სტრასბურგის ცივწყალგადასხმული ხალვაში და პრეზიდენტი მხოლოდ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების უფლების ამარა - კვირის პალიტრა

სტრასბურგის ცივწყალგადასხმული ხალვაში და პრეზიდენტი მხოლოდ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების უფლების ამარა

ხელისუფლებას უნდა თუ არა, რომ მედია მოათვინიეროს?! ეს აუხდენელი ოცნებაა, მაგრამ ნდომით როგორ არ უნდა! საქმე ისაა, რომ მედიასაშუალებების უმეტესობას ერთმანეთის მიმართ კონკურენციის განცდა უფრო აქვთ, ვიდრე - თანამშრომლობის და კოლეგიალობის და ამიტომ მაჯის გადაგრეხა ან ჯიბეში ჩასმა, არც მაინცდამაინც რთული საქმეა.

სტრასბურგელმა მორიგე მოსამართლემ ცივი წყალი გადაავლო ხალვაშს 3 მარტს და გვარამიამ ისეთი რიხით გამოაცხადა "ევროპული მხარდაჭერის" შესახებ, დაგვავიწყდა, ევროპულმა ინსტიტუციებმა მხოლოდ გაკვირვება-აღშფოთება რომ იციან და არა - საქმის რეალურად კეთება.

ჩემ თვალწინ ჩამოყალიბებულმა "რუსთავი 2"-მა იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, ხელის თითები არ მეყო ჩამოთვლისას და დავანებე თავი.

ვთქვათ და სამჯერ გამოიცვალა არხის მეპატრონე (გაყიდეს თუ დათმეს, ეს არ განვიხილოთ), როდის იყო ასეთი მოთქმა-გოდება? ეს რიხიანი ვაება უფრო "ნაცმოძრაობის" ატეხილია. როგორია, უკანასკნელ მედიაბასტიონს აცლიან ხელიდან მთავარ ოპოზიციურ ძალას!

ისე, დამცველები კარგი გამოუჩნდა "რუსთავი 2"-ს. ვინ აღარ გახდა მისი მხარდამჭერი: კილაძე, ფერაძე, ჩიჩუა, მაგრამ "ევროპელი ნაციონალების" "სარუსთავიორო" აქტიურობა განსაკუთრებული და თვალში საცემი იყო. აი, თუნდაც, ოთო კახიძე თვალებდაჭყეტილი არიგებდა 11 მარტის კონცერტის მოსაწვევებს და თან ხალხს ამცნობდა კოლბის ბინადრის ავკაცობის შესახებ. არანაკლებ ეფექტური გახლდათ ქალბატონი ხოშტარიას მეტროს სადგურის წინ მოსაწვევების ფრიალი...

ისე, რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ამ არხის "გაბიძინება", ვისღა უნდა შეაწმინდონ ხელი ჩვენმა ხელისუფლებამ? მხოლოდ "ნაციონალებს"? ზოგი რამ დაჰბრალდეს ნიკა გვარამიასაც, მე თქვენ გეტყვით და არა აქვს ვინმესგან წამოსაძახებელი ნაპროკურორალ-ნამინისტრალს? მშვენიერი "ხელსაწმენდია" "ქართული ოცნებისთვის" "ნაცმოძრაობა" და "ერორი", რომელიც არანაკლებად "ერორობდა" ხალვაშის დროსაც. ერთმა მეგობარმა ისიც გამახსენა, გირგვლიანის მკვლელობისას ხალვაშის იყო ეგ არხი და არც ის დაგავიწყდეს, მანამდე იყო ხალვაში მისაღები მიშასთვის, ვიდრე 2007 წლის დეკემბერში ოქრუაშვილი არ მოიკვეთა მიშას ბანაკიდან, ვითარცა პოლიტიკური კეთროვანი და ამის მერე ხალვაშის (ეგებ უფრო ოქრუაშვილისას) კომპანიის საცავები ხანძარმა შთანთქა... ეს იმათ გასაგონად ვთქვი, ვისაც ბიძინას ხელი ელანდება ყველა ცეცხლის ავარდნაზე!

მედიას თავი დავანებოთ და ახლა ეკონომიკურ სპექტრს გავხედოთ: 5,2% იყო ეკონომიკის ზრდაო, კი გვეუბნება საქსტატი, მაგრამ დავუჯეროთ ამ ფრიად საჭირო აღმრიცხველს თუ ჩვენს გამოცარიელებულ ჯიბეს ან მაღაზიებში ჭაჭის არაყივით ავარდნილ ფასებს? მართალია, ქართველები შევეჩვიეთ არაგასტრონომიულ, საინფორმაციო საკვებს, მაგრამ თავდაუვარცხნელი თუ ქოჩორა კობახიძის მიერ გაჟღერებული პრეზიდენტის უფლებების შემცირების ინიციატივა ვჭამოთ თუ წელს ჩასატარებელი ადგილობრივი არჩევნები?

პ.ს. შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეეზღუდება კიდევ უფრო მეტად უფლება პრეზიდენტს, თუმცა მას დარჩება მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების განხორციელების უფლება. სავარაუდოდ, მარგველაშვილისთვის ეს საკმარისი უნდა იყოს, თუ ცოლისძმის ციხიდან გამოშვების უფლებაც დაემატება.

პ.პ.ს. მოკლე ხანში, ვიდრე დეკანოზი მამალაძე გასამართლდება, მოეწყობა აქცია ზესტაფონის წინააღმდეგ, რადგან ზესტაფონი უშვებს ფეროს კვამლს, იქვე იყიდება ციანიდი და წარმოშობით აქედანაა თეა თუთბერიძე...