უგემფესტივალოთა სადარდებელი და როდის ჩაანაცვლებს ვაშლს ფუტკრის რძე? - კვირის პალიტრა

უგემფესტივალოთა სადარდებელი და როდის ჩაანაცვლებს ვაშლს ფუტკრის რძე?

სადარდებელი არ გვცილდება. თურმე "გემფესტი", რომელიც "კაზანტიპის" სიგუასეულ ვერსიას წარმოადგენს, არ ყოფილა მაგრობა და დასაქმებულებს 80%-ით ნაკლები ანაზღაურება მისცესო. აბა, ტყუილად ებრძოდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სამღვდელოთა ნაწილი ამ "სატანიზმს", სიგუამ რომ დააფუძნა შავი ზღვისპირეთში? როგორ ავიწროებენ ამ "ბნელ ქვეყანაში" არტპროექტებს! აი, გაგვექცა კიდევ ერთი დიდი პროექტორი - ბატონი სიგუა! წაიღებს ახლა ამ პროექტს საზღვარგარეთ და იქაც მოგვჭრის ალბათ თავს!

ძალიან იოლი გახდა ამ ბოლო დროს სამშობლოს ლანძღვა. ადვილიც და მოდურიც კი. საზღვარგარეთის ქვეყნებთან თავი რომ მოვიწონოთ, სამშობლოს და თანამემამულეებს უნდა დავასხათ ლაფი, აბა, ფრანგებზე ხომ არ ვიტყვით რამეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. ინციდენტი პარასკევს "სტად დე ფრანსის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარა. საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიახლოებია, მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრევიათ და დიპლომატიური ჩანთა გაუტაციათ.

მოგვიანებით დიპლომატიური ჩანთა ერთ-ერთ რაიონში კი იპოვეს, მაგრამ რატომ არ მოითხოვეს ფრანგებმა საფრანგეთის შსს-ს პირველი პირის გადადგომა?! იმიტომ, რომ ერთი დიპლომატის ჩანთაზე მეტი ღირებულებაა ეროვნულობა "არაეროვნულ და გლობალურ" ევროპაში!

გამიგონია, რომ იაპონიაში სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა ფუტკრის რძის ყოველდღიური მირთმევა. ამის გამოა, იაპონელი ბავშვები მაღალ შედეგებზე რომ გადიანო. თურმე, ნუ იტყვით და ვაშლიც კარგი ყოფილა კვების რაციონში! ეს თავად კომბლემოძულე მინისტრს უბრძანებია: "სექტემბრიდან კვირაში ერთხელ თბილისის ათასზე მეტბავშვიან სკოლებში ვიწყებთ ვაშლების დარიგების კამპანიას. აღნიშნული პროექტის მიზანი, რომელიც ვაშლების დარიგებას ეხება, ის არის, რომ შემდგომ თავად მშობლებმაც გამოატანონ სახლიდან ბავშვებს, რაც, თავის მხრივ, ისევ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის კეთდება. რეალურად, ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ განვახორციელოთ ეს სურვილი. ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა, მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები".

წარმოიდგინეთ, რა ზედახორა იქნება დიდ სკოლებში ვაშლის დარიგებისას! ესეც არ ვიცით ჯერ, დილით უნდა ჭამონ ბავშვებმა ხილი თუ დიდი დასვენების ჟამს?! როგორც ხალხური თქმულება გვეუბნება, დილის ვაშლი გულის ვარდიაო და ალბათ დილით არ შეაჭმევენ ბავშვებს! რატომ? გგონიათ, გულგადავარდული ბავშვები არ უყვარს ჯეჯეს?! არა, უბრალოდ, ხალხური თქმულებით დამყარებული სტერეოტიპი უნდა დაარღვიოს! ამიტომ, მესამე გაკვეთილის მერე იქნება ვაშლის ხეპვაი საკვირველი!

ბატონო მინისტრო, ეს მითხარ, ათასზე მეტ ბავშვიან სკოლაში თუ უნდა აჭამოთ ვაშლი, ასბავშვიან სკოლებში ბაღნებს პირი დაცემით აქვთ გახეული და ჭამა არ უნდათ? ეს უკვე დისკრედიტაციაა! 40-60 ათასი ვაშლი კიდევ არც ისე ცოტაა და მინდა გითხრათ, რომ ნორმალური ვაშლი 6 ცალია კილოგრამი (მაჟალოს არ შეჭამენ ბავშვები, თორემ ტყის ვაშლი კილოგრამში 60-იც კი ჩაეტევა!) ანუ კვირაში 10 ტონა ვაშლი უნდა ვაჭამოთ "დიდსკოლელებს"?! კარგი ვაშლის ფასი 2 ლარი მაინცაა ანუ კვირაში 20 ათას ლარს წასძვრება თავი! სასწავლო კვირების ოდენობა აღარ ვიცი და ნურც თავს ამატკივებთ ანგარიშით! მე პროვოკატორი ვარ და არა ბუღალტერი (ვთქვათ, ნამინისტრალი სანიკიძე)!

პ.ს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ეძლევათ ბავშვებს საქართველოში ფუტკრის რძე, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ ფუტკრის მოწველის სპეციალისტებია ცოტა და პროფესიულ კოლეჯებში აუცილებლად დააფინანსებენ ამ მიმართულებას, რათა მომდევნო წლიდან ვაშლი, რომელიც შეიძლება ჭიანი აღმოჩნდეს, რძემ ჩაანაცვლოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს