არ "იქოცო!"არ "ინაცო!" არ იბრეგვაძეო, ანუ არ აკორკოტდე! - კვირის პალიტრა

არ "იქოცო!"არ "ინაცო!" არ იბრეგვაძეო, ანუ არ აკორკოტდე!

ჩაიარა მარშმა და ოცნებებმაც. ცრუ მოლოდინები და ნეოშოვინისტური იდეების დრო თურმე ისევ პოპულარულია.

ეს მაშინ ხდება, როცა ხელისა და ტვინის განძრევა ეზარება ხალხს. როდის იყო, ხალხო, პოლიტიკოსები ამომრჩევლებზე ფიქრობდნენ? გავიყოფით ხან ზვიადისტებად და ედუარდისტებად, ხან მიშაა უზენაესი და ხანაც - ბიძინა. არ მოგვბეზრდა ეს ვიღაცისტობა და ვართ ასე გასაწყლებულები. ახალახან მარშისტებად და დემარშისტებად გავნაწილდით, ვიკაწრეთ ლოყები, გამოვიტირეთ არაბების ნაჩქმეტი უკანალების პატიოსნება, მოვგლიჯეთ ბანერები, გავკალავდით, გავალევკოვდით და გვაქვს იმედი, რომ შემოდგომაზე დაგვეწყება არჩევნების მერე მუდმივი გაზაფხული!

არ დაგავიწყდეთ, რომ ნამუსისგან დაცილებულ ადამიანს არ უჭირს პარტიიდან პარტიაში ხტომა. როგორც თქვეს, ჯერ არასდროს არ ყოფილა "ნაცი" ასე "ქოცი" და ჩვენმა ცხოვრებამ ორსართულიანი მატარებელივით ჩაგვიარა!

არ მიფიქრია ბევრი და ახალი ათი "არა" დავწერე.

არ "იქოცო!"

არ "ინაცო!"

არ იბრეგვაძეო, ანუ არ აკორკოტდე!

არ იონლაინიკოორდინატორო!

არ თვალო ტურისტები გაბევრებულად!

არ დაიჯერო პოლიტიკოსების!

არ გეგონოს, რომ ვინმე მუქთად შეგინახავს!

არ "დაარტყამს" ამერიკა ჩვენ გამო რუსეთს!

და ყველაზე მნიშვნელოვანი "არა" - არ იმარშო!

არ "იქოცნაცოთ", ეს მეათე გახლავთ!

ქვეყანაში ბევრად მეტია სადარდებელი, ვიდრე ვარდობთ, მაგრამ ეგ სადარდებელი რომ გაქრეს, ბევრი შრომაა საჭირო. თუმცა, ბევრ შრომას მოჰყვა დიდი მოსავალი და აჰა, ულპება ხალხს ატამი!

ევროპაში თურმე ატამი ხუთი ევრო ღირს და ეს ძუნწი ბიძინა ქართულ ატამს არ ყიდულობს! გამოდი, კაცო, შუშის სასახლიდან, იყიდე ეს ატამი კაი ფასად, მერე ზოგი ისე გვაჭამე, ზოგიც მურაბად მოხარშე, ზოგი დააკომპოტე და ზამთრის პერიოდში გამოგვიზოგე!

აბა, ოთო აბესაძის მსგავსი ხალხი გამოიყვანე ასპარეზზე და მერე სირცხვილი აჭამო, ეგ რა წესია? სირცხვილის ნაცვლად აჭამეთ ატამი!

ისე იქცევით, თვით მიშაც კი დაგცინით. აი, პოროშენკოს საპონი და პირსახოციო, წამოგაძახათ. "ქოცებო", ის "რესპები" ორიოდე ინდივიდი მაინც დაგეტოვებინათ მმართველ ფლანგზე, ხელს მაინც შეაწმენდდით ხანდახან!

პ.ს. შუაშისტური ტერმინოლოგიით ბიძინას მიენიჭა ხანძართუხუცესის წოდება, ხოლო ოთო აბესაძეს - "ქოცკომკავშირელის", რომელსაც ერთი მოტო და ტორტის ფული არ აპატიეს...