მარშანაქცია და ბიძინას ორეულ-სამეულ-ოთხეული - კვირის პალიტრა

მარშანაქცია და ბიძინას ორეულ-სამეულ-ოთხეული

23 ივლისს მორიგი მარშ - აქციები თუ მარშანიაქცია ჩატარდა. სწორი გითხრათ, ასეთი სიხშირით თუ ვიმარშეთ,  "სუსურუკუს" ისტორიას რაც მარშები ახსოვს, ამ წელშივე გავუსწრებთ რაოდენობრივად. საერთოდ, მარშებისას არც ფორმას ვაქცევ ყურადღებას, აღარც შინაარსს. ვიცი, რომ ხალხისთვის არ კეთდება ეგ და ამიტომ. ვისაც პოლიტიკური სიკვდილის ეშინია, გამოაცხობს  "ფეისბუკზე" ურაპატრიოტულ ან ზელიბერალურ ლოზუნგებს, შემოიკრებს რამდენიმე ათეულ ანგაჟირებულ თუ მოტყუებულ ადამიანს და იწყება პოლიტიკური ლეშების რეაბილიტაცია-რეანიმაცია! ზოგიერთმა  "ლიდერმა" ახალი საპროტესტო მარშ-ფორმაც შემოიღო: დაწერს სოციალურ ქსელში მთავრობის უნიათობაზე, დანაშაულზე ან სულაც უმოქმედობაზე და მოდის ჭკუის დარიგების ნიაღვარი, ანალიზი, შეფასება!

რას იტკივებენ თავს ბრეგაძეები, მარშანიები და მათი მსგავსები, რომ ვიკითხოთ, ერთი პასუხი იქნება ყველაზე სწორი: სხვა რა შეუძლიათ, აკეთონ?! ამათ რომ თავი დავანებოთ, ან სხვა, მაღალი პასუხისმგებლობის პირები რისი მაქნისები არიან?! პრეზიდენტი გვყავს და ვეტოების დადების გარდა, მისგან რა გახსენდებათ? არადა, დრო იყო, თავად უკიჟინებდა მიშას განათლების მინისტრის პოზიციიდან: - რასაც ვაკეთებ, სააკაშვილი ვეტოს ადებს. ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება, რომ არ ვთქვათ - ტრაგიკომიკური! არ შეიძლება, ყველა ჩემს ნაბიჯს ვეტო დაადოს. იმედი მაქვს, რომ ბოლოს ჩემს ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ ვეღარ ვიმოძრაო".

მინისტრთა კაბინეტიც არ აკლავს თავს მუშაობას, პარლამენტი ისედაც უსაქმურების თავყრილობაა. ქუთაისის პარლამენტის შენობის ეზოსთვის ვერ მოუვლიათ და ეგენი ქვეყანას მოუვლიან?! დროშა რომ ვერ  "დაკიდენ", ეგ ცალკე თემაა! სამაგიეროდ, იციან, როგორ მოუარონ საკუთარ თავსა და ოჯახს! ზოგჯერ ისეთ საოცრებებს ჩაიდენენ ხოლმე, ვერც ერთი ფილოსოფიური კანონი ვერ ამოხსნის. მაგალითი გნებავთ?! კი, ბატონო, გაახლებთ ახლავე! შემოსავალზე 6-ჯერ მეტი მხოლოდ ქართველმა ჩინოვნიკმა შეიძლება დახარჯოს, ოღონდ საიდან ხარჯავს, ეგაა იდუმალებით მოცული! თან სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახზეა ლაპარაკი და ისეთი ამბავია ატეხილი, თვით ყველაზე დიდი  "ქოცგამპრავებლებიც" ვერ პოულობენ გამოსავალს. ალბათ მაგ მოადგილესაც  "ოთო აბესაძეს დამართებენ". საარჩევნო წელია და იმიჯის გასაუმჯობესებლად რამდენიმე წვრილფეხობის შეწირვა ღირს!

ამბობენ, ბიძინა არ აპირებს უხერხემლო  "ქოცების" ასარჩევად ფულის ხარჯვასო (დაზუსტებით ვერავინ ამბობს ბიძინაზე რამეს, ჯერ ისიც ვერ გაგვირკვევია, მელუას კონცერტზე ნამდვილი ბიძინა იყო თუ მისი ორეული!) და წელს საარჩევნო კომისიებს ბევრად ნაკლები ბიულეტენი რომ ექნება დასათვლელი, დამერწმუნეთ! ფულმა თუ არ მიიყვანა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ნომრებს ამოფარებული მედროვეების დაპირებები მიიყვანს ელექტორატს ბიულეტენამდე, რომ ვიღაც წლობით გარანტირებულად სკამზე დასკუპდეს?!

ლიტერატურის თეორია იცნობს ძალიან მოხერხებულ ტერმინს - სახის მეტყველებას. ქართული პოლიტიკური აზროვნება ამ მხრივ წინ უსწრებს ყველა ლიტერატურულ მიმდინარეობას. ჩვენ გვყავს ამ მიმართულების კლასიკოსები: ნათელაშვილი, ამაშუკელი, წულაია და ვინ აღარ! აი, სულ ბოლოს ყური მოვკარი, დავით დარჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილზე უთქვამს, ტრამვაიში ჯიბიდან რომ ფულს ამოგაცლიდნენ ხოლმე, იმას ჰგავსო. საკუთრივ დარჩიაშვილზე მავანი ქირქილებდა, თოფის შომპოლს უგავს თავიო. პოლიტიკოსის გარეგნობა რაში მაინტერესებს, ან მაგათი პირადი ცხოვრება, ქვეყანაა მისახედი და მიხედონ, 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა და მათგან საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. ისე მიდის ქვეყანაში საქმე, წლის ბოლომდე კიდევ ბევრი იშოვის ავიაბილეთის ფულს და დარჩება საქართველო ქართველების გარეშე. პოლიტიკოსებო, მიხედეთ ამომრჩევლებს, თორემ ცოტა ხანში ამომრჩეველიც თქვენ იქნებით და ასარჩევიც, ამ პატარა ქვეყანაში.

პ.ს. მეგი გოცირიძის აზრით,  "ბლექ სი არენაზე" მელუას კონცერტს არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. მის ნაცვლად პირველად სახელმწიფო უშიშროებამ გაგზავნა მისი ორეული, რომელიც კონცერტის დაწყებამდე ცუდად გახდა და იგი ჩაანაცვლეს  "სამეულით" და  "ოთხეულით". ეს ბოლო ორი, საკუთრივ, ერთმანეთს ენაცვლებოდა ყოველ 15 წუთში, რათა საგრიმიოროში გადაემოწმებინათ ბიძინას მიმსგავსების ხარისხი...