წმინდა მიხეილის გუნდი, უღმრთო ბოკერია და ტრამპის ინაუგურაცია - კვირის პალიტრა

წმინდა მიხეილის გუნდი, უღმრთო ბოკერია და ტრამპის ინაუგურაცია

ბოლო წლებში ქვეყანაში თუ რამე მოხდებოდა, მასზე ერთი რომელიმე "ნაციონალი" დაფეთებული სახით აკეთებდა სატელევიზიო კომენტარს, რომელიც დაახლოებით ასე მთავრდებოდა ყოველთვის: "ეს რა დღეში ჩააგდო ჩვენი მოწესრიგებული და გაბრწყინებამდე მისული საქართველო ხიხო ივანიშვილმა!"

ახლა კი, ოთხად გაშლილებმა დაიწყეს ერთ ნოტზე სიმღერა და ამას ატანა არ უნდა?! ვაშაძის დიდაქტიკას მოჰყვება ჯაფარიძის მოთქმა, მერე - ბოკერიაანთ მიშისტი აწუწუნდება და ფინალში საკუთრივ მიშას რომელიმე მიშისტი მოგვევლინება ხმად მღაღადებლისად ტელეეთერიდან! ასე რომ, ღმერთმა არ ქნას და მეტ ნაწილად აღარ დაიშალოს "ნაციონალური მოძრაობა", თორემ ტელევიზორს საბოლოოდ შევიძულებ! რა გაუძლებს მაგათ ესქატოლოგიურ რიტორიკასა და ოთო კახიძის დაჭყეტილთვალებიან ეთერებს?

ვადევნებ თვალს "ნაცების" ფორიაქს და კარგად ვერ ვიგებ, ვინ რჩება "წმინდა მიხეილის" გუნდში და ვინ უერთდება ბოკერიას გუნდს ანუ ნამდვილი მიშისტების შეფასებით - უღმრთოთა გუნდს! თქვენ მეტი სადარდებელი არ გქონდეთ, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის გარდა, მაგრამ ის არის საფიქრალი, რომ ჯერ კიდევ ერთიანობის დროს ამოჭამეს ბიუჯეტი და ახლა, უკვე ორ ფრაქციად გაშლილებმა ცალკე პარლამენტში უნდა გაიორმაგონ ბიუჯეტიდან "სასუსნავი" და ცალკე საკრებულოებში უნდა აითვისონ ფრაქციის ხელმძღვანელის გემრიელი ხელფასი!

ეს ჩვენზე "ნაამაგარი" პარტია იმდენად არის 20 იანვრის ყრილობის საორგანიზაციო საკითხებით თავგზააბნეული, თვით ბიძინას მაგნოლიის მარშრუტიც კი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ, არადა, "მწვანე მუშტელები" გიგლა აგულაშვილს მიმართავენ, რომ დროულად გაარკვიოს გარემოზე მიყენებული ზარალი, თუმცა, მეტი საქმე არ აქვს ახლა გარემოს დაცვის სამინისტროს, კუპრაძის განცხადებებს რეაგირება მოაყოლოს და ხეთა და "ნაციონალთა" მთავარ გადამრგველს აწყენინოს! "მწვანე მუშტს" სხვა საქმეებიდან გამოთავისუფლებული ნატა ფერაძეც შეუერთდა პათოსით, მაგრამ ისეთი რიხიანი აღარაა, ადრე რომ იყო!

ადრე "ნაციონალებს" დიდ, რელიგიურ დღესასწაულებზე უყვარდათ ფარისევლურად ღონისძიებათა მოწყობა, მაგრამ ახლა რელიგიურზე მეტად პოლიტიკური ფარისევლობაა მოდაში - ტრამპის ინაუგურაციაა 20 იანვარს და პირდაპირი გაგებით, ყველაზე წონიანი ქართველი პოლიტიკოსიც (მ. სააკაშვილიც), თუ არ ვცდები, ამერიკაშია! თუ "დაუპადიეზდა" სადმე ტრამპს ბოკერიასგან უარყოფილმა და ჩაბღუჯა გემრიელად, მერე ნახოს ჩერგოლეიშვილმა!

