"სხვა საქართველო სად არის", ანუ ქვეყანა, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს - კვირის პალიტრა

"სხვა საქართველო სად არის", ანუ ქვეყანა, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს

ოთხი მეზობელი გვყავს და ოთხივე სურვილის მიხედვით გვიპანღურებს! ლორე-ტაშირი სომხეთმა "აგვახია", ჰერეთ-გარეჯის ნაწილი - აზერბაიჯანმა, ტაო-კლარჯეთი - თურქეთმა და რუსეთმა რაც წაიღო, მკითხველს ჩემი თქმის გარეშეც კარგად მოეხსენება! თან, ყველას წინაშე რევერანსებით დავიხოცეთ ჩვენ, ქართველები, თორემ ჩინელებზე მეტი თუ არა, აზერბაიჯანელებზე ნაკლებიც არ უნდა ვიყოთ!

მინდოდა, მარიამ საჯაიას სამოგზაურო დაფინანსების თხოვნაზე მეპროვოკატორა ან სულაც კოკელი ნარმანიას სამტრედიელი კალაძით ჩანაცვლებაზე გამეკეთებინა აქცენტი, მაგრამ, როცა ჯეჯელავა გყავს ვიცე-პრემიერად, სად გაგახსენდება საჯაია და მისი თანამგზავრი სამი ადამიანი, თავიანთი საბანკო ანგარიშებით?!

ბატონმა ჯეჯელავამ დაივიწყა 11 ათასი ჩაჭრილი მოსწავლე "გადატრანზიტებული" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხარჯზე და ქრონიკულად მოღიმარი სახით განაცხადა: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მოკვლევა. მათ შორის, აზერბაიჯანელი კოლეგებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია, რომ ის იყო რადიო "თავისუფლების" დაცვის თანამშრომელი ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის".

ბატონმა ჯეჯელავამ დაამატა კიდეც, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი "არაკომპეტენტურობის ინდიკაციით" შეეხო საკითხსო.

პროფესიულად აღვშფოთდი ამის მოსმენის მერე! "ენჯეოშნიკები" ჯანდაბას, მაგრამ ჩემს კოლეგებზე ეს როგორ თქვა, არაკომპენტენტურიო?! საკუთარი კომპეტენტურობა განსაჯოს ჯერ, რომელიც 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრის ეკვივალენტურია! ბატონო მინისტრო, მასწავლებლების ნაწილისა არ იყოს, თვითშეფასებაში თქვენც არადამაკმაყოფილებელი გეკუთვნით! დაბრძანდით, გიწერთ ორს!

ჯეჯეს თავი დავანებოთ და ვსვამ კითხვას: აფგან მუჰთარლი ძალისმიერი მეთოდით რომაა გადაყვანილი აზერბაიჯანში, ეეჭვება ვინმეს?! თუ ქართულმა მხარემ "გაისვარა ხელი" ამ საქმეში ალიევის მოთხოვნით, გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების ფასი ზეროა და კიდევ, საქართველოს მთავრობა მეზობელი ქვეყნის "ხელის ბიჭია". თუ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა საკუთარი ძალებით განახორციელეს ჟურნალისტის "გადაიმასქნება", მაშინ მთლად დაქცეული ყოფილა ჩვენი სასაზღვრო-თავდაცვითი პოლიტიკა და შესაძლებლობები! ისე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ალიევს ჩვენმა მთავრობამ უბრალოდ, უფეშქაშა ეს ჟურნალისტი?! თუ არმაღანად (ეს აღმოსავლური ლექსიკაც მომეძალა ამ ბოლოს!) უძღვნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს აფგანი, ჩვენ გვექნება კიდევ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი რეგიონში? აღარ გვექნება და მერე ითვალოს კვირიკაშვილმა მილიონობით ტურისტი ყოველი კვარტალის ბოლოს! აქაური ჟურნალისტების დაწიოკების მეტი რა მახსოვს, მაგრამ ხონჩაზე დადებით უცხოელი ჟურნალისტი რომელიმე მხარისთვის გადაეცათ, ეგ არ მახსენდება!

რიტორიკულად გეკითხებით: რეგიონში ყველაზე არადემოკრატ ლიდერს რომ ჩააბარებ სააღდგომო ნობათივით ჟურნალისტს, ეს ნორმალურია?!

ნუ დაიწყებთ ზოგი ღრეჯვას, თავად სახალხო დამცველიც დაუცველია საქართველოში და ვიღაც ჟურნალისტის დაუცველობა რა საწუხარიაო!

საინტერესოა, რას გვეტყვის გამოძიება? ალბათ რომელიმე მაღალჩინოსანი გამოვა და დახვეწილი სიბრიყვით აგვიხსნის, რომ აფგანმა თავად დაილეწა გვერდები, ჩამოიცვა ტომარა თავზე, უჩინმაჩინივით გადალახა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი და 10 ათასევროიანი ჯიბით ჩაბარდა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს! ეს იმიტომ ვთქვი, სრულად მოსალოდნელია, რომ მეტი სიბრიყვე თქვან და მე ნაკლებად ბრიყვულ ვარიანტს ვთავაზობ!

სწორედ ამ "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს" სიტუაციაში კვირიკაშვილი მგონი დაგვცინის - პოლიციის დღის საზეიმო ცერემონიაზე უბრძანებია, ევროპას სახტად ვტოვებთ, ისეთ ცივილიზებულ სახელმწიფოს ვაშენებთო! კი, აშენებთ, ბატონო, დავიჯერეთ! ალბათ ჟურნალისტებს ამიტომაც გაექეცით, სადმე "რასტვორი" გექნებოდათ მოზელილი და სახელმწიფოს აშენებას ხომ არ დააგვიანებდით!

მუჰთარლის საბრალდებო დასკვნაში, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთას ჩაწერს აზერბაიჯანული მხარე, აბა, იმას როგორ იტყვიან, ეგ ჟურნალისტი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოსა და ოფშორულ ზონებში არსებულ ქონების საკითხებზე მუშაობდაო...

პ.ს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის "ტრანსფერის" გამო ქართველი ლიბერალები "სოკარის" ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს აღარ ჩაისხამენ, ამავე დროს სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ ვიდეომასალას, როგორ გაიარეს რამდენიმე კილომეტრი ბუქსირით და სხვა "კალონკაზე" აიღეს თუნდაც მეტ ფასად საწვავი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს