კოლხეთის დაბლობი - ტრამპს, კასპი - პუტინს! - რატომ აპირებს გუგული ქართული მიწების გაყიდვას?! - კვირის პალიტრა

კოლხეთის დაბლობი - ტრამპს, კასპი - პუტინს! - რატომ აპირებს გუგული ქართული მიწების გაყიდვას?!

ტრამპმა ისეთი ამბები დაატრიალა, დემოკრატიული არის თუ არა "აშუშუ", ვეღარ გაგვირკვევია. ამერიკა ღმერთს ეკუთვნისო, - თქვა მილიარდერმა და ნეტავ, თეოკრატიულ რეჟიმს ხომ არ უყრის საფუძველს? ამან ჩვენებური ლგბტ საზოგადოება აღაშფოთა, ფემინისტებმაც სახე ჩამოიკაწრეს და ცალკე - "ნაციონალური მოძრაობაა" დიდ საგონებელში!

ბიძინამ ისეთ შესაკრებებად დაშალა ერთ დროს სიმყარით ცნობილი პოლიტიკური გაერთიანება, რომც მიუმატო ერთმანეთს მიშას ერთგულნი (კრებითი სახელი "მეგი გოცირიძე"), ბოკერიას ინტელექტუალ-რაფინირებული მიშისტები, ჯაფარიძის "გირჩები" და ვაშაძის ბანაკის ლაწირაკობა, მაინც ვერ ვიღებთ მონოლითურ "ნაციონალურ მოძრაობას". სადარდებელი გვაქვს ისიც, მიშა-ჟრიამულა საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა: ჯერ 2012 წელს, ბიძინამ მოგვერდით დასცა საქართველოში, მერე - ოდესის გუბერნატორობაც გამოეცალა ხელიდან და ბოლო იმედი, ვაშინგტონური ოდისეაც ბუჩქნართან დატუქსული ბავშვის პოზიციით დაასრულა!

არ ვიცი, რატომ თვლიან ტრამპის განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას რუსეთუმეობად ჩვენებური ლიბერალები, მაგრამ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაში, ნატოს ათვალწუნებასა და კიდევ - გაეროს უსაქმურობა-უფხოობაში მხილებაში რიგითი ამერიკელები ვერ ხედავენ კატასტროფას.

ემიგრანტებზე ვჩუმდები, ჩვენი სამშობლოც მაგით ირჩენს თავს, მათი გამოგზავნილი "ბღუჯა-ბღუჯა" ფულები გვასულდგმულებს, მაგრამ ნატოსკენ სწრაფვა თურმე ბლეფია, არც გაერო იკლავს თავს მსოფლიოსთვის და რა ვქნათ, რა წყალს მივცეთ თავი?

ჩვენ მუდამ დასავლური ღირებულებებითა და ნატოს "კარია ღიაათი" ხომ გვატყუებდნენ? ისე, ტრამპის კრიტიკა მოუტანს ხეირს "ნაციონალურ მოძრაობას"? ეს ჯერ არ იციან, ამიტომ სატესტო რეჟიმში "ჩვენი რუსთავი 2" და კობა ხაბაზი იწუნებენ კატეგორიულად, ამერიკის არჩევანს!

ამერიკის პრეზიდენტის ავკარგიანობის გარკვევამ დაგვავიწყა ლარის კურსი, კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამის მიერ დედოფლისწყაროში გამამულიანება, ცერცვაძის საკითხი, ბაქრაძისთვის დაცვის დანიშვნა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები!

თუმცა, რისთვის გვყავს ჩვენ გუგული მაღრაძე? გადაფარა ყველაფერი ერთი განცხადებით, "მარადმწვანე" პარლამენტარმა: მიწები უცხოელებს უნდა მივყიდოთ, მა რა ჩვენ ფეხებად გვინდა, მაინც ვერ დავამუშავებთ და ვერ ვიყენებთო! ვითომც და მზითევში მოაყოლა მამამისმა მაგ შეჩვენებულს, საქართველოს მიწები და ახლა, როცა მას და მის სანათესავოსაც მაღალი კომპეტენციები აქვთ, 2.000 ლარზე მეტი ხელფასი ხომ უნდათ? ვინ მისცემს ამ მაღალ ხელფასს? გავყიდოთ მიწები და მივცეთ გუგულის მაღალი ხელფასი, მერე ახალ ქურქსაც იყიდის და თუ მოინდომებს - ბუმბულსაც! "ფეისბუკზე" გუგულისეულ "სიბრძნის კრიალოსანს" მწვავე რეაქცია მოჰყვა! თავად მაღრაძეებმა რამდენჯერმე მოურიდებლად ითხოვეს, მაგ გვარის შემარცხვენელს გვარი ან შეუცვალეთ, ან გადაუკეთეთო! ვიღაცამ იხუმრა, მარტო გვარი კი არა, ტყიდან გუგულებმა პეტიცია გამოგზავნეს, სახელიც შეუცვალეთ მაგ "კუკუშკასო"!

გაგიკვირდებათ და, მეც მხარს ვუჭერ ქართული მიწების გაყიდვას... დიახაც, ვუჭერ! დიიიიდი ქვეყნის მდიდარი ხალხი იყიდის ჩვენს მიწებს და მერე გაიზრდება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება! აბა, ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რამ: პუტინმა იყიდა კასპის, გორისა და ქარელის მიწები, ტრამპმა - კოლხეთის დაბლობი, ალიევმა - ალაზნის ვაკე, მადონამ და დე ნირომ - საპრასია ან მათხოჯი, ბილ გეიტსმა - "გეპეი", თავისი მიმდებარე ტერიტორიით! რატომღა დაგვბომბავენ? რატომღა დაგვცხებენ? იქნება ქვეყანა სრულ სიმშვიდეში, ბაქრაძესაც არ დასჭირდება დაცვა (ან ვისგან იცავენ ახლა, ეგ გამაგებინა!) და ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს, არც გუგული დასძახებს გუ-გუს! უცებ წარმოვიდგინე ისიც, ბიძინას კუთვნილება რომ ყოფილიყო "ბავშვთა სამყარო", დაწვის მერე რას იტყოდნენ?

პ.ს. ბიძინასთან მივიდნენ ლანჩხუთელები: - ბატონო ბიძინა, მოგვეშველეთ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ყველაზე ღატაკად გამოაცხადეს და მოგვეშველეო. - კაცო, თქვენ ხო აირჩიეთ ადგილობრივი ხელისუფლება, თავები ხომ აქვთ, გაანძრიონ და გეშველებათო. - ეგრე ბატონო, ლურსმანსაც კი აქვს თავი, მაგრამ ჩაქუჩი თუ არ დასცხე ზემოდან, არაფერში გვარგია და ცოტა მაინც უთაქე მაგ უსაქმურებს, ყავის სმით რომ დაწყდნენ, ბოლო 4 წელიაო!

პ.პ.ს. ორი "ნაციონალი" ლაპარაკობს, თურმე ბიძინას "დეტსკი მირიდან" ოქროს ბეჭედი ჰქონია "პოსლეზე" წამოღებული, ვერ გადაუხდია და ამის გამო გადაუწვავსო...