ალეკო, ზალეკო და ჯანელიძის მიერ "შეხრული" აღუდგენელი ფინანსური რესურსი - კვირის პალიტრა

ალეკო, ზალეკო და ჯანელიძის მიერ "შეხრული" აღუდგენელი ფინანსური რესურსი

მადლობა მეხანძრეებსა და კლიმატს, საქართველოში მოდებული ხანძრები რომ ჩააქრეს (ზოგიერთის თქმით - "ჩააქვრეს"). ბუნებრივია, მეხანძრეებს ევალდებულებათ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს თუ ევალება ნორმალური სატყეო პოლიტიკის გატარება? "ქოცებმა" მეტყევეების რაოდენობა კატასტროფულად შეამცირეს (თითქმის ყველა ტყის მცველი ადრე ტყისმჭრელი რომ იყო, ყველას მოგეხსენებათ), მაგრამ ეს შემცირება ტყეს რამდენად წაადგა?!

ამდენი უმაქნისი და დიდხელფასიანი ჩინოვნიკი რომ გვყავს, ყველა ტყიანი სოფლისთვის თითო პატიოსანი და საქმიანი მეტყევის შტატი რა გახდა?! ჯანელიძის წლიური ბიუჯეტირების თანხით ისე კარგად შეიძლება გარემოს მოვლა, ისე კარგად... მაგრამ რას იზამ... თუ ეს სანუგეშებლად იკმარებს, ვიტყვი, რომ ტყე აღდგენადი რესურსია, მაგრამ აი, ჯანელიძის მიერ შეხრული ფინანსური რესურსი - აღუდგენელი!

ალეკო ელისაშვილს ზაალ უდუმაშვილმა ხელმოწერების შესაგროვებლად დახმარება შესთავაზა, რაზედაც ალეკომ ადეკვატური უარი განაცხადა. წარმოგიდგენიათ, რა კარგი მასალა მექნებოდა საპროვოკაციოდ, ალეკო და ზალეკო (აი, დამემართა ფონეტიკურ-ანალოგიური გაუგებრობა!) რომ მენახა რომელიმე მეტროს სადგურთან ფურცლებითა და "პასტებით"! რა "ფეისბუკური" ღლიცინი ატყდებოდა და თითის გაბზეკა ალეკოსკენ - ალეკოსთვის უდუმაშვილი არის ზა(რ)ალიო! ეგებ მითხრათ, კალაძის პერსპექტივის გამო ალეკოსა და ზალეკოს (ისევ ზალეკოს!) წინასაარჩევნო კამპანიას ისევ განაწყენებული ბავშვებივით აგრძელებენ თუ რამე შეიცვალა მათთვის?!

დღეს "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ძლიერი ოპონენტი და კონკურენტი, თუმცა შიდაკონკურენცია და დაპირისპირება იმდენად მწვავეა ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტირებულ თანამდებობებზე, რომ "მრეწველი" "ქოცს" არ ინდობს და "ქოცი" - ძიძიგურის პარტიის (სახელი დამავიწყდა) წევრებს. აი, "თავდემები" და "რესპები" კი შარშანდელი თოვლივით გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რამდენი "ნანაცარ-ნარესპალ-ნათავდემარი" კონფორმისტი გადაბარგდა "ქართულ ოცნებაში"?

აბა, როგორია მსუყე ლუკმის დაკარგვა პარტიის გამო? მაგალითი გნებავთ? გეტყვით: იყო თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" მაღალი იერარქი გიგლა აგულაშვილი? იყო! დაავიწყა თუ არა პარტიული იდეოლოგია "გარემოს დაცვის სიყვარულმა"? დაავიწყა! გარემოდამწვარ მინისტრს გარემო უნდა დაეცვა და არა - მისი თანამდებობრივი სტატუსი!

გეცოდინებათ, ამერიკის მთავრობამ ქართველ მეხანძრეებს 65.000 ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა და იყო ფრიად აღტაცებული შეძახილები, - აი, რა კარგია დასავლური დახმარებაო! დახმარება მართლაც კარგია (2008 წელს წყალიც კი გამოგვიგზავნეს ამერიკელებმა), მაგრამ ერთი ჩინოვნიკის ხელფასი რომ ათასჯერ ასწრებს მის შრომით ეფექტიანობას, ჩამოაკელით ამ გაქსუებულებს ცოტა და "ბატინკები" მაინც შეუძინეთ მეხანძრეებს!

რომელიღაც სააგენტო წერდა: "ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 112.388 ლარის ანაზღაურება მიიღო ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 31.800 ლარია. მან პრემია და დანამატები 19-ჯერ აიღო, ჯამში - 48.788 ლარი". მკითხველო, ახლა ჯანელიძის ხელფასიც დაუმატეთ ამ თანხას და კი გადახვალთ ასტრონომიულ კალკულაციებში!

დიდებული სახელ-გვარის მატარებელ ბორჯომის გამგებელს, ერთმა "ქოცგამპრავებელმა" დიდი ონლაინპროტექცია მოუწყო: სამი ღამე არ სძინებია კაცს ზედიზედ, ხანძრის გამო და ნუ აყვედრით ხელფასსა და დანამატსო. ეს ხანძარი ახლა მოხდა-მეთქი, შევეპასუხე. - იიჰ, შე უმადურო, კაცმა ავანსად აიღო 2017 წლის შრომის "დაფასება", რას ითვლი სხვის ჯიბეში ფულსო! - საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს-მეთქი, ვიფიქრე და გამოვიძურწე პოლემიკის არეალიდან!

პ.ს. ერთი ენამწარე "ფეისბუკელი" წერდა, თუ იცით, გამგეობისა და საკრებულოს ყოფილი პირველი პირების ცოლების ცხოვრება რა ფორმას შეიძენს ოქტომბრიდან? დეკაბრისტების ცოლები ციმბირში გადაასახლეს და იქ მოთქვამდნენ უბედობაზე, ყოფილი ჩინოვნიკების ცოლები კი "ფეისბუკიდან" დაიწყებენ მოთქმას, ხმითო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს