"განეშორები ბოკერიას და შეუდგები მიშას?" - ზურგისკენ მოძრავი მიშა, მანანა სპიკერყოფილი და ჯეჯელავას "გუგული დეიდა" - კვირის პალიტრა

"განეშორები ბოკერიას და შეუდგები მიშას?" - ზურგისკენ მოძრავი მიშა, მანანა სპიკერყოფილი და ჯეჯელავას "გუგული დეიდა"

დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა და ტრამპის ინაუგურაცია. ორივე თითქმის უმტკივნეულოდ გადავიტანეთ. მაინც იყო ფაქტი, რომელიც იქით ამერიკას და აქეთ - საქართველოს აღელვებდა. ეს გახლდათ ჩვენი მიხეილი! ისე, მთავარი ვექტორი მაინც "ნაციონალებს" ამერიკაში აქვთ. მართალია დაეკარგათ, მაგრამ მიშა რისი მიშაა, ეგ თუ ვერ იპოვა?!

როგორც ამბობენ, 20 იანვრის "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა საიდუმლო კითხვა-პასუხი დელეგატებთან: - შეუდგები მიშასა? თუ პასუხი იქნებოდა, "შევუდგები მიშასა"! მაშინ დაუმატებდნენ კითხვას: - განეშორები ბოკერიასა? პასუხიც ადეკვატური იყო: "განვეშორები!" ვინც ამ ეტაპს გადალახავდა, ამის შემდეგ ეძლეოდა მუდმივი მიშისტის სტატუსი და მიეცემოდა მიშას ამერიკული მიმართვის მოსმენის ბედნიერება...

თვალი გადავავლე მიშას მიშისტების სიას და დიდად ინტელექტუალები ვერ აღმოვაჩინე იქ, რამეთუ ბოკერიას მიშისტები გამხდარიყო ყველა ჭკუასაკითხავი! ოხ, ბიძინა, შენ მოგეკითხება "ნაციონალების" ყველა ცოდვა, რადგან ერთი პარტიის მეხოტბეები სხვადასხვა ფრთაში მოექცნენ და გადაემტერნენ ერთმანეთს!

მიშასთან მეგი გოცირიძე დარჩა (დაახლოებით ასე ბრძანა მეგიმ: "მიჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ანუ მიშას ძებნაში მოვკვდე!") და...  მარტო "ნაციონალების" ცოდვა კი არა, თვით და-ძმა კობახიძეების ცოდვათა გამოსყიდვაც მოგიწევს! თედო კობახიძე, გვეგონა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებოდა და ისევ თბილისის საკრებულოშია! მანანა სპიკერყოფილი კი მოსამართლის მანტიის მოსხმას აპირებს თურმე! რატომაც არა... პარლამენტარობა ოთხწლიანია, მოსამართლეობა კი - ათიანი! სულ უბრალო არითმეტიკა უნდა ამის გამოთვლას, სად უჯობს მანანას! აი, მესმის პრინციპულობა! არ წავიდა კომიტეტის თავმჯდომარედ, სამაგიეროდ, მოსამართლეობა გაიკრა ჯიბეზე! რამდენად კარგია პოლიტიკოსის მოსამართლეობა, ამას ჩემზე უკეთ მკითხველი განსაზღვრავს, მაგრამ თავად მანანასთვის რომ ასე ჯობს, ორი აზრი არ არსებობს!

ისე, ქართველებს, საქართველოზე მეტად გვადარდებს ამერიკის ბედი. ვერ მოვითვალე, რამდენმა ქართველმა ლგბტ დამცველმა და დემოკრატიის შუქურამ ჩამოიხოკა სახე ტრამპის გაპრეზიდენტების გამო. ვიღაცამ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე დანართი ააფრიალა, თუ არაადეკვატურობა გამოავლინა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა შეიძლება მიაიმპიჩმენტოსო! ცალკე იმით ინუგეშებენ თავს ზემოთ ხსენებული პატივცემული პირები, რომ მადონა, რობერტ დე ნირო, ვუპი გოლდბერგი და სხვები თეთრ სახლთან აპირებენ კარვების დაცემას და პერმანენტულად საპროტესტო აქციას გაუმართავენ ტრამპს, ვიდრე არ გადადგებაო! კიდევ, 21 იანვრიდან ქურთუკებზე ლიფამოცმული ქალებიც გამოდიან თურმე ტრამპის წინააღმდეგ! გენახათ, რა აღფრთოვანება გამოიწვია ამ საპროტესტო ტალღამ ჩვენს ფემინისტებში! ასეთი რამეები არ გვიკვირს! აი, ჩვენ რომ გვქონდა საპროტესტო კარვები დაცემული შუაგულ თბილისში, მაშინ აშშ არსებობდა კი საერთოდ? არადა, ამერიკის პრეზიდენტის ნაცვლად, ჩვენი პრეზიდენტის ასავალ-დასავალი და ხარჯები გაგვერკვია, არ იყო ცუდი, "ცესკოს" ჟვანიას ხელფასის არ იყოს!

პ.ს. მიხეილ სააკაშვილს ეკითხებიან, ტრამპის ინაუგურაციაზე ონისესავით მარტო რატომ იდექიო? - ონისე არ ვიცი, ვინაა, მაგრამ, დაიმახსოვრეთ, როცა ტრამპს მივულოცე ამერიკის პრეზიდენტობა, როგორც კარგად აღზრდილმა მოქალაქემ, ზურგის მიმართულებით დავიწყე მოძრაობა და საინაუგურაციო ტერიტორიის დატოვება, ვიღაც პაპარაცებმა ეს გამოიყენეს და ისეთ პოზაში გადამიღეს, ვითომ პატარა ბიჭი ვიყავი, კიტრისა და ლიმონათის მოლოდინში!

პ.პ.ს. ჯეჯელავამ "გუგლის" საძიებო სისტემას გუგული მასწავლებელი დაარქვა და გუგული მაღრაძემ ამაყად მიმოიხედა პარლამენტში, ჩემი მოუძიებელი ხო არაფერი დარჩა ამ ქვეყანაზეო!