კოკელი მერი, "პარტიზანკა, "ნაორმოცდაერთალები" და ვადაგაუსვლელი აბები
კოკელი მერი, "პარტიზანკა, "ნაორმოცდაერთალები" და ვადაგაუსვლელი აბები
გასულ კვირას ტერმინი "სოფლელი" კიდევ უფრო პოპულარული გახდა. თბილისის კოკელ მერს ნერვები მოუშალეს "მწვანეებმა" და ნარმანიამ სრულიად ახალი ჰიბრიდული წოდება მიაკერა მოწინააღმდეგეს - ვირიშვილი მაიმუნი!

მერე კი მოიბოდიშა, მაგრამ ბოდიში რომ შველოდეს საქმეს, მსოფლიო ფარმაცია მაგას სერიულად გამოუშვებდა და მერე გენახათ, აფთიაქებში პოლიტიკოსების რიგი რომ დადგებოდა - მართალია, მოგატყუეთ წინასაარჩევნოდ, მაგრამ კაცზე ბოდიშის ვადაუგაუსვლელ 10 აბს დავარიგებთო. ან სულაც სოციალურ პაკეტში შეიტანენ არჩევნებამდე 1 თვით ადრე და კოორდინატორები დაურიგებენ განაწყენებულ
ამომრჩევლებს!

მგონია, რომ ეს პარტიები წინასაარჩევნოდ რა დაპირებებსაც აფრქვევენ, მხოლოდ თავისიანებზე ახორციელებენ გამარჯვების მერე. აგერ, "ოცნებამ" - ჯაჭვლიანი თეთნულდის შეფად უნდა დავნიშნოო. თუმცა, ზოგჯერ თავისიანებსაც "გადააგდებენ" ხოლმე! ნანა ყეინიშვილმა რა დააშავა? ვინმეს სიტყვა შეუბრუნა თუ მარგალიტების ღილები ააჭრა რომელიმე ლიდერს? დაგენიშნათ სადმე კარგი კურორტის დირექტორად,
ისიც არ დატოვებდა "ოცნების" რიგებს და ეს უკვე ნიშნავდა პარტიის "კრეპკოსტს"! ახლა როგორია, "ნაორმოცდაერთალი" გახდა ამდენი ღვაწლმოსილი ხალხი: "ფორუმი", "რესპუბლიკელები", "თავდემები", "მრეწველები", ომარ ნიშნიანიძე და მეჭიაურიც კი! ბიძინას მიეცა ამათი ცოდვა, ომარი პერსპექტივაში დაეტოვებინა ქუთაისის საზღვაო პორტის ხელმძღვანელად, ხოლო მეჭიაური - ახტალის კურორტის ბოსად!
თანაც ამ უკანასკნელს კახეთში "საგადასახადოს" ჩინოვნიკად აქვს კაი გვარიანი დრო გატარებული! მაქვს სერიოზული ეჭვი, ჯაჭვლიანი და მეჭიაური ნაიბიარდებიც იქნებიან 37 მანეთად! ეს უკვე ნიშნავს, რომ მათი თაობის სლავი დედაკაცები მოაწყდებოდნენ ქუთაისს პორტით, ახტალას აბაზანების მისაღებად (როგორც შავი იუმორით ამბობენ, ასაკში შესულები ახტალაზე საუკუნო ძილის პრეტესტს გადიანო).