"ნაციონალებს" რამდენად აქვთ უფლება, სხვის შეცდომებზე ილაპარაკონ, არ ვიცი (საკუთარ უნაკლოსაც რამდენი ნაკლი ჰქონია, კი გამომჟღავნდა ბოკერიას ფრთისგან ამ ბოლოს), მაგრამ მე კი მაქვს დიდი სასაყვედურო გრიგოლიჩთან: რად შეცდი და შემოგვასაღე მარგველაშვილი პრეზიდენტად? ის მაინც მიგეთითებინა, გაპრეზიდენტებისას საკუთარი უფლებები მაინცდამაინც კრიმინალ ნათესავის ამნისტიაზე არ გამოევლინებინა! თანაც, ისეთს უშვებს ციხის გარეთ, რომელიც "ვირის აბანოს" გარეშე ვერ ძლებს და ისევ აიღებს ხანგრძლივ "შვებულებას". მართალია, ამ ბოლოს ცოტა უსამართლო გახდა კუბლაშვილის უბეში გამოზრდილი თემიდა - როგორ შეიძლება სახატავად აღებული საგნის ტარების გამო დააპატიმრონ ადამიანი?

ვის უნდა დაჰბრალდეს ამდენი ნეგატივი, საკუთრივ "ქართულ ოცნებას" ვეკითხები, "ნაციონალური მოძრაობა" რომ წავიდეს პოლიტიკიდან? ჩერჩილი წავიდა პოლიტიკიდან და რომელი "ნაცია" უფრო მეტი პოლიტიკოსი ან შეუცვლელი სახელმწიფო ფიგურა? ვის შეაწმენდთ ხელებს? ვეღარ იტყვით, - აბა, მიშას დრო ჯობდაო? თუმცა, კარგად იცით, "მსუქანშენკო" არ წავა ეგრე ადვილად პოლიტიკიდან, თუნდაც "ღიპშენკო" ეძახოთ! თან ჯერ ისევ ფორმაში ჰყავს ჩვენს ნაპრეზიდენტალს პოლიტიკური რუპორი მეგი გოცირიძე, რომელმაც რკინის ლოგიკით ბრძანა: "გიგი, დაიმახსოვრე, რაც უფრო ხშირად ახსენებ ბაჩოს და მიშას, მით უფრო მალე გახდები პოლიტიკური გვამი და ისიც გახსოვდეს, რომ პოლიტიკაში ციხეში გატეხილ კაცს არავინ ენდობა! უგულავა რომ ხარ და მიშას გმობ, უგულავა რომ ხარ, ბაჩოს გვერდით დგომა რომ გიტყდება და ირმა ნადირაშვილ-დავით დარჩიაშვილ, ლევან თარხნიშვილ-ხათუნა გოგორიშვილების პარტიაში წახვალ, ბაქრაძე შენი ლიდერი რომ იქნება და რადგან "ვარდების რევოლუციაც" ბოროტებად გამოაცხადე, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ბაჩო უფრო თავისუფალია, ვიდრე შენ!"

პ.ს. მეგიმ მიაძახა თამარ ჩერგოლეიშვილს "ფეისბუკიდან": მადლობა ღმერთს, "ქოცად" რომ არ გამაჩინა! "ქოცხებო" და "ქოცხებთან" გათანაბრებულო "ევროსვეცკებო" ძილი ნებისა, ხიხოს ებარებოდეთ! ჯერ არ გადმომდგარხარ "ბალკონზე" მიშას დასაგმობად, გიჟთამარავ? თამარ ჩერგოლეიშვილმა ჩაიხითხითა და "ტაბულას" კარი შიგნიდან გადაკეტა...