ქართველები სწრაფად ვხდებით მორალისტები, ბრალმდებლები.. ანუ როდის ემართება ეს "ყველაფერჩიკობა" ერს - კვირის პალიტრა

ქართველები სწრაფად ვხდებით მორალისტები, ბრალმდებლები.. ანუ როდის ემართება ეს "ყველაფერჩიკობა" ერს

ათასჯერ მითქვამს და დამიწერია, რომ ჩემთვის ერთია "ნაცი" და "ქოცი", მემარჯვენე, ცენტრისტი და მემარცხენე. თუ დააშავებენ, სიმართლეს მივახლი ჩემი "პროვოკაციებით"-მეთქი. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივს გულზე არ ეხატება მიშიზმის კრიტიკა, არც ავტოგოლას და კომბლე ღარიბაშვილის ხსენება მოსწონთ "ქოცებს". გასაგებია, რომ არც ორკაციან პარტიებს "ევასებათ" თავიანთი დაბალი რეიტინგის შეხსენება. ვიღაცას ჩემი ხუმრობა და ანეკდოტები არ მოსწონს თურმე. შეგახსენებთ, ჩემო მკითხველებო, მე იუმორისტული ბლოგის ავტორი არ ვარ და ვარ პროვოკატორი!

ქართველები სწრაფად ვხდებით ხოლმე მორალისტები, მოსამართლეები, პოლიტიკოსები, ბრალმდებლები, სასჯელაღმსრულებლები! როდის ემართება ეს "ყველაფერჩიკობა" ერს? მხოლოდ მაშინ, როცა გამიჯნული არაა კომპეტენციები და პასუხისმგებლობები. ადრე უთქვამთ, პური მეპურემ უნდა აცხოსო და პურს კი არა, ჩვენი ჭკუით, "დაჟე", რუსულ ბლინებს ან ამერიკულ დონატებსაც "ვაპროდაქშენებთ" უმაღლეს დონეზე. ამას ემატება ქსენოფობიურ-ფაშისტური ლოზუნგები პოლიტიკოსების მხრიდან. რას ვიზამთ, იმზადებენ წინასაარჩევნოდ პლაცდარმს ქვეყანაზე "დარდით გამოხრულები"! თურმე, ინდუსები, ჩინელები და არაბები საქართველოდან უნდა გავყაროთ, მაგრამ ქართველ არალეგალებს თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეთ თავიდან ისრაელში, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში! გაგახსენებთ, როცა კავკასიელებს დაუწყეს რუსეთში დევნა, ფაშისტურმა და ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს "რუსული მარში" ლოზუნგით - Очистим Россию от кавказцев რაღაც ამდაგვარად და საეჭვოდ მოგვინდა არაქართველების გაყრა საქართველოდან! გასაგებია, რომ მცირეწლოვანზე ძალადობა ამაზრზენია, მაგრამ კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება და საქართველო რა ბედნიერი გამონაკლისი იქნება? დააშავა ადამიანმა? არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, სქესს, რელიგიას, ის უნდა დაისაჯოს კანონმდებლობის ფარგლებში! ახლახან თქვეს, ხიბულაში 87 წლის ქალს სცემეს 80 ლარის გამოსაძალავადო. ჩინელები იქნებოდნენ ან ინდუსები ეს მოძალადეები?! თუ იმ მოხუცისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა ქართველის ძალადობა და ჩინელის მუშტი - კატასტროფა?!

ემოციების დრო არ არის და ცივი გონებით თუ განვსჯით, დავინახავთ, რომ უცხოეთში ქართველ კრიმინალებს უმკაცრესად სჯიან, ჩვენთან კი თავზე უსვამენ ხელს ყველა ჯურის კრიმინალს! აბა, რა უნდა ქნას ჩვენმა ხელისუფლებამ, დემოკრატიული, სტაბილური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი შეგვერყევა და მილიონობით ტურისტიც არ ჩამოვა მერე თურმე! ამ ტურისტებს კიდევ მრავალფეროვანი სერვისები სჭირდებათ, მათ შორის, თბილისის ცენტრში სექსმუშაკების "მომუშაკება"!

ამ ბოლო დროს ღირსებასთან მწყრალად ვართ. აი, ის ხალხი ვართ ჩვენ, ეს 150 კაცი რომ დავსვით პარლამენტში და თავს გვაყვედრიან, თუ ვინმეს ხურდა ფული გაუწოდეს! უღირსობის და უთავმოყვარეობის განცდა მაქვს, როცა პარლამენტის თავმჯდომარისათვის, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურებისთვის არაფერია მცოცავი ოკუპაცია! თანაც, "კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო განიხილავს თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება", - განუცხადებია ქოჩორა სპიკერს! ახლა მართლა მკვახედ უნდა შევძახო ხელისუფლებას: თქვენ არ გაქვთ სტრატეგიული მიდგომა არც ერთ საკითხში და მხოლოდ წინასაარჩევნოდ საკუთარი სიმპათიების ავანგარდში დაყენება განაღვლებთ! ჰოდა, კი აანონსებენ ახლა პოპულისტები მარშის მოწყობას, რუსეთის ბანერის მოგლეჯასა და კავკასიონის გადაღმა გადასროლას! დიდი დათვი არ გააბრაზონ, 2008 წლის მსგავსად სისხლის და ცეცხლის ზღვა არ დააყენონ შუაგულ საქართველოში! როცა პატარა ქვეყანა ხარ, დიდი დიპლომატია გჭირდება, მაგრამ ამას არ აკეთებთ! სირცხვილი არაა, "პარიჟანკა" გყავდეს და მისი დიპლომატიური შესაძლებლობები პარლამენტში ჩაკლა?!

პ.ს. ჯეჯელავა ფარულად საგამოცდო გარემოსადმი გამძლეობაშიც ცდის აბიტურიენტებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს