მელიას დაპირება, ბიძინას "პოლიტპროექტები" და ანეკდოტი მიხოზე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიას ბოზობაში ნუ ურევო! - კვირის პალიტრა

მელიას დაპირება, ბიძინას "პოლიტპროექტები" და ანეკდოტი მიხოზე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიას ბოზობაში ნუ ურევო!

შემოდგომობით ორი დიდი სანახაობა გვაქვს საქართველოში: ქალაქობანა და არჩევნები. მართალია, ამა თუ იმ ქალაქის დღესასწაული ყოველწლიურად იმართება, ხოლო არჩევნები - პერიოდულობით, მაგრამ მაინც კარგია! აი, მოდის საარჩევნო დრო და იწყება ცემენტი, ბეტონი, მოფერება და ზღაპრების კასკადი! ახლახან ზუგდიდობა გამართულა და სანდრასთვის კვახი უჩუქებიათ. კი, გასაგებია, რომ შემოდგომაა, მაგრამ კვახის მეტი ვერაფერი გაიმეტეთ, ზუგდიდელებო? ან რა დატვირთვა მაგას აქვს? ბუმერანგი მაინც ეჩუქებინათ, მიშას დიდებული საქმეების შემობრუნებისა და გაგრძელების სიმბოლოდ?!

ბუ-მერანგზე გამახსენდა. ახლახან "ფეისბუკზე" ერთმა ქალბატონმა დაწერა: "ბუ-ზე დაწყებულმა პოლიტიკოსებმა დაყვინთეს... ბუ-რჭულაძე, ბუ-რჯანაძე, ბუ-კია, ბუ-კა პეტრიაშვილი კიდო!" აი, ბუ-ზე თუ არ იწყება ჩვენი პაატას სახელი, იმიტომ არ ჩაყვინთა ქართული პოლიტიკის ფსკერზე?! ხათუნამ, ლაგაზიძემ თქვა: "პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა - ყველაფერი ერთად!" კარგა ხანს არ გაამხელენ, რატომ შეიქმნა პაატას პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც შესულიც ბევრი გვინახავს, გამოსული კიდევ უფრო მეტი! შესვლა-გამოსვლის მოტივი კი ვიცი, ამას აღარ უნდა დიდი ფიქრი: შევიდნენ სკამებისა და ფულის მოლოდინით და გამოცვივდნენ უპერსპექტივობის გამო.

გასაგებია, რომ ეს ჩვენი ბიძინა არ არის მესია, აგვიფეთქა საყდრისი და დაგვიტოვა მურუსიძე სასამართლო სისტემაში, მაგრამ ერთს ვეტყვი ჩვენს სასიქადულო ბანს: მიშამ მთელი საქართველო წყალს რომ გაატანა, მაშინაც გაგეღო ეგ ხავერდოვანი ხმა და მერე უკვე გექნებოდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის უფლება! ვაკვირდები პოლიტიკურ სპექტრს და ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ისეთს, ბიძინას რომ ჩამოართმევს პირველკაცობას. ისე, ნეტავ ბიძინას! ახლახან მაგან თქვა, 1-2% მრჩება პირადულად ჩემი შემოსავლებიდანო. ეჰ, ნეტავ ყველას ეგეთი ორიოდე პროცენტი რჩებოდეს და ვიღა იწუწუნებს მერე, სოციალური შემწეობა დამინიშნეთო?!

არჩევნები მაინც კარგი რამეა! ბროლის კოშკებს, მუდმივ გაზაფხულსა და სიკეთეს გვპირდებიან პარლამენტის სკამებისთვის უკანალაქავებული ხალხი! ფინანსური კეთილდღეობის ფონზე ასეთი დაპირებები გვაკლია: ხინკალი (ათი ცალი), ქაბაბი (ხორცის, ბუნებრივია), ლუდი (ევროპული წარმოების), სექსმომსახურება (ძაან ჰიგიენური) და სარესტორნო მუსიკა 10 ლარად! აი, ეს არ უთქვამთ, თორემ, სხვა აღარაფერი დაუკლიათ დანაპირების ნუსხაში!

აი, ის მაინტერესებს, ბიძინასგან შერისხულები მკერდში მჯიღს რომ იცემენ, ჩვენ მოვალთ და ავაყვავებთ ქვეყანასო, გრიგოლიჩის გვერდით ვერაფერი გააკეთეთ, ვერც მანამდე და ახლა რა პოტენციალი გაგიჩნდათ, 4 წელში რომ გვპირდებით აღორძინებას?! თან რომ ქირქილებთ, ბიძინას მილიარდიანი პროექტი რომაა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეგ მაკეტია და არ ასრულდებაო, განა თქვენ არ იყავით პოლიტიკური მაკეტები თუ ემბრიონები, პარლამენტარებად რომ გაქციათ?!

რამდენ ამნაირ "პოლიტმაკეტს" გაუთენდა 2012 წელს საოცნებო 1-ლი ოქტომბერი! ახლა კი 8 ოქტომბერს მათი პოლიტიკური შუქურა წყალდასხმული ნაღვერდალივით იფერფლება და ვინ გადაგასხამთ ნავთსა და ბენზინს ასაბრიალებლად? არ გქონდეთ იმედი არჩევნების შედეგების გამოცხადების მერე, რომ ანზორ მელია თქვენს გულწასულობას მიხედავს, თავისი გასჭირვებია კაცს, თუ ისევ "ქოცები" დარჩნენ სათავეში, უნდა მოვიკლა თავიო! ისე, ვისაც აზარტული თამაშების ბიზნესი აქვს, ეგებ დადოს ასეთი კოეფიციენტები: ა. მელია თავს მოიკლავს - 9,9; სასწრაფო დახმარება მიუსწრებს და გადაარჩენს - 1,1. "ფუფლო" გახდება - 0,0001.

პ.ს. მიხო ატარებს წინასაარჩევნო შეხვედრას მოსახლეობასთან და აცხადებს: ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, უნდა აკეთოს ის, რაც მას სურს და უყვარს. შაქრო ეკითხება: ჩემი ნაზიკო მომწყინდა და შეიძლება, ჟუჟუნას დროდადრო რომ შევუგორდე საწოლშიო? მიხომ მრავალმნიშვნელოვნად უთხრა: - თუ ჟუჟუნა არაა წინააღმდეგი, რატომაც არაო?! საღამოს მიხოს ცოლი ეკითხება - მიხოჯან, აგერ ჩვენი მეზობელი ვანუა არაა წინააღმდეგი და არც მე ვეურჩები, ხო არ შავუმსო ამაღამ ლოგინი შენი საარჩევნო დაპირებების ფარგლებშიო? - ქალო, შენ წინასაარჩევნო კამპანიას ბოზობაში ნუ ურევო! - გაცეცხლდა კანდიდატი...