გასანდრებული მიშას ამბავი - კვირის პალიტრა

გასანდრებული მიშას ამბავი

იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ერთი პროვოკაცია ვერ დაიტევს, მაგრამ მომავალი ხუთშაბათიც ხომ ამ წლისაა? ჰოდა, შემდეგ ხუთშაბათსაც მეყოფა გასული კვირის შთაბეჭდილებები, რომ წერის მოტივაცია არ დავკარგო. თუმცა, მეუბნებიან, გასული კვირა არაფერია, მომავალი უკეთესი მოტივატორი იქნება, რადგან არჩევნების დღე ახლოვდება და ქვის სროლასაც დაიწყებს ბევრი კანდიდატიო.

ქვა არ უსვრიათ, მაგრამ ადრე რომ რევოლუციას აპირებდა, იმ ღლონტმა და კიდევ კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიის წევრმა, ზაზა აგლაძემ მაკა რაზმაძის ეთერში ჭიქების ისეთი "პერესტრელკა" მოაწყვეს უხამსი სიტყვების თანხლებით, გადამთვრალი მაყრიონი მეგონა და არა - პოლიტიკოსები. ზოგადად, ცივი წყლის ეფექტი კარგია, ოღონდ არ არის მოსაწონი გინება! ზოგიერთ დარბაზში თურმე, სადაც დარბაზისთვის შეუფერებელ საქციელს ჩაიდენ (მაგალითად, სიგარეტს მოსწევ), წყალი დაგესხმებაო. ეგებ ასე მოაწყონ ტოქშოუების დარბაზები! რომელი მოდებატეც "ტყ"-ძირიან სიტყვას ახსენებს, ეგრევე წყალი ჩამოესხას ჭერიდან! უბრალოდ, აქ გასათვალისწინებელია ის, რომ "ტყ-ემალაძე", "ტყ-უილი" და მსგავსები არ ახსენონ, თორემ ყველას ჩაუტარდება აკვათერაპია!

პაატა ამბობს, ბოლო 25 წლის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი მაგარი გუნდი არ ჰყოლია, როგორიც მეო. ბა(ტო)ნო პაატა, ყველა გამოვიდა შენი პარტიიდან და ვიღა დაგრჩა გუნდში, გაგვაგებინე! თუმცა, არც 8 ოქტომბერია შორს და უკვე ათეულ-ასეულობით პოლიტიკური სუბიექტი იზეპირებს ტექსტს, როგორ გააყალბა ბიძინამ არჩევნები! განსხვავებული რამის თქმას აპირებს, ვფიქრობ, შალვა ნათელაშვილი. აქამდე ხომ უყალბებდნენ ხალხს არჩევნებს, ახლა მაგას ვერ იზამენ, 2 კვირაში მე მოვდივარ, როგორც პოლიტიკური ცუნამი და 55%-ით გადავუვლი "ქოცურ" მთავრობასო. თანაც, იქვე დაამატა: - აი, მაგას რომ მიხვდება ეგ ჭორვილელი, დუშელი რომ ჩავენაცვლები, ჯერ ფეხსაცმელებიდან ამოხტება, მერე ტანსაცმლიდანაც ამოსკუპდება და შედეგების დათვლისას მთვარეზე გაფრინდებაო! არიქა, შალვა, ეგ ბოლო არ მოხდეს, იქაც რამეს გახსნის, დედამიწაზე ყველა ბიზნესი მაგისია, მერე ატმოსფეროსა და კოსმოსსაც ეგ მიისაკუთრებს! აბა, როგორია, მიფრინავს ნასას ეკიპაჟი და მთვარესა და მარსზე და ბიძინა "უკალონკებს" საწვავს, ჩიფსებსაც იქ ყიდულობენ კოსმონავტები და ეგ უნდა ბიძინას მილიარდებს კიდევ?!

თავი დავანებოთ შალვას ახლა და ისევ მარადიულ თემას, ბიძინას მივუბრუნდეთ. აფხაზებს ეუბნება, ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, ერთად ვაშენოთ ქვეყანა, ამის სურვილი და შესაძლებლობა მაქვსო. აფხაზებს ვინ ეკითხება, თორემ სიამოვნებით დაიკაპიწებენ ხელებს მომავლის საშენებლად. თუმცა, მაგას დააცდის მიშა?! ოდესაში რუკაზე წამოწოლილი აფლომასტერებს საქართველოს კუთხეებს, სავარაუდოდ, იქვე ოდესა-სოლოლაკის გვირაბის გათხრის მუხანათურ გეგმას აწყობს და შემოგვეპარება ოქტომბრის ბოლოს სანდრას ფორმით! არ ვაჭარბებ! ასე განაცხადა ზუგდიდური აქციის დროს მაგან: დღეს მე სანდრა ვარო! როგორ უნდა ამოიცნოს უშიშროების სამსახურმა შემოპარული მიშა?! თმა შეიჭრა ალბათ, სანდრას პარიკი რომ მოირგოს კარგად, მაგრამ მაინტერესებს, როგორ დამალავს ნიჩბით დაკოჟრილ ხელისგულებს, რომელიც გვირაბის თხრის დროს დაუსკდება?!

ამომრჩევლებს რა ადარდებს ამ არჩევნების წინ, ეს თემა მაინტერესებდა ყველაზე მეტად. ვინ გაიმარჯვებს, მაგას არ დავეძებთ, მაგათ შორის განსხვავება მხოლოდ სახელებშია, მე ის მადარდებს, რომელ შტაბშიც მივედი, ყველგან უშნო ზომებით შეკერილი მაისურები დამახვედრეს, "ქართული ოცნებისა" - ბიძინას ტანის ზომაა, "ეროვნული ფორუმის" - გუბაზისა და მე არც ერთი არ მომერგოო, - მითხრა ერთმა.

პ.ს. ერთ-ერთ ჟურნალს ფოთის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია, კვლევებით, ყველაზე სიმპათიურ კანდიდატად დაუსახელებია. ბიძინას "ქართული ოცნების" შტაბში ეკითხებიან, ეს ამბავი დავატირაჟოთ თუ არაო? - არა, ალასანია ისედაც გაბუტულია და ახლა ყველაზე სიმპათიურის სტატუსს მაინც ნუ წავართმევთო...