აი, რას ნიშნავს, მიშა რომ არაა საქართველოში და სოლოლაკში რომაა ბიძინა! - კვირის პალიტრა

აი, რას ნიშნავს, მიშა რომ არაა საქართველოში და სოლოლაკში რომაა ბიძინა!

ვიღას ახსოვს ციანიდი და მენდელეევის ტაბულა? ახლა ბათუმია ყურადღების ცენტრში! თურმე, გორელი "გაიშნიკი" აჭარლებს თათარს ეძახის (მართალია, არსად ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ მაინც) და აჭარელთაგან საპასუხოდ მიიღო "გორელი ხიხოს" წოდება.

გამიკვირდა, როცა საპატრულო პოლიციის საწინააღმდეგო აქციის მოდერატორად ვინმე ღოღობერიძე დასახელდა. ამ ახალგაზრდა კაცზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ადრე კუკავას პარტიის წევრი იყო და უცებ, ერთი ფრიად პატივსაცემი ბათუმელი წერს: "ახლა მაინც მიხვდით, ღოღობერიძის გაპიარებას რა საფრთხე ახლავს? ახლა ისიც გავიხსენოთ, საიდან გაუჩნდა ღოღობერიძეს ძვირად ღირებული ოფისი, მაღაზიები, რესტორანი და სხვა რამე". საიდან შეიძლება გასჩენოდა, თუ არა ვინმეს დოტაციით და ვის აქვს დოტაციის საშუალება ჩვენთან, თუ არა - პოლიტიკურ ძალებს?

თვალი გადავავლე აქციების ისტორიას და ბათუმურ აქციებზე გაცილებით მეტი გვიპროტესტებია შენობების ლეწვისა და მანქანების გადაწვის გარეშე. თან რაღაც საეჭვოდ, ამავდროულად, თბილისში მინიკონცერტი მოაწყო "რუსთავი 2"-მა, სადღაც "დაჩაგრული ბათუმელების" სოლიდარობის მიზნით მინიატიურული "აჯანყების" იმიტაციაც სცადეს და სულ ტყუილად! აი, რას ნიშნავს, მიშა რომ არაა საქართველოში და სოლოლაკში რომაა ბიძინა! ეგ აგდებს მოსახლეობის ნეგატიურ მუხტს...

მინდა, ვურჩიო ჩვენს ძვირფას, ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალას, მოსახლეობაში უარყოფითი მუხტი საკმაოდ დიდია, მაგრამ "ქოცების" უგერგილობა "ნაცების" წისქვილზე წყალს არ დაასხამს. ბიძინისტების სიძულვილი არ ნიშნავს თქვენს შეყვარებას! და ერთ რამეს უნდა მიხვდეთ პოლიტიკოსები: თქვენ არ იმსახურებთ ხალხის სიყვარულს, რადგან თქვენ უნდა იყოთ მსახურები საკუთარი ქვეყნის და არა - ოჯახისა და ნათესავების! ღმერთო ჩემო (ბარემ, რუსოფილურად: "ბოჟე, მოი!"), როდის გვეღირსება მაღალი პასუხისმგებლობის პოლიტიკოსები და ხელისუფლება?

ნამეტანი აერია რამსები "ნაციონალურ მოძრაობას". აი, ბატონო, არაწევრი გარიცხეს პარტიიდან! - პარტიასთან შეუთანხმებლად, ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცლებულ განცხადებაში. ამ დროს ირაკლი, საკმაოდ ენამწარე და მოხერხებული კაცი აცხადებს, რომ არასდროს ყოფილა "ნაცმოძელი" და საიდან გარიცხეს, ეს ვერ გაიგო. იქვე დასძინა, რომ კოლბის ბინადრის წინააღმდეგ მაინც არ შეწყვეტს ბრძოლას! სამაგიეროდ, "ნაციონალებს" ისევ "ევასებათ" მეგი გოცირიძის რევოლუციური "ფეისბუკგანცხადებები", რომელშიც ისმის მისი წარსული და მომავალიც! მე იმას ვშიშობ, ეგ ქალი იმ დონის რევოლუციონერი არ გახდეს, როგორიც კორეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბებია გახლავთ! ისე, როგორ დააფასა ბებო კორეის მმართველმა, - რა შობის ზეიმი, ბებიაჩემი იყო 6 იანვარს დაბადებული და თუ გეზეიმებათ, ე, მაგის დაბადების დღე იზეიმეთო...

პ.ს. ზაირა კოორდინატორს ეუბნება "ქოცი" კოორდინატორი: - ეს გამოთქმა თუ გაგიგონიათ, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს თავიდან ამა და ამ პიროვნებასო? - კი, გამიგონიაო. - მერე, თქვენ მელიაზე ეგ არ შეგიძლიათ თქვათო... - სამაგიეროდ, შეგვიძლია, რომან გოცირიძის ულვაში გამოვიყენოთ ჩვენი სინდისის საპირწონედო...