"შეტეულა-გატეულა" ანუ დამიჭირე, თუ ბიჭი ხარ!
"შეტეულა-გატეულა" ანუ დამიჭირე, თუ ბიჭი ხარ!
რა კარგი და სასიამოვნო კვირა გავატარეთ! ჯერ იყო და მატარებელი გაეტია გვირაბში, მერე შეკვეთილის 200-მილიონიანი "არენა" აჩუქა ბიძინამ სახელმწიფოს და სულ ბოლოს კიდევ, "ცენტრ პოინტის" ხალხს მიხედეს მგონი.

გასაოცარი ისაა, რომ ერთმა კაცმა - ვაშაძემ თქვა, ეგ მატარებელი ვერ გაეტევა გვირაბშიო და მთელი სახელმწიფო აპარატი, შტატიან-უშტატოები "მილიმეტროვკებით" ზომავდნენ გვირაბსა და მატარებელსაც. ბოლოს, წიფის გვირაბს გატეულა შეარქვეს და თავად ამ სახელგანთქმულ მატარებელს - შეტეულა. თქვე მამაცხონებულებო, მატარებლის გატევა-ვერგატევაზე მეტი საქმე არა
გაქვთ? ამდენი საქმეა გამოსაძიებელი, კინაღამ ღლონტმა "რუსთავი 2"-ის მოწოდებაზე რევოლუცია თუ აჯანყება დაიწყო და სრულიად "საქოცეთი" გვირაბში გამოტეულ მატარებელს შეხარის. კარგია, რომ გაეტია, მაგრამ ბატონმა სესიაშვილმა რომ თქვა, ჩვენ სად გვაქვს მაგის ფუფუნება, სამართლიანობის აღსადგენად ფულები ვხარჯოთო, ხომ გაიგონეთ? "ჩექ ინ ჯორჯიაზე" კარგად აფრიალეთ ფულები?!

უმადურები ვერ დაინახავენ, მაგრამ ბევრმა დაინახა ეს "შავი ზღვის არენა". თავიდან კი იძახდნენ "ნაციონალები", ეს ძვირი დაუჯდება ქვეყანას, რა საჩუქებელი ეგ იყოო, მერე კი დააჭირეს ენას კბილი, რომ გაიგეს, მიშასაც "ევასებოდა" ეს პროექტიო, მაგრამ პირიდან გამოსულ სიტყვას ისევე ვერ შეაკავებ, როგორც ხელით გასროლილ ქვას! მაქვს კითხვა "ნაცებთან": თუ გაქვთ დათვლილი, რა გვიჯდებოდა მიშას შენახვა 9 წელი? საკმაოდ ძვირი! მაშ, რატომ მაშინ არ იძახდით, მიშა მაგარი კი არა, ძვირიაო?

რაღაც მეეჭვება, რჩეულიშვილებს მარტო ჰქონდეთ შეჭმული საბრალო ხალხის ფული! ეგეც იმ საკმაოდ "ძვირში" ხომ არ იხარჯებოდა ნეტავ? ერთხელ მაია რჩეულიშვილისა ტელეეკრანზე გვამცნობდა, ფული მომპარეს კაი ბლომად და ვიცინეო. ალბათ იმიტომ იცინოდა ქართული სამშენებლო ბიზნესის დედოფალი, რომ ის "კაპიკები" იყო იმასთან შედარებით, რაც მოსახლეობას აწაპნა!

გაგიკვირდებათ და რჩეულიშვილების ფონზე გუბაზ ლევანიჩიც კი ანგელოზი გამოჩნდა! ამ უკანასკნელს მილიონი უნდოდა და ტუიმ კიდევ, რომ ჩამოიყვანეთ ეს ხმამოყანყალებული მომღერლები, იმ 30 მილიონიდან 10 ჩემთვის მოგეცათო! არ მოგცემდნენ, ჩემო ვახო! სადღაც ვიღაცის ათი ათასებზე ხელი წაგიცდათ, 10 მილიონს სულ ცოლსა და ცოლისდას ჩააყლაპებდი და ბინებს არ მისცემდით სულგამწარებულ ხალხს! ეს თქვენი ვაჟიც რომ დასცინის ქართველ ძალოვანებს,- თუ ბიჭი ხარ, დამიჭირეთო, რომ დაიჭირონ, ვირის აბანოში შესმულს პოლიტიკურ სარჩულს კი არა, საპირესაც დაადებენ! ცალკე თქვენი რძალია ცოდო, ქმრის დევნისა და დაჭერის მოლოდინში რამე არ დაემართოს!

დებ კერვალიშვილებსა და ტუის კი მონდომებიათ პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ ამ ჩვენს ბიძინას არენაზე გამოუშვია საგამოძიებო ჯგუფი და ახლა პოლიტიკაში შესვლის გზა გვეკეტებაო! თუ არ მეშლება, რჩეულიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერიც იყო და მისი გაკეთებული მხოლოდ ის მახსოვს (თუ სწორად მახსოვს!), მხცოვან ნათაძეს ბორჯომი რომ გადაასხა თავზე პარლამენტში.

პ.ს. ბიძინას ჰკითხეს, - ამხელა დასრულებული პროექტი მართლა "ნაცების" გულის გასახეთქად აჩუქეთ სახელმწიფოსო? - არა, ვანესა მეი და კიდევ ბევრი ჩამოგვყავს, ქართველ ხალხს უნდა მოვასმენინოთ კარგი მუსიკოსების ნაშრომებიო. - კი მაგრამ, რაღა შეკვეთილში, თბილისში ხო გვაქვს ფილარმონია, იქ ვერ მოისმენენო? - მანდ, ახლოს მიშას დადგმული ველოსიპედის ძეგლია და სამტრედიიდან ჩამოსულებს სულ ავიწყდებათ ფილარმონია, მისცვივდებიან და უყურებენ მიშას "არქიტექტურას", აგერ, კახიც ძლივს გადაეჩვია მანდ საათობით დგომასო!

მარი
18 ივლისი 2016 14:52
არა, შენ ის პროვოკატორი აღარა ხარ.....
lia
15 ივლისი 2016 10:10
მართლა პროვოკატორის ბლოგია რა... არ გააკეთებ - ვაი, გააკეთებ - "ვუი".
georgia
14 ივლისი 2016 18:53
ეხლა რა ხდება, ეხლა, ამაზე როდის იპროვოკატორებ, რამდენი რამე გაქვტ ,საწოლის ქვეჰ, ჰეყრილი, როდის გადმოალაგებტ/

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები