"ცოდვავიზიებად" ქცეული ტელევიზიები, ოხანაშვილის უცნაური არითმეტიკა, მეუფე პეტრე და მაყვალა კოორდინატორის სტატუსი - კვირის პალიტრა

"ცოდვავიზიებად" ქცეული ტელევიზიები, ოხანაშვილის უცნაური არითმეტიკა, მეუფე პეტრე და მაყვალა კოორდინატორის სტატუსი

წინა "პროვოკაციის" ბოლოში, კომენტარებში მიმიწერეს, შენ თუ სიმართლის კაცი ხარ, დაწერე, "ჯიდიესი", "იმედი" და "მაესტრო" "ბიძინავიზიები" რომ არიანო. ვითვალისწინებ ამ რეპლიკას და ვამატებ წყალწაღებულ საზმაუსაც, რომლის სათავეში მაღლაფერიძის დანიშვნას წმინდად პოლიტიკური სიმპათიის დაღი აზის.

უბრალოდ, ახლა ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, პროკურატურის ნაგულისხმევი შორენა (ან სხვა ვინმე, მაგრამ არა - პატრიარქი) ხელისუფლებას ილია მეორე ჰგონია და ჩვენ თუ "ბიძინავიზიად" მოგვეჩვენება რამე, ეგ არ უნდა იყოს დიდი ნუგეში. თუ ვინმეს გულს მოუფონავს, "რუსთავი 2"-ის "გახალვაშებაც" "გაბიძინება" იქნება!

რომელი "ვიზიაც" უნდა ჩართოთ, ყველა ეკლესიის ცოდვილიანობას აშუქებს და ჩემთვის ყველა ეგენი "ცოდვავიზიები" გახლავთ. ვეღარ გაგვიგია, მეუფე პეტრე რას ლაპარაკობს ან რას ბრძანებენ დეკანოზი მამალაძე, ქორეპისკოპოსი იაკობი და ადვოკატი რამიშვილი!

მგონი მარტვილიდან მეუფე პეტრემ ბრძანა, შორენა არის მოსაშთობი, ეგ ურევს ეკლესიის სიწმინდეში უწმინდურებასო. იქვე ვიღაც გამოესარჩლა შორენას და სამოსის მეტი არა აბადია ქალს, ნუთუ, სირცხვილო, სიწითლე დაკარგეო?! სიწითლე კი დაკარგეს, ბატონებო, მაგრამ შავი ჯიპები ხომ მოიპოვეს?!

მეუფე პეტრემვე ბრძანა, - მიშამ საკვები ამოუჭამა პატრიარქსო და გგონიათ, ეს გაგვიკვირდა? ან ის, რომ გვამცნეს, პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაიკარგაო? მერე - არც რა დაგვიკარგავს, "დაჟე" ორი ცალი გვაქვსო?! საპატრიარქოს დაცვის უფროსის არითმეტიკამ ხომ გონება აგვიმღვრია და ვერ გავერკვიეთ ტოლობაში: 2017-14=2007! ადრე, ბავშვები რომ მოიპარავდნენ რამეს, დიდები იმუქრებოდნენ, მოიტანეთ, ადგილზე დადეთ და არაფერს გეტყვით, თუ არა, მაინც გავიგებთ და დედები გეტირებათო! ასეთი სტრატეგიით ხომ არ დააშინეს ბეჭდების "მბრძანებელი" თუ მიმთვისებელი?

ერთი ათეისტი მორწმუნეებს დასცინოდა, ამნაირი ამბები რომ გაქვთ საპატრიარქოში, აღდგომას ხომ არ გადასწევთო? მერე ერთმა თვალმიბნედილმა დედაკაცმა მიაძახა: - ჰო, სხვას რას უნდა ველოდოთ თქვენგან, ვიზალიბერალიზაციის მონებო და დაჩიპულებოო! იქვე იყო მიძახილი, - ახლა დაბრუნდა პატრიარქი ევროპიდან, ბნელოო და მერე გავცილდი იქაურობას, სად მცალია მე პოლიციაში მოწმედ სასიარულოდ? ძალოვანებს ის ვერ გაურკვევიათ (ან არ გაუმჟღავნებიათ), წინა ხელისუფლების დროს მართლა მოწამლეს თუ არა პატრიარქი, მამალაძემ ზესტაფონში შეიძინა ციანიდი თუ კიცხის ბაზარში და იმას გაარკვევს, ათეისტებისა და "დიდადმორწმუნეებს" შორის რომელი იქნება მართალ-მტყუანი? მე კიდევ მოწმედ სიარული შემრჩებოდა და მეტი არაფერი!

ისე, მეც მაქვს ეჭვი, ციანიდის არარსებობაზე. აღარ მინდა დეტალების მოყოლა, ისედაც ყველა მაგაზე საუბრობს და აღარ შეგაწყენთ თავს. ვაითუ, ზესტაფონში, როგორც მევენახეობის რაიონში, შაბიამანი იყიდა მამალაძემ და ციანიდში აერიათ? თანაც, ვაზის შესაწამლავად უნდოდათ მგონიო, ვიღაც ყურუმსაღი უკბილოდ ხუმრობდა. თან, პატრიარქის ჩამოსვლისთანავე ყოფილი და მოქმედი პრემიერები მიცუნცულდნენ საპატრიარქოში და დამდუღრულებივით მალევე გამობრუნდნენ იქიდან. დღემდე გამოცანად რჩება კალაძისა და ჯეჯელავას ვიზიტის აზრი. მართალია, ჯეჯელავას კომენტარები ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ რასაც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არ საუბრობს, ის ხომ სიბრძნის კრიალოსანი და გასაგებია ერთობ?! ვიცე-პრემიერად დაწინაურებულმა განათლების მინისტრმა ბოლოს დიდი აღმოჩენა გააკეთა! ბავშვებს ცუდ საკვებს აწვდიან ოჯახსა და საგანმანათლებო დაწესებულებებში, უნდა მივხედოთ ამ საქმესო! ნეტავ მაგის გარდა არაფერი იყოს საგანმანათლებლო სისტემაში მისახედი და გასტრონომიას მივხედავთ როგორმე!

პ.ს. "ქოცი" ეუბნება "ნაციონალ" მაყვალას: ის კი გეცოდინება, "დეტსკი მირი" ბიძინამ ახალი კარფურის ასაშენებლად რომ გადაწვა, მაგის გარდა კიდევ ჯორდანო ბრუნოც მაგან დაწვა! რამდენიმე წუთის მერე ჩნდება მაყვალას სტატუსი "ფეისბუკზე": არ გაძღა ბიძინას მადა და ჯორდანო ბრუნოს ადგილზეც მალე კარფურს ააშენებს!