ახლა "ოცნებას" დავანებოთ თავი და პაატას შევაწიოთ ორიოდე სიტყვა. წინა "პროვოკაციის" გამოქვეყნების მერე მეგონა, პაატა ბურჭულაძე ცოტა მოზომილს გახდიდა თავის განცხადებებს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! განმუხურში სამეგრელოს, გურია-იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, ფრიად პერსპექტიული მომავლის შექმნას დაგვპირდა: "დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს!" ანუ, თუ პაატა მოვა პარლამენტში, 2020 წლისთვის უკვე მილიონი სოციალურად დაუცველი ვიქნებით? ესა, ბატონო ბანო, ფროიდისტული წამოცდენაა თუ უვიცობა?! არც ერთი არაა კარგი. თუ ჩვენი გამათხოვრება ქვეცნობიერად გნებავთ, მაშინ თქვენ ხართ მტერი და თუ უვიცობით, მაშინ რატომ გაქვთ პრეტენზია მაღალკვალიფიციური გუნდით ხელისუფლებაში მოსვლაზე?!
"გუშინ" შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ პენსიონერებს, სწორად რომ გადანაწილებულიყო ბიუჯეტი, 250 ლარი უკვე გუშინ ჰქონოდათ. შეიძლებოდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ!" - ესეც თქვენი სიტყვებია, ბა-(ტო)ნო პაატა! ვითომ არ იცით, ბატონმა ნათელაშვილმა დაგასწროთ ყველას და ასტრონომიული პენსია მოგვთავაზა, ოღონდ ვერ მივაღწევთ იქამდე, გამორიცხულია! თანაც, 100 წლისას რაღად მინდა 2 ათასი ლარი პენსია?! ზღვაზე ნაშების დასაკერად და სამოგზაუროდ მე აღარ ვივარგებ და თუ ვერ დავხარჯე, რად მინდა ამხელა თანხა?!

პ.ს. მეუბნებიან, პროვოკატორო, ბოლო დროს კოპროლალია დაგემართაო. ბილწსიტყვაობის სურვილი წამოგივლის, აბა, რა იქნება, ამ ჩვენს პოლიტიკურ ატმოსფეროში ცხოვრებისას? ამიტომ არც ნატა ფერაძის გინება მიკვირს და არც "ტყ"-ძირიანი ზმნების სიმრავლე, ჩვენს ლექსიკაში. წარმოვიდგინე, რომ ხვალ ეს ჩვენი "პარტიზანკა" შეიპაროს ნარმანიას კაბინეტში და იქ დატოვოს ბლაგვი ნაჯახი და "უცეფო" ბენზოხერხი, წარწერით: "დავით, ჩემო მერო, არა ხე ჭრა, არ იუზრდელო, პატივი ეც ქალაქსა ჩვენსა! პატივისცემით, ნატა!" იქვე მეორე წარწერაც: "თუ ისევ მოჭრი, კაბინეტში შემოგიტან თხილისტარიან თოხს და გაგიშვებთ კოკში!" კოპროლალია და ჯანდაბა თქვენ, პოლიტიკოსებო!

jiji
05 სექტემბერი 2016 15:42
ეს, რაღაც, არ ჰგავს დოლიძის შემოქმედებას! ხომ არავინ გცვლისხოლმე ზვიად?!
grigori
05 სექტემბერი 2016 09:50
თქვენ წერთ: "ნანა ყეინიშვილმა რა დააშავა?". დავიჯერო არ იცი, რას აკეთებდა ქართული წითელი ჯვრის პრეზიდენტი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს? საერთაშორისო წითელმა ჯარმა საქართველოს მთლიანად შეუწყვიტა დახმარება, იმ მიზეზით, რომ ქალბატონ ნანას ერთი თეთრის ღირებულების დახმარებაც კი არ მიჰქონდა ხალხთან,ყველაფერი "გვერდზე" იყიდებოდა! თქვენი აზრით რომელიმე კურორტი უნდა ჩაებარებინათ?! ხომ უტირებდა დედას იმ კურორტს? არც ჯაჭვლიანი დააყრის ხეირს "თეთნულდს"!მისი მკლავჭიდელებიც თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ "იბიარდს".
grigori
05 სექტემბერი 2016 09:40
ძალიან სუსტი სტატიაა! ცდილობს გაათეთროს ტუტუცი დედაკაცი. ბუნება უნდა დავიცვათ, მაგრამ ეგ დედაკაცი ნამდვილად არაა ბუნების დამცველი.უმჯობესია იმ "საქმეს" დაუბრუნდეს, რასაც მისივე სიტყვებით აკეთებდა 2012 წლამდე! ნატამ უნდა უთხრას ნარმანიას არ იუზრდელოო? პროვოკატორო თქვენ ხალხი დებილი გგონიათ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები