სანდრიზმი, როგორც ახალი "ნაცმოძრაობა", ბუა მიშა და ბან-ჯოკერი ბურჭულაძე - კვირის პალიტრა

სანდრიზმი, როგორც ახალი "ნაცმოძრაობა", ბუა მიშა და ბან-ჯოკერი ბურჭულაძე

ჯერ გაოცება ვერ მოვასწარით "ნანაციონალარი" ბუკიას ხობის მაჟორიტარობაზე წარდგენის გამო და ამ კანდიდატმა თქვა, რომ უნდა დავუბრუნდე ჩემს საყვარელ წიაღს - ბიზნესსო. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგას ის არ სცოდნოდა, ათიოდე დღის წინ, სად უფრო უნდოდა ყოფნა, მაგრამ "ოცნების" "ვერხუშკას" ყურში მოხვდა მოსახლეობის პოზიტიური ხმაური და "სულ თავისი ნებით" წავიდა სახლში, ბიზნესის საკეთებლად, ეს ჩვენი ბუკია. სახლში წავიდა მეტრეველიც. პაატას პარტია საფუძვლიანად შეირყა და ისიც გეცოდინებათ, რომ დღე არ გავა, არ გვითხრან, ბურჭულაძეს გაექცნენო! ვიღაც მალე იტყვის, ბურჭულაძეს პაატაც გაექცაო!

ქართულ პოლიტიკაში უმეტესად განაწყენებული ადამიანები ერთვებიან. მერე ისევ განაწყენებულები გამორბიან პოლიტიკიდან. აგერ, "ქოცებს" გამოექცათ მეჭიაური, "წითელი ჯვრის" ქერა ქალბატონი და რა ვიცი, ვიღა არა! "ოცნებაში" თუ ჰკითხავთ, კი არ გაექცნენ, მოიცილეს! ახლა ბესელია-კობახიძის მოცილებაც თუ მოახერხეს, დამიჯერეთ, რეპუტაცია გაეზრდება "ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობაც გარანტირებული აქვთ მერე, ბიძინისტებს!

რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალას - "ნაცმოძს", რაღაც არაორდინარული მანდაც დაიწყო. ისეთი პოპულისტური იდეების ფრქვევა დაიწყეს, თარხან-მოურავი დაიჩრდილა. ჯერ იმდენი ხალხის დასაქმებას გვპირდებიან, მსოფლიოს მუშახელი არ ეყოფათ და ცალკე თემაა პენსიების ზრდის პერსპექტივა! დასაქმება იქით იყოს, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად იკვეთება ცალკე ფრთა - სანდრისტების.

ფიქრობენ "ნაცები", რომ ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი სამეგრელოში ექნებათ და ბოლო კოზირი გამოიყვანეს ასპარეზზე, ნალედარის სახით, რომელმაც დიდებული ჭეშმარიტება იღაღადა: "საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს... ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს". სანდრა, ნუთუ ეს შენ ხარ? გვეშინოდეს რა, ბუაა შენი ქმარი?! ან ის რა იყო, აგვირჩიეთ და აწი გლახას აღარაფერს ვიზამთო?! ან იმას რომ ამბობენ, "ნაციონალებს" მაგარი პიარი აქვთო, ეგაა საზოგადოებასთან სასაუბრო ენა?! ამაზე ერთი "მწარე" უპარტიო "ფეისბუკზე" წერდა: "ვისაც "ნაცები" და მიშა მაგარი პიარშიკი გეგონათ! რომ ვამბობდი, არ მიჯერებდით მაგათ სიბრიყვეს. ვიდრე რუსებისა და ამერიკელებისგან გამზადებული ინსტრუქციები მისდიოდათ, კი დააბოლეს ხალხი. ახლა თავად რომ გადაწყვიტეს ალაპარაკება, კი დაარტყმევინეს სანდრას მაგარი "რეჩი" - მეტს აღარ ვიძალადებთო. მაგარი პიარშიკები არიან, ვერაფერს იტყვი. იმაზე აღარ დავწერ, მედოლე ხაჩიძე რომ გამოყვეს, მერე ვაშაძე გამოყვეს, მერე რაღაც თუ ვიღაც კაციტაძე გამოყვეს და უკანასკნელი ჯოკერ-ბანიც გახარჯეს. ოღონდ ამის შემთხვევაში მოჯოკვრაზე მეტად "ნიჟე" გამოუვიდათ, ისეთი უაზრობები დაავალეს".

"ნაციონალებს" რომ ვუკრიტიკებთ წინასაარჩევნო კამპანიას, ეგებ გურიაშიც გადახედოს "ოცნებამ" სიტუაციას! ერთ მუნიციპალიტეტში ქმარი "ქართული ოცნების" ფრაქციას ხელმძღვანელობს და ცოლი - "ოცნების" მოწინააღმდეგის შტაბშია დამრტყმელი ძალა! ქართული არ გესმით თქვენ და ინგლისურად გეკითხებით: ვოთ იზ?!

პ.ს. ბოლოს მაინც პაატაზე მინდა დავწერო: "იავნანა" მისი დადებითი იმიჯი იყო ბან-ხმის მერე. ერთმა ფინანსისტმა დაითვალა "იავნანური" ანგარიშები და თქვენც წაიკითხეთ: ფონდმა 2011-2015 წლებში სულ მიიღო 9.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ქველმოქმედებაზე დახარჯა მხოლოდ 3.26 მლნ ლარი. იავნანას ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯები(6.57 მლნ) 102%-ით აღემატება მის საქველმოქმედო ხარჯებს (3.26 მლნ).

"იავნანას" შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვა შემოწირულობები (მთლიანობაში 7.41 მლნ ლარი) 127%-ით აღემატება ფონდის საქველმოქმედო ხარჯებს (3.26 მლნ). "იავნანას" დეკლარაციის მიხედვით, მარტო ადმინისტრაციის ხელფასები (1.75 მლნ) 40%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).

"იავნანას" დეკლარაციის მიხედვით, "ქველმოქმედების ორგანიზების ხარჯები" (3. 5 მლნ) 178%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).

"იავნანას" ადმინისტრაციის ხარჯები (3. 07 მლნ) 144%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).