მიშა უპასპორტოდ, თბილისი - "უხრუშჩოვკოდ" - იმერეთის თვითმმართველობების შემადგენლობას ბიძინას დასთან ათანხმებენ?! - კვირის პალიტრა

მიშა უპასპორტოდ, თბილისი - "უხრუშჩოვკოდ" - იმერეთის თვითმმართველობების შემადგენლობას ბიძინას დასთან ათანხმებენ?!

მშვიდი ზაფხული დგას ჯერ. არ გვაწუხებს ამერიკული მილიტარულ-პოლიტიკური სტუმრიანობა, არც 40 გრადუსს აცილებული აგვისტოა სადარდელი, რადგან ჯერ კიდევ შორია არჩევნებამდე. ეს მე და შენ არ გვაწუხებს, ჩემო მკითხველო, თორემ მათ, ვისაც საკრებულოს წევრობა უნდა ან გამგებლობა, ან კიდევ მერობა, მათთვის უკვე ამერიკაც და რუსეთიც მთავარი კოზირებია, ესაა მათი სიცხე და სიცივეც. პაწაწუნა საკრებულოს წევრობაც კი ისეთი ვნებათაღელვის საგანია, რომ ვინ ვის აკითხავს "საჯიკებლად", "პროტექშენობისა" თუ "წასაპარუკებლად", გაგება აღარაა.

ავი ენები ამბობენ, იმერეთის თვითმმართველობების შემადგენლობას ბიძინას დასთან ათანხმებენო. დანარჩენ რეგიონებში ვისთან ათანხმებენ?! არ დაიჯეროთ, ხალხო ეგა, ბიძინას სანათესავოს არ აინტერესებს ჩხარის ან ოფშკვითის მაჟორიტარი ვინ იქნება მინიპარლამენტში! თვითმმართველობაში ცხვირის შეყოფა მხოლოდ მათი ინტერესია, ვისაც კაი გვარიანი ხელფასი უნდა მუქთად ყოფნაში.

ფრაქციის ან კომისიის თავმჯდომარეებს რა ხელფასები აქვთ, იცით?! აი, მაგათი ნაკეთები საქმეები რომ დაითვალოთ, ხელფასების მეათასედის ტოლფასიც არ იქნება! რეალური თვითმმართველობა რომ არ არსებობს, ამას აკვნის (ან პამპერსიანი) ბალღიც კი დაადასტურებს. მაშასადამე, ჩვენ მოგვიწევს არაფრისმაქნისთა არჩევა, რომლებიც აიღებენ ხელფასს, უშველიან თავიანთ თავს და არა - ხალხს!

ახლა უპასპორტო ნაპრეზიდენტალი უნდა ვახსენო. ვიცი, ვიღაცები გამობრძანდებიან ჭკუის დამრიგებლის პოზიციით და მეტყვიან, - მიშა წარსულია და "ქოცებისა" თქვიო. ვიტყვი, განა არ ვიტყვი "ქართული ოცნების" ცოდვებს, მაგრამ ხილული სასწაულია პირდაპირ, ეს ჩვენი უმიწაწყლოდ დარჩენილი. ჯერ იყო და 9 წელი, ჩართული უთოდანაც ეგ გვეღაღადებოდა, რომ ყველაფერი "ნაციონალური" იყო "სუპერ", "ვაუ" და სუშიზე უკეთესი. წაბრძანდა ოდესაში და უკვე საქართველოს ბედი და უბედობა პირდაპირ უკავშირდებოდა უკრაინას მანამდე, ვიდრე პოროშენკომ არ "დააჰაიდა" პუტინისა სიტყუითა მძლეველი! ახლა კიდევ უპასპორტობით მოექცა სამყაროს ყურადღების ქვეშ და ნაცმადიდებელთა არმია გულს ორი რამით იმაგრებს: დიდი ტელევიზიები მიშაზე აკეთებენ აქცენტს და კიდევ, კობა ხაბაზი საერთო-უკრაინული იდეოლოგიური ფრონტის გახსნას აპირებსო, მაგრამ არ გეტკინოთ მანამდე რამე, სანამ კობამ ფრონტი კი არა, ბუტკაც ვერ გახსნას უკრაინაში!

აქვე ერთი წკიპურტიც: ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტების ლანძღვა-გინება რამე შეღავათია ჩვენი დაქცეული ეკონომიკისა და სოციალური ყოფისათვის?! ეს მამაცხონებული "ქოცებიც" რომ იწმენდენ ხელს მუდამ "ნაციონალებზე", ვეკითხები მაგათ, თუ დამნაშავეები არიან, რატომ არ სდებთ ბრალს და ძმრად არ ადენთ წარსულ ცოდვებს?! მაგრამ როგორ უნდა წამოაძახოს ყვავმა ყვავს სიშავე, როცა უწინდელზე არანაკლებს იბღუჯავენ ახლები?!

გამოსავალი სწორ არჩევანშია, მაგრამ ვის ავირჩევთ წესიერს, როცა პატიოსან ადამიანებს პოლიტიკას ვერ უხსენებ და უწესოებს შორის არჩევანი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ბრმათა შორის ცალთვალს ანიჭებენ უპირატესობას, ხედვის თვალსაზრისით!

ასეთი ცალთვალია კალაძე თბილისელებისთვის, თორემ ან ეგ რა ასარჩევია?! "ავტოგოლამ" უკვე დაუშვა ტაქტიკური შეცდომა, როცა თბილისელებს დაჰპირდა ხრუშჩოვკების მიწის პირისაგან აღგვას! აბა, გაიხსენეთ, ლამაზ ვარშალომიძის ბათუმური საარჩევნო კამპანია, როცა ამომრჩევლებს ხელშეკრულებას უდებდა, - თუ ამირჩევთ, ოქროს სასახლეს აგიშენებთ, ჩემსას რომ მოვრჩები, მის მერეო! ვფიქრობ, თბილისს კალაძე მოევლინება მერად, რადგან სახელმწიფო მოხელეები, "ქოცკოორდინატორები" თავის ნათესავებიანად დარაზმულები მივლენ საარჩევნო ურნებთან და კი მოაგროვებს "ქართული ოცნება" საჭირო ხმებს! ხოშტარია, უდუმაშვილი და ელისაშვილი დარჩებიან პირში ჩალაგამოვლებულები! ცდებიო, არ მითხრათ, თორემ წიწილებს დიასახლისი და ხმებს ცესკო შემოდგომაზე დაითვლის!

პ.ს. ელისაშვილს ეკითხებიან, თქვენი მეტრი პოლიტიკაში ვინააო და ნათელაშვილიო... ლეიბორისტები ერთხმად აღშფოთდნენ ამის გამო, ჩვენი შალვა კინაღამ კილომეტრია, მეტრი ბიძინააო...