ნაკომუნისტარ - ნარესპალი უსუფაშვილი და არაკი დაკუჭულ ასლარიანზე - კვირის პალიტრა

ნაკომუნისტარ - ნარესპალი უსუფაშვილი და არაკი დაკუჭულ ასლარიანზე

ვიფიქრე, ამ კვირაში არაფერია საპროვოკაციო, ცალკე მე დავისვენებ, ცალკე - მკითხველიც არ აიშლის ნერვებს-მეთქი, მაგრამ ვინ გაცდის მშვიდ ცხოვრებას და მთვარეზე გაფრენის ოცნებას? გამოვიდა ნაკომუნისტარ - ნარესპალი უსუფაშვილი და ისეთი ლირიკულ-ემოციური განცხადება გააკეთა ცენტრისტული პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, დადებითმა ემოციებმა გული მომილბო.

თუმცა, იქვე მომენტალურად გამახსენდა, რომ ყველა პარტია ხალხის მოსატყუებლად იქმნება და რაღა ეს ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება იქნება ხალხზე ზრუნვით დაკავებული? თან, ლეიბორისტებმა განაცხადეს, ეგ უსუფაშვილი ბიძინას ფულით აკეთებს პარტიას და სოროსის "ძუძუნაწოვი" დავითი ადგილობრივ არჩევნებზე ესაჭიროება კოლბის ბინადარსო! დაიცა, თუ დავითი ისევ ბიძინას ფავორიტია, რაღად ჩამოაცილეს პარლამენტს? დავიჯერო, კობახიძეზე ნაკლებად მიხედავდა გუგულის, ენძელასა და ბესელიას საკანონმდებლო ღვაწლს?!

ადგილობრივ არჩევნებამდე, მეტი არაა ჩვენი მტერი, უსუფაშვილმა ისეთი ორგანიზებულობა გამოიჩინოს, რომ თვითმმართველობებში შეცენტრისტდეს, მაგრამ ბაჩუკი ქარდავა იწყებს საერთო სახალხო მოძრაობას და ქუდზე კაცი რომ გამოვა, ყველა პარტია გადადგება გზებიდან! ჯერ მაჭუტაძის აღშფოთებული გამოვარდნა ვერ მოგვინელებია საკონსტიტუციო კომისიიდან, ახლა ქარდავა-თორთლაძეც თუ გამოხალხმღელვარდა, რა გაუძლებს ამდენ საპროტესტო ტალღას?!

მოგეხსენებათ, გაზაფხული და შემოდგომა აქციებისთვის მისწრებაა: არც ცივა, არც ცხელა, მიდი, აპროტესტე, დროდადრო ნაყინს მზესუმზირა მიაყოლე, ლუდს - ჩიფსი და ამ ძალისხმევას მოჰყვება გაპოლიტიკოსება, გაპოლიტიკოსებას - გაუსინდისოება და ცხოვრებაც იოლდება! აბა, ძროხის მოწველა, თოხნა და შენებაა ადვილი? პროლეტარიატი რომ აღნიშნავდა ადრე 1-ლ მაისს, აქაოდა, მშრომელთა სოლიდარობის დღეაო, ვინ შრომობს საქართველოში ახლა? ან ვიღას ეშრომსოლიდარება? ყველა ან "ფეისბუკს" ვართ შეფარებული და იქ ვმოღვაწეობთ (ვპოსტავთ, ფერმას ვუვლით, ვაკომენტარებთ და ვართ ბედნიერად რეალიზებულნი!), ან კიდევ ჩრდილში ლუდის კათხებს ვწრუპავთ, და თან, მსოფლიოს პრობლემებს ვწყვეტთ! მართალია, მაგით ვერც კორეა-აშუშუს ურთიერთობას დავალაგებთ, მაგრამ დროს ხომ გავიყვანთ, ანუ ხომ ვშრომობთ "სვეცკურად"?!

პირველი მაისი გადაგორებულია, აღარ ღირს დარდად. მოდის 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის რა გითხრათ, რით გაგახაროთ? "სასიხარულო" ფაქტად მხოლოდ ეს ინფორმაცია მოვიძიე: "ლელა ჩიქოვანმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტისთვის, 2016 წლის 2 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 46549,11 ლარი მიიღო. გარდა ამისა, ჩიქოვანს გასულ წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სადაც ის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობას იკავებდა, 8 თვის განმავლობაში 73590,59 ლარი აქვს მიღებული". ნეტავ გამაგებინა, ქალბატონმა ჩიქოვანმა რისთვის მიიღო ამხელა თანხა, რაიხსტაგი არ აუღია, ცხინვალი, სოხუმი და მგონი, არც ამდენი ფული უნდა ჩაედო ჯიბეში! თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ ოფიცრებს მაგისი აღებული ხელფასი ეყოფათ? ან კიდევ, მურუსიძის სამუდამო მოსამართლეობა გვანუგეშებს ვინმეს? ან ნორჩი სესიაშვილის სამსახურებრივი მდგომარეობა? ან კიდევ, ზუგდიდის მერის სახელზე დაწერილი უმწეოთა სამადლობელი წერილი, აქაოდა, შენ აშენდი ბატონო მერო, კაის გვაჭმევ, კაის გვასმევო? იმის კითხვა კი სულ მავიწყდება, თბილისის მერიის თანამშრომლებს ეტიკეტის ტრენინგები რომ უნდა ჩატარებოდათ, მიიღეს რამე შედეგი თუ ვერა?!

პ.ს. ქარდავა და მაჭუტაძე დაობენ, რომელია უფრო დიდი ოპოზიციონერი. მაჭუტაძე ეუბნება ქარდავას, რომ ის უფრო დიდი და პოტენციურია, რადგან შედარებით ახალგაზრდაა. ქარდავა კი ამბობს არაკს, რომ ვერც ერთი ტკიცინა ხუთლარიანი ვერ აჯობებს დაკუჭულ ასლარიანს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნახმებოდეს