გუგავა ლეიბორისტების "ნივაა", რომელიც ყველგან მივაო! ანუ ბიძინას იუმორი და მევენახე სააკაშვილი
გუგავა ლეიბორისტების "ნივაა", რომელიც ყველგან მივაო! ანუ ბიძინას იუმორი და მევენახე სააკაშვილი

კახეთში რთველი უპრობლემოდ მიმდინარეობს და "ნაციონალური მოძრაობის" მამამთავრებიც ვერ ლაპარაკობენ, რომ ქოცები არიან უნიათოები! გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ყვარელი - 18,6 ათასი ტონა, გურჯაანი - 11,3 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, თელავი - 6,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,7 ათასი ტონა, ახმეტა - 1,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 780 ტონა. აი, მოსავალიც ამას ჰქვია და დასაკრეფი ჯერ კიდევ ბევრია. არ
ლპება ყურძენი, არც გლეხები ჩივიან, არც ღვინის ქარხნები და რა აქვს ოპოზიციას სალაპარაკო? თურმე, მინდა გახაროთ, რომ საფერავი რქაწითელსა და მწვანეზე მეტი ჩაუბარებიათ, ანუ ბევრი წითელი ღვინო გვექნება წელს! თანაც, რომ იცოდეთ, წითელი ღვინო ისე უხდება მწვადს, როგორც თბილისს - ზალიკო.

ყურძნის რთველი მალე დასრულდება,
მაგრამ პოლიტიკური რთველი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ხმების "დასაკრეფად" ბატონი პოლიტიკოსები რამდენჯერაც ენას ატრატარებენ, მის პირდაპირპროპორციულად ყანასა და ვენახში რომ მოექნიათ თოხი, კი დავეწეოდით ბევრ აგროლიდერ ქვეყანას!

ვოცნებობ ახლა მე და მადროვეთ: წარმოიდგინეთ, ეს მუქთახორა, გაკოტრებული პოლიტიკოსები რომ შეესივნენ მინდორ-ველს, ბაღსა და ვენახს, რა დოვლათი დაგვიგროვდებოდა! ქართულ მიწას მშრომელი ადამიანი უნდა და არა - მარშები! ყველგან გუგავა ხომ ვერ მივა? ზოგან "მიჰა" და "ჰალიკო" მიბრძანდენ, რა უჭირთ? ვიცი, ახლა ვინმე გამომიხტება და მეტყვის, - თქვე უსინდისოებო, აცადეთ ჩვენს ოგურცენკო-სააკაშვილს, მამულებისთვის მიეხედა ყვარელშიო?!

მანამდე არაფერი გეტკინოთ, ვიდრე მიშა ყვარლის ზვრებს არ ჩაუდგეს მოსავლელად, მაგრამ კარგს მოგვიტანს ვითომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? სულ ლილის ფერი რომ იქნება საკრებულოები და მერები, რა დააშავა სხვა ფერებმა? შიდაპარტიული კონკურენცია კი არის, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს თვითმმართველობის სიჯანსაღეს!

გავიგე, "ქართულ ოცნებას" მარნეულში კანდიდატი შეუცვლია. ამირან გიორგაძის ბანერები არც ისე დიდი ხნის წინ "დაკიდენ", ახლა "ჩამოიღენ", რადგან თეიმურაზ აბაზოვია უკვე მარნეულელთა ასარჩევი "ბატონი სილურჯე"! არც გურიაში ყოფილა დალაგებულად სიტუაცია! მრეწველად გადაქცეული "ნაციონალი" შალვა ჩანტლაძე პარტიული სიის მეათე, "ლურჯ" ნომრად ჩაუსკუპებიათ "ქოცებს" და არის დიდი ვნებათაღელვა "წმინდა სისხლის" "ოცნებელებში", - აი, რაიაო?! გამგებელ ირაკლი კუჭავას ხელშეუხებლობასაც დარდობენ ჩოხატაურელები. რით ვერ გაიგეთ, გურულებო, რომ ეგ იატაკქვეშეთიდან ებრძოდა "ნაციონალურ მოძრაობას"?! 2012 წელს ზოგი მიშას პოლიტიკურ ძალას ქვემოდანაც ანგრევდა, მააშ! უფრო გარკვეულად რომ გითხრათ, მიშას ბატონი კუჭავა ფეხებში ურტყამდა, ბიძინა - თავში და კი მოსპეს საქართველოს გაბრწყინების საფუძველი!

ცალკე სასაცილო თემაა მოქმედი, მაგრამ საარჩევნოდ დაწუნებული გამგებლების გულისწყრომა, რად არ აგვინთეს მწვანე ამ არჩევნებში, დამოუკიდებლად გავალთ ახლა და გაჩვენებთ სეირსო! უფ, ერთბაშად თქვენც არ დაამტვრიოთ ბუს კვერცხები! მოუნდათ კიდევ სამი წელი პრემია-დანამატები და კონდიცირებული კაბინეტები! ახლა სხვა გაუშვით გულის და ჯიბის გასახარებლად, გეყოთ, რაც უფორმეთ სიდედრებსა და ცოლისდებს ტენდერებიდან მოღუნული თანხებით ნაყიდი ბინები!

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, რაღაც უკბილო ხუმრობა შემოგვაკლდა თქვენგან და თემატურად რამეს ვერ გვეტყვითო? კიო, ახლავეო: გუგავას უნდა ჰქონდეს ორი კბილი. ერთით ლუდის ბოთლი გაუხსნას ხოლმე შალვას, ხოლო მეორე მუდმივად უნდა სტკიოდეს, რომ არ დაეძინოს და ყველგან დროზე გაჩნდეს, როგორც შალვა დაჰპირდა ხალხსო! თუ გინდათ, მეორესაც გეტყვით: გუგავა ლეიბორისტების "ნივაა", რომელიც ყველგან მივაო!


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები