ბიძინას ებარებოდეთ, ანუ რა უწინასწარმეტყველა კაკულიამ სააკაშვილს?! - კვირის პალიტრა

ბიძინას ებარებოდეთ, ანუ რა უწინასწარმეტყველა კაკულიამ სააკაშვილს?!

რამდენჯერმე "პროვოკატორის ბლოგზე" კომენტარი დამიწერეს, - რატომ არ ეშვები "ნაციონალებსო"? ეგენი რომ პოლიტიკური გვამები არიან, ეგ არ მესწავლება, მაგრამ ზოგიერთი "ნაცი" რომ "გაქოცდა" და "მე იგივე ვარ მარად და მარად" პრინციპით წველიან საქართველოს, ვის წავარტყა პროვოკაციული წკიპურტი, თუ არა ამ რენეგატებს?!

ვიღაც ლუხუმმა ნეტარ ბიძინასაც კი მიმაბარა: "ეეჰ, პროვოკატორო, კალამი დაგიბლაგვდა, ვერ ეშვები "ნაციონალებს" და გავიწყდება, რომ უკვე 5 წელია, "ოცნებაა" ხელისუფლებაში. გავიწყდება, რომ არაფერი, სრულიად არაფერი გაუკეთებიათ საკუთარი ჯიბეების ავსებისა და საკუთარი ნათესავების დანიშვნის გარდა. გავიწყდება, რომ სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება, რომ ეკონომიკა გაიყინა 3%-ზე და ეგ უცილობელი სიღატაკეა, კიდევ 20 წელი. გავიწყდება, რომ გაზი ძვირდება, არადა, საპირისპირო ისმოდა დაპირებებისას. გავიწყდება, იგივე შემოსავლები რომ აქვს ხალხს და ცხოვრება ორმაგად გაძვირდა. გავიწყდება, რას ამბობდნენ და რა გააკეთეს. ბევრი რამე გავიწყდება. სიბერემ იცის ეგ და პატარა ნაადრევი ხომ არაა?! და კიდევ, ნუ დაემსგავსებით, კაცო, სხვა გამოცემებს, მიშას ლანძღვას რომ ვერ გასცდნენ და დარჩნენ იქ. ჰო და კიდევ, სანამ შენთვის მისაღებია სტაფილოს წვენით გაჭყეპილი ბატონი, თხოვნა მექნება, დემოკრატიაზე, ევროპასა და ევროპულ პრინციპებზე ნუღარაფერს დაწერ, კაი?! ნეტარ ბიძინას ებარებოდე! აბა, ვნახოთ, თუ გამოაქვეყნებთ, იმდენად ხართ უკვე დაშინებულები!"

ხომ ხედავ, ლუხუმ, გამოვაქვეყნე ეს თქვენი კომენტარი და კიდევ რა ვქნა? ბიძინას კარზე ხომ არ მივუხტე? მით უფრო, ეგ კარი თვით მეგისთვისაც აუღებელია და მე რა უნდა დავაკლო?

ბიძინას ჩემნაირი სიმართლის მთქმელები რომ სჭირდებოდეს, მაშინ ხელისუფლებაში ყოფილი "ნაციონალები" და მათთან ასოცირებული პირები არ გაიჭაჭანებდნენ! დავწერ მარგველაშვილსა და საგანელიძეზე რამეს, პირში ბურთივით მჩრით მის მეგობრობას ბოკერიასთან! ანუ მაგათზე წერა ისევ "ნაციონალებზე" წერააო! დავწერ გადარგულ ხეებზე და ეგეც არ უნდა დაწეროო! ვოლსკის და უსუფაშვილს გავუხსენებ კომუნისტურ წარსულს, ეგეც არ მოგწონთ! ახლა, თავისთავად, მიშაზე დაწერილი ხომ არ მოგეწონებათ?! არადა, მიშას ამ განცხადებას გვერდი როგორ ავუარო:

"22 ივნისის 2 მოწვევა მაქვს. ერთი ტანზანიის ხელმძღვანელობისაგან დარ-ეს-სალამში (აფრიკა) კონფერენციაზე და მეორე კი ბრიუსელის სამიტზე, ევროპის სახალხო პარტიისაგან. ახლახან სანდო წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო, რომელიც ასევე იქნება ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევს. მე თავიდანვე არ ვგეგმავდი ბრიუსელში წასვლას და მივდივარ აფრიკაში. ასე, რომ პეტრო პოროშენკო, ნუ დარდობთ, არ გაგიფუჭებთ განწყობას ბრიუსელში, ვინაიდან თქვენგან 11 000 კილომეტრის დაშორებით ვიქნები აფრიკაში და შეეშვით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ფიქრს, ვინაიდან მე მაინც დავბრუნდები მშობლიურ კიევში!"

ტანზანიას ააყვავებს ახლა მიშა ბატონი ისე, როგორც საქართველო და ოდესა ააყვავა ადრე! ტანზანიაში წაიყვანოს თავისი გარემოცვა და დაგვასვენოს! თუ უნდა ბურკინა ფასოშიც წავიდეს იქიდან და თან გოცირიძეები გაიყოლოს (ეგებ ბიძინას მშვიდი ძილი და სტაფილოს წვენის დალევა დააცადოს ამ "ნაციონალების" ჟანა დ,არკმა!).

ამერიკა კრიზისიდან იუმორით გამოსულა ადრე და ჩვენც ასეთივე გზას გავდივართ: ხან ბიძინას "ბუტკაზე" ვხალისობთ, ხან - კესარია-ხოშტარია-უდუმაშვილ-ავტოგოლას თბილისის მერობის კანდიდატობაზე, მაგრამ ის გვავიწყდება, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის! და ვინ იცინის ბოლოს ნეტავ, ჩვენი ბრიყვული არჩევნების მერე?! ის სამასკაციანი მუქთახორები, წინასაარჩევნოდ კარგად რომ გვატყუებენ!

პ.ს. კაკულიას თქმით, ტანზანიის მერე სააკაშვილი წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლდება, სადაც საბოლოოდ მისი დიდი მხედართმთავრული ნიჭი გაიფურჩქნება! ნაპოლეონის სული ჩაუსახლდება და ზარ-ზეიმით დაუბრუნდება თბილისს კახეთის გზატკეცილით ან ცხვარიჭამია-გლდანის გზით! დასავლეთიდან, სენაკის თუ ჩხოროწყუს "იკარუსს" რომ გამოჰყვა 2003 წელს, უიღბლო აღმოჩნდა და ახლა სხვა მარშრუტს აირჩევს, ფეხბედნიერებისათვის!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს