"ჯეჯელავას ეკითხებიან: მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო ვის უნდა დაჰკიდოთო?" - ჩაჭრილების სამინისტრო - კვირის პალიტრა

"ჯეჯელავას ეკითხებიან: მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო ვის უნდა დაჰკიდოთო?" - ჩაჭრილების სამინისტრო

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ ქალაქში პოლიციელი შსს-ს წარმომადგენლობამ საწვავის "რეალიზაციის" ფაქტზე დააკავა და ასეთ დროს უკვე ძნელია, დაიჯერო, რომ პოლიცია გმირების სამჭედლოა და თანაც, პოლიციელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ის ხალხია, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ, "მიშას რეჟიმს" ამაგრებდნენ, ტოტალური დაშინებით.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ ჩემი მეგობრის სიტყვებს გავიმეორებ: "მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, რომ ორი უნიჭო, გამოთაყვანებული ბიჭი აქციოს გმირად და პოლიციელი - მტრად. ასე იცის ნეპოტიზმმა და ბოსტნიდან გუშინ გამოქცეული ნათესაობის დასაქმებამ!"

მგონი, ხელისუფლების მიზანი "ბირჟა მაფიას" პიარი იყო. "ფიფალ რილეიშენი" თავად არ უვარგათ ამ მამაცხონებულებს და ამ რეპერებს თუ მაინც გამოადგებიან, არ დავეძებ. თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე იმ "საბრალო" რეპს. ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო ანუ ერთ უთავბოლო სიტყვების რახარუხად მომეჩვენა, მაგრამ მეტი უთავბოლობა ამ მომღერლების დაკავება გამოდგა და მერე ნარკოტიკის "ჩადების" საკითხი აღმოჩნდა სიმღერაზე უარესი!

ისე, რომ იცოდეთ, მკითხველებო, შსს-ს ყველაზე დიდი ავტოპარკი აქვს ხელისუფლების შტოებიდან - 1214 მანქანა! რომ გადავხედე ამ სამინისტროს საქმიანობას, მანქანებიდან სულაც უნდა ჩამოსვა მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ფეხით ატარო. ფეხით სიარულისას მეტი ჟანგბადი მიეწოდება ტვინს და ეს ცოტა არ არის უკვე... ტვინის ჟანგბადით მომარაგება სიბრიყვისგან დახსნის წინა პირობაა!

აი, რეპერებზე მეტად მაინც იმ 11 ათასი უატესტატო მოსწავლის მომავალი მადარდებს! მართალია, ჯეჯელავამ კი განაცხადა, მათია მომავალიო, მაგრამ დანარჩენი, ატესტატიანი მოსწავლეების რაღაა?! მიმინოშვილის თქმით, საგამოცდო ბარიერი მინიმალურზე დაბალი იყოო და არავითარი მეორე შანსის მიცემა არ ღირსო! და თუ ამნაირი ბარიერიც ვერ გადალახეს, ასეთები პროფესიულ სასწავლებელში კი გამოდგებიან?! გამოდით ეს განათლების სფეროს მამები (ან დედები) და თქვით, რომ განათლებას კი არა, გაუნათლებლობას ემსახურებით!

ბედის ირონიაა ის, რასაც ქვემოთ ციტატის სახით წაიკითხავთ: "საქართველოში პირველად, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" წესდება. ამ მიზნით, კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პედაგოგთა დაფასება, დამსახურების აღიარება, დაჯილდოება და მათი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდისა და პროფესიაში მეტი ღირსეული ადამიანის მოზიდვისათვის. ამ მიზნით, კოალიცია - "განათლება ყველასათვის - საქართველოს" ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნულს უერთდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო".

ამდენი ჩაჭრილის შემხედვარეს, რა გვეჯილდოება?! ამიტომაც დაგცინით, ბატონო ხელისუფლებავ, "რუსთავი 2"! მართალია, ახლა თავადაც გასაცოდავებულია ეს არხი, მაგრამ რომელიღაც ყარამანაშვილი დიდი ამბით გვეუბნება: "ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია, განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან "რუსთავი 2"-ის დაცვაში ფასდაუდებელია" და ნიკა თუ დიდებით დაბრუნდა არხზე, როგორც ბონაპარტი - საფრანგეთში, მერე ნახეთ სარკაზმი და შოუები "ქართულ ოცნებაზე"...

პ.ს. ჯეჯელავას ეკითხებიან: მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო ვის უნდა დაჰკიდოთო? ვისაც ყველაზე მეტად ეკიდება განათლებაო...