ხიდაშელი უფასო ტაქსის მოლოდინში და რკინიგზელი ჩხაიძის პოლიტმიზნები გურიაში - კვირის პალიტრა

ხიდაშელი უფასო ტაქსის მოლოდინში და რკინიგზელი ჩხაიძის პოლიტმიზნები გურიაში

ჩვენ ახლა მხოლოდ 8 ოქტომბრის მოლოდინით ვცხოვრობთ და არჩევნების ფინალამდე ეგებ მივაღწიოთ ხმათა მფლობელმა, მრავალარჩევნებგადატანილმა ხალხმა! ალასანიას შტაბის უფროსი გაჰქცევია, თინა ხიდაშელი ზესტაფონშია გადაბარგებული, "ფორუმელმა" გუბაზმა, - მე აღარ ვიყრი კენჭს ქუთაისში, სხვა ფორუმელს გავუშვებთო და "ქართულმა ოცნებამ" თბილისს იმნაირი "სასტავი" წარუდგინა მაჟორიტარებად, სოციალურ ქსელში უკვე ხარხარისგან პოლიტიკური "ვოლები" დაიქცა!

მიკვირს, ასე თუ სძულდათ ერთმანეთი ამ "კოალიციონერებს", როგორ იკავებდნენ თავს აქამდე? ნუთუ ბიძინა იყო ამ ყველაფრის შემკავებელი, 4 წლის განმავლობაში? შე კაი კაცო, "ციცინათელასა" და "ბლექ სი არენას" ჩუქებას, ეს არაფრის მაქნისი ბოღმიანი ხალხი მოგეცილებინა ჩვენთვის, უფრო მადლობელი დაგრჩებოდით!

ვიდრე კოალიციის ყოფილი წევრები ერთმანეთს ნერვებს უღეჭავენ, მანამდე "ნაციონალური მოძრაობა" საქმის კეთებით არის დაკავებული: თავადაც საქართველოს იმიჯის გამნულებლები, "ოცნების" უნიათობაზე გაჰყვირიან! ბატონი გივი თარგამაძე (თუ არ ვცდები, ეს ვაჟბატონი 2008 წელს გორის ცენტრის დაბომბვას ითხოვდა), გულისმომკვლელ ინფორმაციას ავრცელებს კრიმინოგენულ სიტუაციაზე, რომელიც უცხოელი ტურისტების ხოცვა-დაკარგვასა და შეურაცხყოფას შეეხება: "პრაქტიკულად, შსს და მთავრობა მთლიანობაში მუშაობს დევიზით - არა ტურიზმს და ინვესტიციებს საქართველოში! ამას ოცნების მიერ დეპუტატობის კანდიდატად პრემიერის ნაქები, ყოფილი ყველაზე ცუდი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგენაც დაამატეთ. მისი მინისტრობისას ადამიანის გატაცების 45 ფაქტი დაფიქსირდა. გაგახსენდათ შევარდნაძე და უფსკრულში ჩაჩეხილი ქვეყანა?"

ჩემო გივი, შენგან ერთ დროს ნაძირალებად წოდებულ ხალხს შევარდნაძეც გვახსოვს და მისი დროის რკინიგზის მამა-მარჩენალი აკაკი ჩხაიძეც. ეგ თურმე გურიიდან აპირებს პარლამენტში მოხვედრას და ლანჩხუთ-ჩოხატაურს თავს აწონებს, - იმნაირად ვუყვარვარ ბიძინას, რომ "ოცნების" ჭკუასელი ვინაა, მე ვარ, ვინც ვარო! არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ გურული კილოთი დაუმატებია, ფრანგულად: ლეტა სე მუა! ანუ თუ ამას დამახინჯებულად ვთარგმნით, გამოვა: სახელმწიფო (კონკრეტულ შემთხვევაში - გურიის ორი მუნიციპალიტეტი) მე ვარო! თანაც, ბატონ აკაკის ისიც უბრძანებია, არსებული ხელისუფლების ოპონენტი არ ვიქნები მეო. კაცო, თუ ოპონირებას არ აპირებ, მაშინ მიუშვი 41 ნომერი ჭკუასელი, გგონია, ეგ ვინმეს ცხვირში პიტნას შეტენის?

"გამარჯვებული ხალხის" ტელევიზია კი ღაღადებს: "ოპოზიცია გურიაში დარწმუნებულია, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის გავლენიანი ჩინოვნიკის ისევ პოლიტიკაში დაბრუნება, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური თამაშის ნაწილია".

კარგი, ეს ჩხაიძე "ჩაუდეს" გურიას, მაგრამ ბატონ გივის რიტორიკული შეკითხვა მინდა დავუსვა: თავად თქვენი პოლიტიკური გუნდის მამა-მარჩენალები შევარდნაძის დროს ჩინოვნიკები იყვნენ თუ არა? ეგებ ჩვენ გვეშლება და დეზერტირებზე "სალფეტკებს" ყიდდნენ?! "ქართულო ოცნებავ", დროზე მოიფიქრე და თქვი, რომ ჩხაიძე არაა თქვენი კაცი, თორემ დაგვენგრა ოჯახი - ანუ გაუჭირდება თქვენს კანდიდატს მოგება და გურულების მწარე ყბაში მოხვედრილებს, ჩემი "პროვოკაციები" ხოტბად მოგეჩვენებათ! პიროვნულად კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო აკაკისთან, მაგრამ ისევ "რუსთავი 2" გამოვა და იტყვის: პარლამენტში შეუშვეს კრიმინალი, რომელსაც ჩვენმა ვარდოსნებმა რევოლუციიდან სამ კვირაში ბრალი წაუყენეს, თვე-ნახევარში ციხე დატოვა, ოღონდ მილიონობით დაყაჭა დოლარები და ქვეყნიდან გაემგზავრაო.

გაემგზავრებოდა, აბა, რა იქნებოდა, მე თქვენ გეტყვით და ბილეთის ფულს ისესხებდა შევარდნაძის დროინდელი გამგებლისგან ან გუბერნატორისგან?!. ისე, ახლაც აკაკი რკინიგზელს კაი ჯიბესქელი ბიჭები უმაგრებენ მხარსო და აბა, ჭკუასელს მარტო ციფრი "41" და კაი კაცის სახელი ეყოფა არჩევნების მოსაგებად?!

პ.ს. თინა ხიდაშელი რომ ზესტაფონის მაჟორიტარობას აპირებს, ეს უკვე ითქვა. უბრალოდ, მაგისი ოპონენტები მეცოდებიან, ხიდაშელის რკინის ლოგიკას და დებატების მაღალპროფესიონალიზმს რომ უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა, ზესტაფონელი ტაქსის "შოფრები" კი ლაპარაკობენ თურმე: მაგას არ ეგონოს აქანა თბილისი, სადაც უფასოდ დაატარებდნენ ტაქსის შოფრები, მაგას კი არა, გოგი ქავთარაძეს ვახდევინებდით ფულს, ზესტაფონის "ამყვავებელი" რომააო...