პოლიგლოტი სანდრას დილემა, ანუ როგორც კვახი ვერ გახდება შირაზის მინა, ისე ვერ გახდები შენ მეორედ პირველი ლედიო...
პოლიგლოტი სანდრას დილემა, ანუ როგორც კვახი ვერ გახდება შირაზის მინა, ისე ვერ გახდები შენ მეორედ პირველი ლედიო...
დავაკვირდი და "ქართული ოცნების" პლაკატებს წინასაარჩევნოდ ყველგან ხევენ, ქართლ-კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოშიც. ნაკლებად მგონია, რომ ეს ამომრჩევლის აგრესიის შედეგი იყოს. ალბათ უფრო პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერები ღამით დაძვრებიან ღობე-ღობე და კედელ-კედელ, ქაღალდის სამუსვრელად.

გუშინ გავიარე ერთ ხიდზე და დავინახე "ბიძინისტის" პლაკატი დიდი ამბით (უფრო - წებოთი) მიკრული მოაჯირზე, დღეს გამოვიარე და უკვე "რესპის" ფოტოა მის ადგილას. ბუნებრივია, ვერ დავუმტკიცებთ ჩვენ ახლა უსუფაშვილ-ბერძენიშვილებს, რომ მათმა მხარდამჭერმა

ჩამოგლიჯა N"41", მაგრამ "რესპუბლიკური პარტიის"
ხატება რატომაა "ოცნებელის" ადგილას და არა, ვთქვათ, დამოუკიდებელი კანდიდატების?!

სუიციდის თემა ქართულ პოლიტიკაში აქტიური გახდა. ბერძენიშვილი ლევანი, როგორც პოლიტიკიდან შინ დაუბრუნებელი პერსონა, 8 ოქტომბრის არჩევნების მერე მდინარეში აპირებს დახრჩობას, ზაზა ხუციშვილმა თუ აჯობა. ნაკლებად მგონია, რომ ლევანმა თავი დაიხრჩოს. არადა, იმ ასაკში, ლევანი რომაა, რა
სჯობს სარწეველა სავარძელში ჯდომასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან "მოხსნილი" პარლამენტარის პენსიის კუკვნას? აქვე დავამატოთ, სუიციდზე, ფაქტობრივად, მამა მელიამ უარი თქვა ამ სიტყვებით - თვალებში ჩამაფურთხეთ, ერთ წელში თუ არ თქვათ, სანდრამ სიკეთე მოგვიტანაო! ნამდვილად იცოდეთ, რომ ანზორ მელიას სიტყვიდან გადასვლა თვითმკვლელობის შიშით კი არაა გამოწვეული, არამედ - ჰოროსკოპის არევით!

ისე, პოლიტიკოსები გულმოდგინედ ცდილობენ, მოგვატყუონ, თითქოს მათ ქმნეს ყველაფერი საქართველოში. აგერ, ბატონო, ჩვენი ჰოლანდიელი რძალი კოლხური ვოიაჟის ფარგლებში აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება და თან მიშას დროს გარემონტებულ სკოლებში ისე დააბიჯებს, ვითომ ნამზითევი ფული მისცა მიშას, მიშამ კიდევ, რას ამბობთ, მოყვრებისა არაფერი მჭირდება მე და "ფაბლიქ სქულს" გავარემონტებინებო! ერთ ზუგდიდელს უკითხავს სანდრასთვის, - მართლა იცი მეგრულიო?! - აბა, რაო?! - მიუგია ნალედარს. - მაშინ თარგმნე: - კოპეშია ვეუაფ შირაზიშ ოწუდე, მუდგა თინას სი ოხაშეს ვაგმადვენიო. ვერ უთარგმნია პოლიგლოტ ქალს და ისევ მეგრელს უთქვამს: - როგორც კვახი ვერ გახდება შირაზის მინა, ისე ვერ გახდები შენ მეორედ პირველი ლედიო...

საპარლამენტოდ გამზადებული "არაქოცი" კანდიდატები ქრონიკულად გვპირდებიან პენსიის გაზრდას, საჩურჩხელე ძაფის ნემსში გაყრას, გზების მობეტონებას და ათას სიკეთეს! "ქოცები" კი დაპირებებს ნაკლებად იძლევიან. მიუხედავად სიფრთხილისა, "ქართული ოცნების" კლიპში იპოვა ნუგზარ წიკლაურმა ბიძინას "გოგო-ბიჭების" უმაქნისობის ელემენტები: - ამხელა კლიპში ერთი გაკეთებული საქმე, მათი ერთი ნამოქმედარიც კი არსად ჩანს. ეს მთები და მდინარეები, ლურჯი ცა, მწვანე ველები სულ იყო. ზღვა და მზეც, ცხვრის ფარები და კავკასიური ნაგაზებიც, ტაძრები და ციხეები სხვა დროს და სხვა ხალხმა ააგო, თქვენ რა გააკეთეთ, თქვენ ერთი შენობითაც რომ ვერ დაამახსოვრეთ ვერავის თავიო! ამის გამგონე "ნანაცარმა" "ქოცებმა" "ბლექ სი არენა" გაიხსენეს, მაგრამ კამათი არ დაუწყიათ წიკლაურთან, რას გაიგებ, მიშა ოდესელი ისევ თბილისელი რომ გახდეს, მაგის პარტიაში დასაბრუნებელი პირი ხომ უნდა გვქონდესო?! ნეტავ შეიძლება, დავეკითხო ბატონ წიკლაურს, რაც სხვა ხალხმა შექმნა საქართველოში, მთიან-ზღვიან-მზიანად, "ნაციონალების" დროს ხომ არ შექმნილა?

პ.ს. ბიძინა და ბონდოია მოხვდებიან პლასტიკური ქირურგიის კუნძულზე. ბიძინა ეუბნება ბონდოიას, - მილიონს მოგცემ, ოღონდ პაატას სახე "გაიკეთეო". დატრიალდებიან პლასტიკური ქირურგები და შექმნიან მეორე პაატას. ბიძინა დაიწყებს ორატორობას და ახსენებს პაატას ცოდვებს, ნამუსზე აგდებს... - ბონდოია ვარო, - იძახის ფულით მოღორებული გაპაატებული. მაცადე, კაცო, გულში რაც მაქვს სათქმელი, გეტყვი და გინდა, ბონდო იყავი და გინდა - სილიბისტროო! - უთხრა გრიგოლიჩმა.

პ.პ.ს. ბიძინას ეკითხება უცხოური პრესის წარმომადგენელი: ბატონო ბიძინა, ორიოდე სიტყვით გვითხარით, რას ჰგავს საქართველოს პარლამენტი? - რას ჰგავს და საჩხერე-კორბოულის "მარშრუტკას", რომელშიც "სიდენია" ცოტაა და დაჯდომა კი ბევრს უნდაო!

ava
28 სექტემბერი 2016 15:39
აბა შირაზის მინებიიიიი ჩასმა უფასოოოდ
hghg
26 სექტემბერი 2016 11:02
ანეგდოტები ბიძინამ გასწავლა?
კოკა
26 სექტემბერი 2016 11:01
შირაზის მინა მაგარია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები