"მერე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდო ძმასა ყისტი" - ვინ "ნაციონალთა" ჟანა დ არკი და ვინაც არქიფო სეთური - კვირის პალიტრა

"მერე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდო ძმასა ყისტი" - ვინ "ნაციონალთა" ჟანა დ არკი და ვინაც არქიფო სეთური

თითქმის 20 წელია, სულ იმას ვნატრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "რუსთავი 2"-ზე არაფერი დამეწერინოს-მეთქი, მაგრამ რაც გეზარება, ის გეტანებაო, - უთქვამს ჩვენს ღირსეულ და გონიერ წინაპარს! თითქოს საპარლამენტო არჩევნების მერე ჩაწყნარდნენ და ჩაიფერფლნენ "ნაციონალები", მაგრამ ვერ მოგვართვეს!

ჯერ იყო და "ქართული ოცნება" დაამუნათეს, რატომ გაქვთ საპარლამენტო უმრავლესობა, თქვე დემოკრატიის მტრებოო და მერე მიხვდნენ, იმდენი წევრი იყო "ქოცებში" "ნაცებიდან" პორტირებული, არ ღირდა ერთ დროს თანაგუნდელები რომ ერქვათ, მათი კოლექტიურად ლანძღვა-გინება და მოეშვნენ, თუმცა, "მერე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდო ძმასა ყისტი".

ამას წინათ ისეთი სიტყვებით ამკობდა სოციალურ სივრცეში დავით ბაქრაძეს თეა თუთბერიძე, ციხის კადრების გასაჯაროების დროსაც რომ არ გამიგონია, ფართო პუბლიკისგან! "ნაციონალური მოძრაობის" ჟანა დ არკს, - თეა თუთბერიძეს ვიღაც შუაშისტმა დელიკატურობისკენ მოუწოდა და კი მიიღო მისაღები საბრალომ - ჯერ მიშას "მიშისტებმა" გალანძღეს და მერე ბოკერიას "მიშისტებმა" გაასწორეს მიწასთან.

ზოგადად, ქართველ საზოგადოებაში ან "მიშისტი" უნდა იყო, ან - "ბიძინისტი", სხვანაირი ვერც წარმოუდგენია პოლიტიკურად აჟიტირებულ "ნაროდს", არადა, ვისაც შეუძლია, კრიტიკული თვალით დაინახოს არსებული სიტუაცია, მათი რაოდენობა დღითი დღე მატულობს და ვატყობ, ნახევარ საუკუნეში სამოქალაქო საზოგადოებაც ჩამოყალიბდება ჩვენში! კი დაგვიანდება, მაგრამ მაინც ასე იქნება და მერე ნახონ "ქოცებმაც" და "ნაცებმაც", თუ იქნებიან ასე მშვიდად!

სიმართლეს თვალი გაუსწორეთ, "ნაციონალებო" და მითხარით, ზოგჯერ რომ არ მოგწონთ ქართული მართლმსაჯულება, ახლა გიგი ნამერალი რომ გაამართლეს "რიყის საქმეზე" და რიხიანად გვებაასება ეთერებიდან, ეგ ვინ გამოუშვა ციხიდან, ბიძინას "ჯიბის თემიდამ" თუ ძია მაკკეინის გავლენით, წელში გასწორებულმა მართლმსაჯულებამ? ამბობენ, ჭიაბერაშვილმა მაკკეინს ტყვეთა გამათავისუფლებელი და "ნაციონალთა" არქიფო სეთური ეძახა და გიგის წყალი გადაესხას ჩვენს ვანოსაცო!

ისევ "ნაციონალებს" უნდა დავეკითხო: ახლა რომ არ მოგწონთ "ჭორვილელი", მაგან საქართველოში არსებული ყველა კაპიტალი მიშიკოს დროს არ შეიძინა? ასე მახსოვს, რომ ბიძინამ დიადი თქვენი ბელადის დროს აიშენა სოლოლაკის "კოლბაც" და მაშინ მოაგროვა ნაირ-ნაირი ეგზოტიკური ცხოველებიც! ასე რომ, ეგ მილიარდერი კაი ხანია, თავის გემოზე ცხოვრობს! როცა უნებს, აღდგება, როცა უნებს - დაწვება (არა, ბიჭო, ევროპას დაეკითხება და შეუთანხმებს დღის რეჟიმსა და ძილის განრიგს).

ცალკე თემა იყო, საშობაოდ გვარამიას წათაქუნება და არა - წათაქება! ვისაც კარგად წაუთაქებენ, ის "ფეისბუკზე" სტატუსებს არ წერს ინციდენტიდან რამდენიმე წუთის მერე! კი გემახსოვრებათ, აი, მიშას დროს იყო ხარისხიანი წათაქება. რომ მახსენდება ვალერი გელაშვილის დაჟეჟვის კადრები, ეგ იყო "კაჩესტვენნი" ცემა-ტყეპა!

ისევ გვარამიას თემას დავუბრუნდეთ, ვინმემ "ვალერისტად" არ მოგვნათლოს! ობოლს როგორ დაარტყეს, მაგის დამრტყმელი დაობლდესო, მოთქვამდა ვიღაც; ზოგიც ზურგიდან მიპარვას უწუნებდა წამთაქებელს; შეგირცხვა მკლავის ძალა, ეგ რა დარტყმა იყოო, მოთქვამენ სხვები და სულ დაგვავიწყდა ქვეყნის ეკონომიკის გაპარტახებაც და ლარის არითმიული კურსიც! ეჰ, ჩემო ნიკა, კი შეატყობდი, ბევრს ეამა შენი გასილაქება, მაგრამ ეს იაფფასიანი შურისძიება იმ ხალხს ეცოტავა, ვინც პროკურორობის ჟამს გაგიმწარებია! სწორი რომ ვთქვა, გალახული ნიკა გვარამიას მდგომარეობა სულაც არ ამშვენიერებს გამლახველის საქციელს.

გვარამიას სურდა, მძიმედ დაეხატა ძალადობის ფაქტი, მაგრამ ისეთი მსუბუქი მუსიკოსების გვერდით მოხდა ეგ ფაქტი, ეგრევე ჩემი ბალღობის დროს მოარული ფრაზა გამახსენდა და მართლა შეგვრჩა მძიმე სურათი, მსუბუქი ჩარჩოთი...

პ.ს. ნაცემ გვარამიას გასამხიარულებლად უყვება ანეკდოტს დედუნა: ერთ ტიპს ეუბნებიან, ამხელა კაცს მოკლე სახელი - "რატი" რატომ გქვიაო? ეგ მოკლედ, თორემ სინამდვილეში "დეგენერატი" მიწერია დაბადების მოწმობაშიო... გვარამია აჩერებს და ეუბნება: მიდი და ეგ ანეკდოტი მოუყევი რომელიმე გრეჩიხას და თუ სულ ნოტებზე არ გამღერონ, მე არ ვიყო "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორიო!