უცნაური საკადრო პოლიტიკა - ალავიძის მრჩევლად მიშას პრესსამსახურის ექსუფროსი, მოადგილედ - ვერა ქობალიას ექსმოადგილე - კვირის პალიტრა

უცნაური საკადრო პოლიტიკა - ალავიძის მრჩევლად მიშას პრესსამსახურის ექსუფროსი, მოადგილედ - ვერა ქობალიას ექსმოადგილე

საკადრო პოლიტიკა გვაქვს, ღმერთმანი, ყველა ქვეყანას შეშურდება!

ერთი ქალბატონი მოთქვამდა, ჩვენს ინფრასტრუქტურელ ალავიძეს მრჩევლად დაუნიშნავს ვანო ნონიაშვილი, რომლის სამუშაო გამოცდილებაში მიშას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსობასთან ერთად აღნიშნულია აზერბაიჯანის ელჩობა და ოლიმპიური კომიტეტის ჩინოვნიკობაც, თუმცა, ალავიძის მოადგილე მატკავა მაინც "ხურავს თემას", - ვერა ქობალიას მოადგილე ყოფილა ადრეო...

კარგი, ბატონო, არც ალავიძე მოგწონს და არც მისი სტაფი, მაგრამ არჩილ თალაკვაძეს ვერაფერს დაუწუნებთ, მეტროთი დადის თურმე - მეთქი და ეგრევე ერთმა საკითხში გარკვეულმა პირმა მტყორცნა ინფორმაცია:

"პროვოკატორო, აჩიკო რამდენი წელი იყო სასჯელაღსრულებაში, ხომ გახსოვს? ჰოდა, აბა, თანამშრომლებს ჰკითხე და გეტყვიან, ჩვეულებრივი პოპულისტი, ვაშლატამა ბიჭია, ცინიკური და თავში აქვს მაგრად ავარდნლი. რა მეტრო, რის მეტრო? მარტო მინისტრის ლიფტით დადიოდა და თანამშრომელს არ უშვებდა შიგნით, ეტყობა ეშინოდა, ზედმეტი ჰაერი არ ისუნთქონო, ეგ მეტროში სარემონტო სამუშაოების სანახავად იყო მისული! თანაშემწეები ცოლის დაქალები ჰყავდა და იცი, რატომ? იმიტომ, რომ ცოლი ავადმყოფურად ეჭვიანი ჰყავდა, "კაპლებით" ხელში მორბოდა სამსახურში და დეტალებს ნუ მომაყოლებ! ცოლი საკუთარ დაქალებზე ეჭვიანობდა და ვიყავით ასე მხიარულად სამსახურში, მაგათი სცენებით! ჰო, "კსტატი", არც ერთი ვიზიტი, "დაჟე" ოფიციალურიც კი, ცოლის გარეშე არ ჩაუტარებია..."

ამას დაუმატეს მერე სხვებმა, გეშლება, პროვოკატორო, რა მეტრო, ეგ ქუთაისში მეტროთი როგორ ივლის, იქ არ აქვთ მეტროო და ნიშნიანიძის სახელობის პორტს იყენებს, სავარაუდოდ, მსუბუქი ორჩხომელათი ან კიდევ გონდოლითო... კი გავჩუმდი, რა მექნა? კომიტეტის სხდომები კი ტარდება თბილისში, სადაც მეტროპოლიტენია, მაგრამ საპარლამენტო ქალაქი ჯერ ისევ ქუთაისია და ჯობს, თალაკვაძის დაცვას თავი დავანებო!

ვენაცვალე საბანკო სფეროს, რაც მაგათ ადრე მიშასთვის "დოლიები" აქვთ მიცემული, ხომ უნდა აინაზღაურონ ჩვენს კისერზე?! როცა საბანკო სისტემა ასე ძარცვავს მოსახლეობას, რომელ ვიზალიბერალიზაციაზე ვოცნებობთ? ვიდრე ჩვენ უვიზო მიმოსვლაზე დანატრებული მივჩერებოდით ბებერ ევროპას, მანამდე მიკრონეზიამ, მარშალისა და სოლომონის კუნძულებმა, ტუვალუმ და კირიბატიმ მიიღო ეგ ბედნიერება! კი "გააპრავეს" ქოცებმა ეს საკითხი სწრაფად, მაგ ქვეყნებში ცოტა მოსახლეობაა, "ეტა რაზ" და კიდე "დვა" ისაა, რომ მანდედან ევროპამდე ისე ძვირია ავიაბილეთები, მაგ ფასად მალდივის რესპუბლიკაში ბარე 20 კუნძულს თხასავით იყიდიო! "ქოცებს" არც მაზნიაშვილის სკულპტურის სწორუპოვრობის შესახებ დაუკლიათ საუბარი, მაგრამ კვარცხლბეკის "მოკაფელების" ხარისხი რომ ვერ უძლებს კრიტიკას, მაგას კი აღიარებენ!

პ.ს. რიგითი "ქოცი" ეუბნება ბიძინას: "ძვირფასო, წუხელ მესიზმრა, თითქოს მინისტრის მოადგილედ გამიწიეთ რეკომენდაცია! - თუ კარგად მოიქცევი, შემდეგ სიზმარში მინისტრობაზეც გაგიწევ რეკომენდაციას!

პ.პ.ს. კვირიკაშვილს ჰკითხეს ჟურნალისტებმა, ონლაინსესხებზე რომ თქვით, ავკრძალავთ, რატომ არ აკრძალეთ, ამის მიზეზი ის ხომ არაა, მევახშეებმა "გაყოფა" რომ იციან კარგადო? პრემიერმა უპასუხა: ჩვენ კი გვინდოდა გაუქმება, მაგრამ ნათელაშვილმა "ფეისბუკი" ააჭრელა, ლეიბორისტებმა გავაუქმეთ ონლაინსესხებიო და ეგ თემა შალვას დაეკითხეთო!