სანახაობრივად მოუბეზრებელი სააკაშვილი, "სპასატელი" კვირიკაშვილი და ბიძინას იგავური ანეკდოტი - კვირის პალიტრა

სანახაობრივად მოუბეზრებელი სააკაშვილი, "სპასატელი" კვირიკაშვილი და ბიძინას იგავური ანეკდოტი

აი, მიშამ ჩააღწია მშობლიურ უკრაინაში და გზადაგზა ისეთ განცხადებებს აკეთებდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეგ კაცი დიდი ხნის წინ უნდა გაგვეშვა საქართველოდან! რატომღაც ჩვენი მთავარი სამიზნე ნაპრეზიდენტალის ნაკვალევის "კვალიფიციური ანალიზია" და არა - მომავალზე ფიქრი. სამაგალითოდ გეტყვით ასეთ "კომპეტენტურ" შეფასებას: მიშა ჰგავს პორნოგრაფიულ ვიდეორგოლს, რომლის ღირებულება ნულია და ნახვათა ოდენობა - მილიონი! ამ "ვიუებში" ჩვენი დანაშაულიც რომ იკვეთება, ეს არაფერია?!

მართალი გითხრათ, სანახაობრივად მოუბეზრებელი გახლავთ სააკაშვილი. პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელში აყვანილი შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარაო, - განაცხადა სააკაშვილმა და თქვენ წარმოიდგინეთ, გავოცდი, როგორ შეძლეს ამხელა კაცის ხელით გადმოყვანა? მოძმე უკრაინელ ერს ვუსურვებ, რომ სიკეთეში გამოეყენებინოთ უმადური ქართველებისგან დაუფასებელი გენია! საინტერესოა, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენთანაც რომ შემოაგოგმანონ ეს ვაჟბატონი, ას ნაწილად გაყოფილი ნაცმოელები ერთ მუშტად შეკრულნი მოუდრეკენ ქედს მორჩილად?! დავამატებ კიდევ: უკრაინას აღმოსავლეთის საზღვარი მიჯირყვნილი აქვს რუსეთისგან, მაგრამ დასავლეთის საზღვარი მაინც ვერ დაიცვა ერთი მუჭი აქტივისტებისგან? ვერ დაიცვა და იმტვრიონ ახლა თავი მიშაზე!

სწავლის დაწყების წინ ისევ შეგვახსენა თავი ჯეჯელავამ. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულა სკოლებისთვის ვაშლის შესყიდვაზე. თურმე 260 000 ცალი ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. პროდუქტს ფორმა და ფერი შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი უნდა ჰქონდეს, თითოეული წონით არანაკლებ 150 გრამისა, საღი და მწიფე. ჭკნობის ნიშნები, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების მქონე არ მიიღება. აქვე დავამატოთ, ვაშლი უნდა იყოს პრიალა, გარეცხილი.

დამპალი და ობიანი ვაშლი არ მიიღება, სამაგიეროდ, დაობებული სახეები მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებად. ახლახან გურიაში სამი მერობის კანდიდატი წარადგინა პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომელმაც "სპასატელის" მანტია ვერ გაიხადა. ვიღაც ქალბატონს გულს შემოჰყრია და მის სამედიცინო პროცედურებს მიადევნა თვალი თურმე! არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ქალბატონის გულის წასვლის მიზეზი ჩოხატაურის გამგებელი კუჭავა იყოო. ამის მტკიცება მე არ შემიძლია, მაგრამ ლანჩხუთის გამგებელს რომ ჩაუარეს ცარიელი ტაქსივით, სავარაუდოდ, ლექსწერის გამო, კუჭავას რა დამსახურება ჰქონდა, მეორედ რომ გამოუცხადეს ნდობა? სავარაუდოდ, ჩოხატაურის პირველი პირის კვლავ დაფასების საფუძველი ის გახლდათ, გასული წლის ფერისცვალობისას რომ იღებდა დიდი ამბით ბახმაროს ცენტრში ფოტოებს ბედნიერი სახით და ორიოდე ნაბიჯში საზოგადოებრივი ტუალეტი ძველი ჩინოვნიკის გულივით ყარდა! ეგებ ამის გამო ჩაეცხოთ მისი ადმინისტრაციული კარიერისთვის?! მაგრამ აქვს კაცს ბედი! როდის იყო საქართველოში პოეტი დაეფასებინოთ, მით უფრო პოეტი-გამგებელი ურუშაძე?! ამიტომაც პროზაული ალექსანდრე სარიშვილით ჩაანაცვლეს! ცალკე სალაპარაკო თემაა სხვა რეგიონების პირველი პირობისთვის "განწირული" სახეები, მაგრამ კიდევ არის ერთი საკითხი! კაბები სადაა, ბატონო პრემიერო, კაბები? ნუთუ გამოგველია ჩვენ ღირსეული ქალები და მხოლოდ ენძელა, ეკა და მანანა იყვნენ საპოლიტიკოსო ქალები?!

პ.ს. წინასაარჩევნოდ ისევ დაიწყეს მიწის გაყიდვა-გაუყიდველობაზე საუბარი. ოპოზიციაც და პოზიციაც თანაბრად ცდილობენ, რომ ამ თემით მოიგონ. აღნიშნულზე ბიძინას დაეკითხნენ. მან იგავური ანეკდოტით მიუგო: გურული ბებია ყიდის ბანკის წინ მზესუმზირას, მიდის ვიღაც და ეუბნება: - მასესხე, ბებო, მზესუმზირა! - აჰ, არ გამოვა მაი საქმეო! - რეიზაო? - ბანკთან ხელშეკრულება დავდე და ვერ დავარღვევო! - მაინც, რა ხელშეკრულებაო? - რა და, მე არ ვიძლევი სესხს და ბანკი არ ყიდის მზესუმზირასო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს