ფაფუ ზალიკო, ანუ ბიძინას სიმპათია კალაძე და კომბლე ღარიბაშვილი - კვირის პალიტრა

ფაფუ ზალიკო, ანუ ბიძინას სიმპათია კალაძე და კომბლე ღარიბაშვილი

ჯერ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისა არა გაგვიგია რა და უცებ ელიავას ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი! სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, ზაალ უდუმაშვილის ძაან გულშემატკივრობა სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების მიმართ. რაღაც არ მახსოვს, ქიბარ ხალვაშის საწყობის დაწვისას ლოყები ჩამოეხოკოს! როგორც ყოფილ ჟურნალისტს, მაშინ თუ ემოციების გამოხატვის უფლება არ ჰქონდა და ახლა, როცა უკვე პოლიტიკოსია, თანადგომა-თანაგრძნობის ბუშტი გაუსკდა?!

სოციალურ ქსელში ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს "ფეისბუკური" ჭიაკოკონა დაერთო: უწყლოდ მივიდნენ მაშველები და სავაჭრო ცენტრის მერე გლდანიდან დიღმის მასივამდე ნაცარტუტად იქცევა ყველაფერიო. არ გამოდგა ეს ამბავი მართალი, მაგრამ 2012 წლის მერე თუ სადმე თუნდაც ხის ხუხულა დამწვარა, ყველას ნუსხა წარმოადგინეს "ქოცების" ოპონენტებმა! აი, ეგრე უნდა ბოლო 5 წლის გახსენება, დიახაც! მთავარია, თავისი ცხრა წელი არ ახსოვთ, თორემ სხვის თვალში ბეწვის დანახვას რა უნდა?!

ცალკე ასქულიან "პრავებზე" იყო საკუთარი ხელით სახეში შემოლაწუნებები (ასი ქარხანა დავივიწყეთ!). არადა, რამდენჯერ გვითქვამს, ნახევარზე მეტ მძღოლს მართვის მოწმობა საშვილიშვილოდ უნდა ჩამოართვა და თხილის ჯოხ-ცხენაზე უნდა შესვაო! ბარემ, საგზაო თემატიკაზე ვლაპარაკობ და "სითი პარკს" შევეხოთ. კაბალური პირობებით მობრძანებულ ამ კომპანიას თავზე ხელს რატომ უსვამს ხელისუფლება?! რა ვიცი, "ჯორჯიან მანგანეზს" სპეციალური მმართველი დაუნიშნა მთავრობამ და დაუნიშნონ ამ მონსტრსაც! სახელმწიფომ "სითი პარკი" თუ გააძევა საქართველოდან, 25 მილიონი უნდა გადავუხადოთო! გადაუხადეთ, ბატონო და გააძევეთ ეგ ჩვენი ბენზინის თუ სისხლის გამშრობელი! ვიღაც წერდა, "სითი პარკმა" საფრანგეთის მოქალაქის მანქანა წაიყვანა, რომელშიც პატარა ბავშვს ეძინა, ნორმალურ ქვეყანაში რა სანქციები დაეკისრებოდა ასეთ კომპანიას? (ადეიშვილ-მერაბიშვილის ტანდემი რასაც იზამდა, ვიცი: ორგანიზაციას 250 მილიონს გადაახდევინებდა ყოველგვარი რევერანსების გარეშე და იმ "მეპარკეებს", ვინც ის მანქანა წაიყვანა, სულ ცოტა 20-წლიან "სროკზე" გაუშვებდაო!)

"ქართული ოცნება" ცოცხალი თავით არ უშვებს "სითის", მაგრამ ზაალ (ჩემთვის - ძაან) უდუმაშვილი კი აპირებს თურმე მაგათ გაყრას! აი, ეგაა დაპირება, თუა! ძაღლი ვინც მოკლა, მანვე უნდა გადაათრიოსო, - უთქვამთ ჩვენს ძველებს... ანუ, ახლებურად რომ ვთარგმნოთ, ეს "მეპარკეები" ვინც მოათრია, მათვე უნდა გაათრიონ! ეგებ და სპაიდერმენი უგულავაც კი დაიჭირონ მერე, ყოფილმა თანაგუნდელებმა!

არ ვიცი, ვინ უგეგმავს პიარს ჩვენ "ნარუსთავიორალს", მაგრამ რაღაც კარგად არ გამოსდის. აი, თავად უდუმაშვილის მოიმედეს უთქვამს: დააანონსა დიდუბის მუშთაიდის ბაღში ზალიკო უდუმაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა, მოვიკრიბეთ ძლივს 200 კაცი და ჰამაც... ფაფუ ზალიკო... არ მივიდა ამომრჩეველთან! არა და ამბობს, ჩემ გარდა ბიძინას ვერავინ სძლევს, ვერც კილაძე, ვერც გოცირიძე და ხოშტარია-ელისაშვილი ამას ვერ მოიხერხებსო!

ამ ჩვენს ძაან უდუმაშვილს, გემახსოვრებათ, "კურიერის" ეთერიდან გამომშვიდობებისას, მუსიკაზე ძალად ნატარები ბავშვი სახე რომ ჰქონდა. მაშინ უიმედობა ეტყობოდა და ნეტავ, რისი იმედი გაუჩნდა ახლა? აი, კალაძეს ბიძინას ელექტორატული კონტინგენტი მხარს უპრობლემოდ დაუჭერს, მაგრამ მიშასეული კონტინგენტი რომ დაიქსაქსა ხოშტარია-უდუმაშვილის მხარდამჭერებად?! თან ელისაშვილსაც რომ აკარგვინებენ ხმებს ეგ აფრიკაში გადახვეწილის მაშხალები? არადა, ყველა ოპოზიციური ძალა რომ გაერთიანდეს ალეკოს გარშემო, ავტოგოლას ბეჭზე თუ ვერ დადებდა, მეორე ტურის გარეშე მერის მანტიას ვერ ეღირსებოდა სამტრედიელი! თანაც, უკვე ბოტკინისფერი გამოცემები აჟრიამულდნენ, კახის კანდიდატურით მოხიბლული არ არის ბიძინაო! და იცით, რით ამყარებენ თავიანთ მოსაზრებას?! პრემიერმა კვირიკაშვილმა რომ წარადგინა "კალა-ქის" მერობის კანდიდატად კახი, იქ არ იყო არც ბიძინა, არც ბერა და არც ციცინოო! ვიღაცამ ისიც თქვა, ეგებ და მართლა ცუდადაა ეგ კაცი და მაგიტომ ვერ მივიდა, თორემ ბიძინას სიმპათიაა ისევ კალაძე და კომბლე ღარიბაშვილიო!

პ.ს. ვაკის პარკში ბიჭი ეუბნებოდა გოგოს, გულზე ცეცხლი მიკიდიაო! ამ დროს გამოჩნდა თეა ადეიშვილი და მიკროფონი ატაკა ბიჭს პირში, ბიძინამ წაგიკიდათო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს