"დიდებული და ქებული" დროი მიშასი, ნატა ფერაძის სახელობის ისტორიული საზოგადოება და "დიდგორ-კარფური" - კვირის პალიტრა

"დიდებული და ქებული" დროი მიშასი, ნატა ფერაძის სახელობის ისტორიული საზოგადოება და "დიდგორ-კარფური"

რომელი ერთი ვიდარდო, აღარ ვიცი: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, სადაც მისი გაწონასწორებული და ლიბერალური გამოსვლა არ მოეწონათ "ქოცებს"; საკონსტიტუციო კომისიიდან მაჭუტაძის "პაბეგი", მამა ციანიდესთან მღვდელმთავართა სავარაუდო იდეოლოგიურ - კრიმინალური კავშირი, საპატრიარქოს კართან არსებული კაზინო, ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის ლინგვისტურ - ფსიქოლოგიური დასკვნა, "იქს ფაქტორის" მონაწილეთა ბედი, სახალხო დამცველის ანგარიში თუ ნატა ფერაძის ისტორიის ღრმა ცოდნის გამომზეურება?

პარტიზანი მებაღე ქალბატონი, ნატა ფერაძე მინდა დავუსვა დებატებში გასული კვირის "პროვოკაციის" ერთ-ერთ დამკომენტარებელს, რომელიც განაკუთრებული აპლომბით გვიწერს: "ნეტავ, ყველა ხე საქართველოში ბატონი ბიძინას პატრონობის ქვეშ აღმოჩნდეს, ხის მეპატრონეებს დიდ ფულს აძლევს, ეს თავისებური დახმარებაა, დიდი ბედნიერება იქნება, თუ ეს კაცი პრეზიდენტი გახდება. მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება, მაგრამ არის ვარაუდი, რომ ოჯახი ამაზე არ დათანხმდება, პრობლემური ხალხია ჩვენს ქვეყანაში და ამის გაძლება ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია. ლოთი უნდა იყო ან ნარკომანი, ბატონი ბიძინა კი არც ერთია და არც - მეორე".

წარმომიდგენია, ხეების "დაქალი" რა "ისტორიულ-კარფურულ-ფსიქოლოგიურ" დასკვნებს გადმოალაგებს! არ "გადმოულაგებია" ჯერ, თუ? აი, ეკა კვესიტაძის გადაცემაში მაგან უძილაურს გვარის შესაფერისი მდგომარეობა მოჰგვარა - ვატყობ, იმ ღამეს ბატონ გიორგის ძილი არ მიეკარებოდა, რამეთუ მეორე დღეს ბატონ "ათ საათზე უკვე ძილაურისთვის" ანგარიში ექნებოდა წარსადგენი, დასძლია თუ არა "რუსთავიორული" ბოტანიკურ-ეკოლოგიური ფრონტი!

არაფრით მინდა, რომ უყურადღებოდ დამრჩეს მარგველაშვილის საპარლამენტო ფინალური გამოსვლა: სულაც შუაზე რომ გაიპოს "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობასავით", მაინც ვეტყვი, რომ მარგველაშვილმა სიდინჯისა და დემოკრატიის პოზიციიდან დაამხო ყოვლადწესიერი სპიკერის, ბატონი კობახიძის გამოსვლა. თურმე, ნუ იტყვით და კინაღამ სამჯერ მეტი ავტობანი დაუგიათ ბოლო წელს "ბიძინისტებს", ვიდრე "მიშისტებს", მაგრამ ხალხამდე ეს ამბავი არ მისულა სწორი მესიჯის სახით. და ვინაა ბრალში, ბატონო ხელისუფლებავ? ადრე სააკაშვილი ერთ დღეში მესტიაში აეროპორტს რომ გახსნიდა, ბათუმში წყალში შეხტებოდა და ტურისტულ სეზონსაც მოგვიზეიმებდა, მერე საზოგადოებრივი ტუალეტის ფუნდამენტის ჩაყრას დაიწყებდა და ვიყავით სრულიად "გამორუსთავიორებული"! ახლა კი, პრეზიდენტი მთავრობას უბღვერს, პარლამენტი - პრეზიდენტს და ყველანი ერთად - გუგული მაღრაძეს, ვითომც და მის გარდა, არავინ ბჟუტურებდეს პოლიტიკოსის რანგიდან სისულელეებს!

ეჰ, რა დრო იყო, "დიდებული და ქებული" დროი მიშასი?!

მაშინ "ნაციონალურ მოძრაობაში" არც განხეთქილება არსებობდა, არც ულვაშიანი წევრები ჰყავდათ და იყო ?????? - ??, ????? ? ??????? ????? ?????! ახლა კი გოცირიძე რომანი ულვაშების ცმაცუნით აკრიტიკებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსს და ნაოთხალი "ნაცები" ("გირჩები", "ვაშაძეები", "ევროპული ნაცები" და "მიშას ნაცები") ადგილობრივი არჩევნების დროს გულგასახეთქ შედეგს მიიღებენ. კისერი მაგათაც მოსტეხიათ, ხალხი არ დარჩეს შემოდგომაზე ისევ არჩევნებით წაგებული, თორემ როდის მინერვიულია პარტიების შედეგები?

პ.ს. ნათია ფანჯიკიძე აკეთებს კომენტარს, ფერაძის სატელევიზიო ისტორიული ლაფსუსის შესახებ: მოკლედ... დიდგორის ბრძოლაში რომ დავმარცხდით, თურქ-სელჩუკურად გადაცმულ რუსებთან, ეგ სულ იმის ბრალი იყო, რომ დამპალი საბჭოთა მენტალობა არ გვქონდა ბოლომდე ჩამკვდარი და ყველა მეორემ რუსული იცოდა...

პ.პ.ს. რიგითი "ნაციონალის" აზრით, "დეტსკი მირის" მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარის თბილისის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა ემსახურება საჩხერელი მილიარდერის კომერციული მადის დაკმაყოფილებას, რათა ვაგზლის მოედანზე აშენდეს "ვაგზალ-კარფური", ხოლო ნატა ფერაძის სახელობის ისტორიული საზოგადოების კვლევის მიხედვით, დიდგორის ომის შემდეგ ნაომარ ველზე არსებობდა XI საუკუნის სუპერმარკეტი, სახელწოდებით - "დიდგორ-კარფური", ისევე, როგორც "ბიძინამიდას" ბაღები, ურეკის მისადგომებთან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს