"ამერიკას ტორნადო ანჯღრევს, იაპონიას - მიწისძვრა, ჩვენ კიდევ - ინაშვილიო!" - ხადური ცხვარში, ირმა პარლამენტში, გიგლა მთავრობაში - კვირის პალიტრა

"ამერიკას ტორნადო ანჯღრევს, იაპონიას - მიწისძვრა, ჩვენ კიდევ - ინაშვილიო!" - ხადური ცხვარში, ირმა პარლამენტში, გიგლა მთავრობაში

მთავრობა დაგვიმტკიცა პარლამენტმა და უკვე თავი გვაქვს ქუდში! მართალია, მასწავლებლების უმეტესობას არ ეზრდება ხელფასი, მაგრამ დოლარის კურსი ხომ იზრდება?! ფრიად დიდი ნუგეშია! ეს ჩვენი ეკონომისტები, ფინანსისტები და ვისაც არ ეზარება, ყველა დოლარის კურსის აწევის მიზეზებზე ლაპარაკობს.

ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, მიზეზების ჩამოთვლა კი არ გვინდა, არამედ - მსყიდველუნარიანი ფული! ისე, გულწრფელად ვკითხულობ: ბოლო დროს ეს დოლარის კურსი ნიტრატიანი საზამთროსავით რატომ იზრდება?! ვიღაც ხუმრობდა ამას წინათ, დაწუნებული ნოდარ ფინანსისტი ცხვარში წავიდაო! ეჭვი მაქვს, იქ ცხვრის საჭმელად წავიდოდა, აბა, რომელი ალექსანდრე ყაზბეგი ეგ მყავს, ფუფუნება მოსძულებოდა და გლეხური ცხოვრების გაცნობას დახარბებოდა?

რა მიზიდულობა ჰქონია ამ სკამებსა და თანამდებობებს?! აგერ, ეკა ბესელია გამოსულა სიტყვით და უთქვამს: ბიძინას გამოსვლებითა და მანერებით მოხიბლული ვარო. სად ნახა, მაგ შეჩვენებულმა, მოსახიბლი მანერა და გამოსვლა?! სწორედ მაგიტომ უთქვამს დიდ ნიკა გვარამიას: "ქართული ოცნება" შტერების სამჭედლოაო! შტერები ეძახე და კი მოსხდნენ სკამებზე ენძელები, გუგულები და ირმები! "ქოცებმა" წინა ოთხი წარუმატებელი წელი სულ "რესპების" ანგარიშზე დადეს, კულუარული საუბრებით (კი მოგეხსენებათ, ჩვენში კულუარული საუბარი ფრიად ეფექტიანია) და მომდევნო წლებს ვის შეტენიან? "ნარესპუბლიკარ" გიგლა აგულაშვილს, "ნათავდემარ" ვიქტორ დოლიძეს თუ სულაც "ინფრასტრუქტურელ" ზურაბ ალავიძეს, რომელსაც ოფიციალურად ადრე "ნაციონალური მოძრაობისთვის" 35 ათასი ლარი გადაურიცხავს!

მინისტრებს კი დაუტატანა ირმა "ობიექტიველმა": "კულტურის" მიშა საყდრისის აფეთქების გამო უნდა გასამართლდეს, გიგლა ბიჭი - საგარეჯოს არჩევნების გაყალბების გამოო. ირმა, "პაიმი ნაკანეც", აღარაა გიგლა ის თამრო კი არა, გიგლა! იყო "რესპი" და გარემოს (თუ თანამდებობის) სიყვარულის გამო დატოვა რესპების რიგები! არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ გიგლას მიაწერენ ფრთიან გამონათქვამს: ამერიკას ტორნადო ანჯღრევს, იაპონიას - მიწისძვრა და ჩვენ კიდევ - ირმა ინაშვილიო! ასე თუ გააგრძელა ირმამ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე გაორმაგდება "პატრიოტთა" რიცხვი პარლამენტში და მერე ნახონ "ქოცებმა" და "ნაცებმა" პოლიტიკური ტორნადო, მიძისძვრა და ღვარცოფი!

რატომღაც, ირმას ჯეჯელავა ჯერ არ შეუსვამს ვირზე, უკუღმა. თუმცა, განათლების "ექსპერტებმა" (ყოველი მეორე განათლების ექსპერტია, "ფეისბუკზე") უკვე დაწერეს დასკვნა: ჯეჯელავა არის ქართული განათლების დასრულების წინა დღე და ეგებ ვინმემ გააჩეროს, ზღაპრების მერე გეოგრაფიას, ქიმიასა და ფიზიკას რომ მიადგაო. სოციალურ ქსელებს რომ გადავხედე, ვირტუალური 90-იანების დასაწყისი მეორდება! ზოგან გინებაა, ზოგან ფურთხება და ზოგან იარაღსაც ატრიალებენ! სხვისი არ ვიცი და რას გადაეკიდა ეს უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა - ჯეჯელავა, კომბლეს, წიქარას, ნიუტონსა და ერატოსთენეს? თურმე, ნუ იტყვით, არაფერში გამოსდგომია ბატონ მინისტრს სახელმწიფოთა დედაქალაქების ცოდნა! "მოგუგლავ" და ეგრევე ამოგიყრის ვიკიპედია და კიდევ რამდენი საიტი, ყველაფერსო... თან კიდევ, სჯობს მეზობლების სიყვარული ისწავლონ ბავშვებმა და არა - ნიუტონის კანონები, ან კიდევ - ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობის საწინდარი ქიმიაო! დედაქალაქების, არქიმედეს კანონისა და აზოტმჟავას ფორმულის ცოდნის გამო არ შემძულებია მეზობლები! ისე, ჯეჯეს დაწუნებულ "ვეფხისტყაოსანში" რომაა გაღმერთებული სიკეთე, სიყვარული, გუნდურობა და მეგობრობა, რომელ ნაწარმოებში ნახა უფრო უკეთ, მაგ მამაცხონებულმა?!

პ.ს. პოლიტოლოგიის ლექტორი სვამს კითხვას: "ნაცები" და "ქოცები" მიფრინავენ თვითმფრინავით, ბორტზე გაჩნდება ცეცხლი და ვინ გადარჩება? სტუდენტებმა მაღალი სააზროვნო უნარების ტრანსფერით დაადგინეს, რომ გადარჩება საქართველო! თუმცა, ერთმა სტუდენტმა გამოთქვა ვარაუდი: მაგათ რა წაუკიდებს ცეცხლს, ჟანგბადის გარეშე წვა არ მიმდინარეობს და თბილისში "კისლაროდი" აღარ გამოიყოფა, მწვანე ნარგავების განადგურების გამოო. ლექტორი ფიქრობს: აი, რა მართალია ჩვენი მინისტრი, ქიმია რომ არ ესწავლა ამ სტუდენტს, არც ეცოდინებოდა წვის შესახებ არაფერიო...