"გასტროლიორი" მიშა და მეგრულად ამაოდ ამღერებული სანდრა - თარხან-მოურავზე ნაკლები წარმომავლობისები ნუ წაიკითხავთ! - კვირის პალიტრა

"გასტროლიორი" მიშა და მეგრულად ამაოდ ამღერებული სანდრა - თარხან-მოურავზე ნაკლები წარმომავლობისები ნუ წაიკითხავთ!

მეორე ტურამდე ცოტა დრო რჩება და ნერვებმა უმტყუნა "მიშისტებს". მოთქვამენ "ნაციონალები" რუსი ოლიგარქის უმრავლესობა მოდის და ქვეყანა დაიქცევაო. რა ვიცი, ჰქონდათ მაგათ ადრე საპარლამენტო უმრავლესობა და ავშენდით მაშინო! ყოველ შემთხვევაში, "რუსთავი 2" ასე ამბობდა და კი სჯეროდა ხალხს მიშას მოყოლილი მითები აშენებულ-აყვავებული საქართველოს შესახებ. ახლა "ჯიდიესი" მოგვიყვება აყვავების შესახებ, რა გვიჭირს, ცხრა წლის ნახევარი კია უკვე გასული და ერთი ამდენიც ვადროვოთ!

არა, ნამდვილად დიდებული პოლიტიკოსია მიშა! ცხრა წელში თუ ქვეყანა ვერ ააშენა, სანაცვლოდ, გონება კი გადაუბრუნა ხალხს თავში. რატომ უნდა მიეღო ამხელა ლეგიტიმაცია "ნაცმოძსა" და "უმარილო" ბიძინისტებს გაჰყოლოდნენ მეორე ტურში საჯილდაოდ?! - დავსვი ეს კითხვა და პასუხიც მოვძებნე: "ნაცმოძს" ჰყავს მიშა არაგასტროლიორი! მართალია, ოდესაშია ახლა გუბერნატორად ნაპრეზიდენტალი, მაგრამ ჩაივლის საარჩევნო დუღილის დრო და ჩამოვა! მოენატრა კახური ზვრები, ბათუმური ყავა (ყავაც ვარშალომიძემ ხომ არ შეიტანა ბათუმში ნეტავ? მიშამ ბრძანა, სანამ ლევანი არ გამოჩნდა, აჭარაში საჭმელი არ იყოო!) და თბილისური სუში!

"რა თქმა უნდა, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, არჩევნებში გამარჯვება უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა, ახლა ჩემი პარტია ლიდერობს, ჩემი მეუღლე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერია. ვფიქრობ, ამ არჩევნების მოგების ძალიან კარგი შანსები გვაქვს. უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, მე აქ ისე არ ჩამოვსულვარ, მე ხომ გასტროლიორი არ ვარ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აქ ბრძოლის ველი უნდა მივატოვო. თუმცა ცალსახაა, არჩევნების შემდეგ მე ჩავალ საქართველოში, მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ავიღებ შვებულებას საკუთარ ხარჯზე და უახლოეს დღეებში გარკვეულ პროცესებში ჩავერთვები", - თქვა მიშამ და რომელიღაც მისმა ფანატიკურმა მხარდამჭერმა ტელევიზორის წინ მკერდი მოიშიშვლა ძახილით: მოდი, მიშა, დაგენაცვლე, მოდი!

კი იციან ცივი გონებით მოაზროვნეებმა, სანამ ბიძინა სოლოლაკის კოშკში ზის, მანამდე მიშას ბუნდღა ვერ შემოციცინდება საქართველოში! აგერ, გაფუფლოვებული მამა-მელია უკვე ცივი გონებით სჯის რეალობას: "მე ჩამოვშორდი პოლიტიკას, იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადების გამო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს მოვეშვი, არ ვაკეთებ! სამედიცინო სფეროზე შემეკითხეთ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. მე პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი არასდროს!" ნეტა ნიკანორიც მაგას იტყოდეს, სერგო რატიანიც და "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი! ამის მერე "ქართული ოცნების" დაშლა დაიწყება და შეიქმნება შიდაოპოზიციური განწყობა. აბა, ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე რა გააჩერებთ ამ ძალადპოლიტიკოსებს?! იქნებიან კვირიკაშვილისტები, კალაძისტები, კობახიძისტები, რომლებიც ბიძინას მადლობელი დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მისი ნებითა და ძალისხმევითა მოსხდნენ სკამებზე ბესელიები და არა მარტო ისინი!

საიდან მოძებნა ბიძინამ ამდენი არამოლაპარაკე "ქოცი", არ ვიცი. "ნაცები" სადაც უნდა იყვნენ, წარბშეუხრელად მეტყველებენ დიად ცხრა წელზე, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ხუხულასავით ჩამოშალა! გაბუნიას "არჩევანში" რომ არ მიდიან ბიძინისტები, რატომ არ მიდიან?! იმიტომ, რომ სევდიას მოღვენთილი სახის ტრაგიზმს ვერ უძლებენ?! ეჰ, ჩემო გრიგოლიჩ, დაგეტოვებინა თინა ხიდაშელი შენს გუნდში და მაგათ კი მოგიცელავდა პირდაპირ ეთერში თივასავით! ახლა სესიაშვილი "მოაკეტინებს" აბესაძეს? ან ქუცნაშვილი დაადუმებს რურუას?! რურუაზე გამახსენდა, ია მეტრეველსაც მისვლია სატელეფონო შეტყობინება, მთაწმინდაზე მხარი ნიკას დაუჭირეო! აი, ეგ თუ სწორია, ეგაა პროვოკაცია, აბა, ჩემი ეს პატარა სტატიაა პროვოკაცია?!

სანდრას განუცხადებია, ედიშერ თოლორაიას ვერ გავყვები მეორე ტურში, წავაგებ, რადგან ეგ პოლიტიკური დუელი ჩემსა და პრადოზე ამხედრებულ თოლორაიას შორის კი არაა, არამედ ჩემსა და ბიძინას შორისააო. რა ტყუილად ილაპარაკა მეგრულად ჰოლანდიელმა ჩვენმა რძალმა, სიმღერას რომ თავი დავანებოთ! სიმღერას მართლა უნდა დავანებოთ თავი, რადგან ამ ბოლოს პაატამ და ხაჩიძემ რაც იმღერეს, არ გაუნაწილონ თავის ამომრჩეველს!

პ.ს. ბიძინას უდგას წინ დიდი მაგნიტოფონი და კასეტას ატრიალებს ხელში. ბესელია ეკითხება:

- ბატონო ბიძინა, რა არის მაგ კასეტაზე ჩაწერილიო? ამაზე ნათელაშვილის საუბარია "ჩანაპისანებული", მინდა ვალაპარაკებ, მინდა გავაჩუმებო!

პ.პ.ს. თარხან-მოურავის გენეალოგიაზე ნაკლები წარმომავლობის მკითხველმა არ გაბედოს ამ პროვოკაციის წაკითხვა, ჩემი მოთხოვნაა!