სახლში არშესაშვები ხოშტარია, ტყუპთა დედათა მეოხი ზალიკო, ირმა ობიექტიველი და "ოცნების" კოზირები - კვირის პალიტრა

სახლში არშესაშვები ხოშტარია, ტყუპთა დედათა მეოხი ზალიკო, ირმა ობიექტიველი და "ოცნების" კოზირები

"ქართულმა ოცნებამ" ასპარეზზე მძიმე არტილერია გამოუშვა. მარტო კალაძის თბილისის მერობის კანდიდატობაზე წარდგენაა ამის დასტური. არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ კალაძე მშვენივრად გაართმევს თავს ამ არჩევნებს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს, გითხრათ? არ დაგზარდებით და მოგახსენებთ!

იმედგაცრუებული ამომრჩეველი წელს გაცილებით მეტი გვყავს, ვიდრე ადრე გვყავდა და ამიტომ, ეს იმედგაცრუებულები, გოგირდიც რომ უხრჩოლონ სახლში, არჩევანის გასაკეთებლად არ გავლენ საარჩევნო უბნებზე. ეს "გაუსვლელები" "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს. ახლა მეორე ფაქტორსაც მოგახსენებთ: სახელისუფლებო და ადმინისტრაციული რესურსი ერთობ მობილიზებულია 41-ის შემოსახაზად.

უკვე ინტერნეტსივრცე გადააჭრელა "პერედოზირებულმა ბიძინაიზმმა" და ზოგჯერ ვერც ხვდებიან, ანტიპიარს რომ უკეთებენ "ოცნებას". ეს არაფერი, მითითებებს მისცემენ ონლაინკოორდინატორებს და გაითვალისწინებენ. ყველა შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსი შეძლებს მისული ამომრჩევლის +30%-ის მოგროვებას "საქოცაოდ". ახლა ცალკე მასწავლებლები დაითვალეთ, თავიანთი ოჯახის წევრებით! რამდენ ზარმაც და არაპროფესიონალს ეძლევა მშვენიერი ხელფასი სკოლებში, არ დაგავიწყდეთ ჩაჭრილების სტატისტიკა! თანაც, პარალელურად, ჩვენმა ჯეჯელავამ მომხიბვლელი ინიციატივა გააჟღერა - პროფესიულ სასწავლებელში ისწავლიან ჩაჭრილები ცხრა კლასის ატესტატით (რომელიც ყველას აქვს, ვგონებ), მერე, როცა ამ სასწავლებელს დაასრულებენ, რატომაც არა, გზა ხსნილი აქვთ უმაღლესისკენო! ამით ჩაჭრილების მამების, დედების, ბებიებისა და ბაბუების გული მოიგეს, 11 ათასი ჩაჭრილის საახლობლოს გულის მოგება კი ცოტა არ გეგონოთ!

კიდევ არსებობს სხვა ფაქტორიც: სუსტი და დაშლილი ოპოზიციური ამომრჩეველი! ვის წაადგება ორიოდე კინკილა ხმა ამ შემოდგომაზე თუნდაც, თბილისის მერის არჩევნების შემთხვევაში? რადენად უნდა გაიყოს ოპოზიციური ხმა? კუკავაღა აკლდა ამ ოპოზიციურ კალეიდოსკოპს და ეგეც მიუერთდა თურმე ხოშტარია სახლში არშესაშვებს, ზაალ ტყუპთა დედათა მეოხს, ირმა ობიექტიველს, ელისაშვილ- ბესელიას მებრძოლს და კიდევ ვიღაცებს! ჰოდა, "ქართულ ოცნებას" თბილისი ხელში უჭირავს!

ახლა რაიონები იკითხეთ! ჭიათურა რომ ჭიათურაა, "ქოცებმა" იქაც იმხელა კოზირი-კანდიდატი დააანონსეს, გამარჯვებას ვერ ეღირსება ოპოზიციონერი გამგებელი, დამერწმუნეთ. იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - ნადირაძე მიდის ჭიათურაშიო და ძველს სად უშვებენ, არ ვიცი, ჯერ... ლანჩხუთის მელექსია გამგებელიც ფრიად დაუწუნებიათ და ახლით ჩაანაცვლებენ, აი, ჩოხატაურისას რატომ იტოვებენ, ეგ ვერ გავიგე! მოკლედ, "ქართულმა ოცნებამ" საკადრო პოლიტიკის ცვლა დაიწყო მგონი და მახსენდება სტალინის სიტყვები, კადრები წყვეტენ ყველაფერსო. ეგებ, სტალინს არც უთქვამს, მაგრამ მაგისმა კადრებმა რომ ბევრი ხალხი გაწყვიტეს და ამოჟლიტეს, ამაში ხომ ვერ შემედავებით?!

ცოტაც და, "ქართული ოცნება" საგულდაგულოდ შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს ამომრჩეველს. მოემზადეთ ამის მერე დითირამბებისა და ოდათა მოსასმენად, რამეთუ მათ ხელში იქნება კადრების გადანიშვნა-გადმონიშვნანი! მეც, რა დაგიმალოთ და მაინტერესებს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მებრძოლთა ნუსხა. არა იმიტომ, რომ "მეფის კარზე" ველოდები დაწინაურებას! როდის იყო, ხელისუფალს მართლის მთქმელი ხიბლავდა?! უბრალოდ, მინდა თვალი გავადევნო, ეგებ "ნაცმოძრაობიდან" ვინმე შეეპარა "ოცნებას", როგორც ღვარძლი იფქლს?!

ვიდრე საარჩევნო სიების ფორმირების გამო აწეულ ტემპერატურას დაარეგულირებს მმართველი პარტია, მანამდე დღე ერთია და ხანძრის გაჩენა - რამდენიმე! ავაჰმე, ქართულო ტყეო, ვის ხელში ხარ! აგულაშვილი ნუთუ, რესპებიდან იმიტომ გამობრძანდა, ბუნებისთვის ვერ მიეხედა?! ტყეებს მეტყევეები სჭირდება, მაგრამ სად გვცალია ახლა მეტყევეთა დასაფასებლად და დასანიშნავად, თვითმმართველობებში ყავისწრუპიები და ფრჩხილიქლიბიები გვყავს რბილ სკამებზე დასასკუპებელი!

პ.ს. გოგი თოფაძის ინიციატივით, ტყეში მოსიარულე ტურისტებს უნდა დაალევინონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით მისი წარმოების ლუდი, რაც გამოიწვევს ხშირ შარდვიანობას ხეებისა და ბუჩქების ძირას. დასველებული გარემო ნაკლებად აალებადია და ხანძრის გემრიელი პრევენციის ფორმულაც მოგვაწოდა ჩვენმა გოგიმ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს