთლის ევროსტრუქტურულად გაპრეზიდენტება არ სურთ "ქოცებს"! რატომ არ დაავიწყდათ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების წინ როგორ
ედგა ეს ნაშევარდნაძალი რესურსი "ნაციონალების" მაჟორიტარობის კანდიდატების გვერდით და "აწველინებდა" ხმებს? ამ მარადმწვანე პარლამენტარს თან რუსეთი უჭერს მხარს და ვერ გავარკვიე უკვე, ლოგიკა რაში მდგომარეობს! "ქოცების" მიერ რუსეთის ბაზარზე ქართული საქონლის გატანა პუწინისტობაა და რუსეთის მხარდაჭერა ევროპულ ინსტიტუციაში კიდევ-მამულიშვილობა?! ამას დაუმატეთ ჩვენი პრეზიდენტის ღია მხარდაჭერა
გიგისადმი! ხომ არ გავიწყდებათ, ხალხო, რომ "საქსოვი ჩხირების ქართველი მეფე" რაღაც ახალ პოლიტიკურ აჯაფსანდალს ქმნის? ვინ აღარ შეიფარა მარგველაშვილის ადმინისტრაციამ! არ გვინდა ახლა ჩაგრულთა შემწის მანტიის მოსხმა ბატონი გიორგისთვის, მაინც ცხელა და თინასავით დაიწყებს მერე აბდაუბდას.

ზაფხულია, ცხელა, ცოტა არაადეკვატური რამ განვაცხადეო, - თქვა თავდაცვის მინისტრმა. შარაძის ასულმა, რუსუდანმა კლიმაქსით ახსნა თინას "შეცოდება", მაგრამ ჩვენი რა ბრალია, თუ მეტეოპირობებია უნორმო ან კიდევ -ფიზიოლოგიამ თავისი გაიტანა?

თბილისში, კიკვიძის ბაღში ნერგების გასამაგრებელი სარები რომ გაიფოთლნენ და ნერგები გახმა, რას ან ვის დავაბრალოთ?

სექტემბრიდან თურმე ბიძინა აპირებს რეგიონებში ჩასვლას. გრაფიკი ასეთი იქნება: კვირაში ორი დღე პროვინციებში! დიდი ამბავია მოსალოდნელი. ნეტავ, იმ მაჟორიტარი ქოცის ბედს, რომლის ოლქშიც ბიძინა მივა! გამარჯვების შანსი ხომ იზრდება და იზრდება, ცალკე მიშას სიტყვები გაქარწყლდება საბოლოოდ (ზიმბამბვეშიც რომ დამალოს ფული ბიძინამ, მაინც ამოვიღებთო). შე კაი კაცო, თუ რამის ამოღება შეგეძლო, პრეზიდენტი იყავი და მაშინ ამოგეღო, დაგერიგებინა ხალხისთვის, ხალხი იყიდდა ლუდს, ლუდით გადღეგრძელებდნენ და მეტიც არაფერია საჭირო სრული ბედნიერებისთვის! ისე, პაატა ბურჭულაძე შენს დროში კი ყოფილა მაინც ბედნიერი და ახლა დაქცეულა სამყარო. ჯერ თქვა, მისმენენო (მომღერალს მოგისმენენ და რა არის აქ საკვირველი?!) და ახლა, "ქოცები" ხმებს ყიდულობენო! აკი ბიძინა წუწურაქია და ფულს არ იმეტებსო?! თანაც, რას ლაპარაკობთ, სარფის მხრიდან ლევანი შემობრძანდა ქრისტეს მოწაფესავით და სანდრასთან ერთად ბათუმში ტრიუმფალურად შესულა. კი ესროლეს "ტუფლი", მაგრამ ის "უბრალოდ განიყრის მტვერსაცა, რომელიც ბილწთაგან აღეკრა". ლევანი როცა გყავს საარჩევნო სიაში, მაშინ რომელი ფულით მოისყიდი ამომრჩეველს?! აქ რა მოსატანია, მაგრამ ბათუმელებს არ სჯერათ სანდრას ნათქვამის, - ლევანს მიშა მოჰყვებაო. გახსოვთ, ყავას ვერ სვამდა ვარშალომიძე მიშას დაუკითხავად ადრე, მაგრამ ახლა ყავასაც დალევს და არჩევნებში გამარჯვების იმედიც აქვს, დავაჟკაცდა ლამაზლევანი პოლიტიკურად!

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, - კაცო, ეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რომ დაჯდა ასე ძვირი და მაინც მოსეტყვა საქართველო, ქორწილში უნდა გაისროლოთ თუ ბანკეტზე, რად არ მოიხმართო? ბიძინამ უპასუხა: - თქვენ არ იცით, მაგ სისტემამ რა საერთაშორისო სკანდალი აგვარიდა. სინამდვილეში, ვარშალომიძეს ათასობით ფეხსაცმელი ესროლეს, მაგრამ ჩვენმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ჰაერში იმ ერთის გარდა ყველა გაანადგურა! ამიტომაც დასეტყვილი ბაღ-ვენახი ნაკლებად სადარდებელია ახლაო!


ვიღაცა
08 ივლისი 2016 09:30
ვარშალომიძე და საერთოდ ნაცები რომ ნაძირლები არიან ეს ახალი ამბავი არ არის. აი ქოცების ამბავი მაინტერესებს.
თურქეთის მხრიდან ლამაზ ლევანას ტრიუმფალური შემოსვლა და იქ სანდრას დახვედრა,ნაცების მზაკვრობის წინაპირობა და რაღაცა ცუდის დასაწყისია.ამათ ან ზინავთ,ან შეგნებულად ხუჭავენ თვალებს და ძალიან მძიმე დანაშაულს ჩადიან. რაღაც ცუდს მიგრძნობს გული და რავიცი.....
mari
07 ივლისი 2016 16:36
შენ თუ არ გაგვახალისე ცოტა პროვოკატორო, ისე დავიღალე და დავიქანცე თვალის გახელა მეზარება უკვე, "ლამაზლევანი" ეხლა ღვინოსაც დალევს თამამად
რიო
07 ივლისი 2016 16:35
კარგია. თინას არ გადააყენებენ ნეტავ? ვარშალომიძეს თუ კიდე გამარჯვების იმედი აქვს :-) :-)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები