ბიძინა გადადგეს! გუგავა მოვა! - დროშის ტარიჭერიების ამბიციები და დინოზავრებივით ამოწყვეტილი "რესპუბლიკელები" - კვირის პალიტრა

ბიძინა გადადგეს! გუგავა მოვა! - დროშის ტარიჭერიების ამბიციები და დინოზავრებივით ამოწყვეტილი "რესპუბლიკელები"

რაღაც არაგლობალურად მოაზროვნეები გავხდით ამ ბოლო დროს ქართველები. ადრე ისიც კი გვანერვიულებდა, სანერვიულო თუ არ გვქონდა! ახლა მხოლოდ ის გვადარდებს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს! მიკვირს, რატომ არ ვიწყებთ მოთქმას იმის გამო, რომ ტრამპმა ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ჩადის, ჩრდილოეთ კორეის და ვენესუელის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა? არც ჩრდილოეთ კორეის ბედი გვაწუხებს, სადაც ისეთი საშინელი დიქტატურაა, "სტალინიზმიც" კი ჰუმანიზმად ჩანს მის ფონზე!

მოდის ოქტომბერი და საარჩევნო ციებ-ცხელებაც მატულობს. თბილისის საკრებულოს წევრობის მსურველთა შორის ისეთი ხალხია, თბილისს კი არა, ჭორვილის ერთ უბანსაც რომ არ ანდობს კაცი სამართავად! რეგიონებში უარესი მდგომარეობაა. დაუსაქმებლობით განაწყენებული "ქოცები" მიმოიფანტნენ სხვადასხვა პარტიაში და იქიდან გაჰკივიან, - ტყუილად ვიდექით ქარსა და სიცხეში ბიძინას გამოო?! მე თუ მკითხავთ, ეს დროშის ტარიჭერიები იმიტომ მდგარან "ბიძინაქციებზე", რომ 400-ლარიანი სამსახური ეშოვათ! ცალკე "ნაციონალების ნამსხვრევები" შეიჭრნენ "ქოცურ" "სასტავებში" და გამალებით ცდილობენ კარიერულ წინსვლას თუ არა, შენარჩუნებას მაინც! აი, ეგენი ისეთ ფრთიან და დიპლომატიურ სენტენციებს აფრქვევენ და აფორმულირებენ, ჩერჩილის მოხერხებულობასაც რომ გადაფარავს: - ჩვენი ოცნებაა, "ხუთიანზე" იყოს ყველაფერიო!

დღეს მოცლით ვიყავი ცოტა და გადავხედე ერთი საარჩევნო ოლქის პარტიულ სიებს! ნეტავ არ მენახა! ამდენი "ოპტიმისტი მიცვალებული" საიდან მოაგროვეს ამ უსაქმურმა და ბიუჯეტზე დაკიდებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა?! უცებ მომინდა, მიმეწერა მკვახე წერილი მათთვის, მაგრამ მერე გამახსენდა, მკვდრებს წერილებს რომ არ უგზავნიან და თავი დავანებე! პარტიების უმეტესობას პოლიტიკური საკურთხი უფრო სჭირდებათ, მაგრამ მაგ საკურთხს, კი ვხედავთ, მხოლოდ ბიძინა ამზადებს! არ გჯერათ? ახლავე ფაქტით დაგიდასტურებთ: ღვთის პირისგან გადავარდნილი "რესპები" რომ გამოაჩოჩა "ზალისკენ" ბიძინამ, განა მათი მინისტრობა და პარლამენტარობა ჰქონდა გეგმაში?! უბრალოდ, "ზალაში" გადასვლა აჩვევს სიკვდილსო და კი ამოწყდნენ ეს "რესპები" დინოზავრებივით! მართალია, ახლა კი ცდილობენ სექსუალური უმცირესობის თემით მანიპულირებას, მაგრამ არც ეგ უშველით მაგათ!

წინასაარჩევნოდ ნერვები არ ჰყოფნით ოპონენტებს და სადაც კი წააწყდებიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, აგინებენ და ლანძღავენ უსაშველო პირით ერთმანეთს. ახლა მთავარი რიტორიკაა! ვინც ვის აჯობებს წამოძახებებსა და "ვორდინგში", ისაა მაგარი! აბა, გახსოვთ ვინმეს, რომელიმე საკრებულოს წევრს ან მერს ქვეყანა აეშენებინოს? მე არ მახსოვს და თუ ვინმე გამახსენებთ, ათასგზის მადლობას მოგიძღვნით! საქმის მკეთებელი მხოლოდ გუგავა დარჩება, ისე ვატყობ! ეს ბატონი ფონიჭალის ერთ-ერთ ბაღში მომხდარ საკმაოდ უსიამოვნო ფაქტზე აღმზრდელებისა და დირექტორის დადანაშაულებას უსამართლობად მიიჩნევს და მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. დიახაც, ბავშვი რომ იტკენს რამეს, ოლიგარქი ბიძინა უნდა გადადგეს, რადგან ასეთია ნება შალვა ნათელაშვილისა! რომ გაწვიმდება ან გვალვა დაიწყება, მაშინაც უნდა გადადგეს ბიძინა! და ვინ უნდა მოვიდეს ბიძინას გადადგომის მერე, თუ არა გუგავა?! მოვა და გადაუშლის ფიანდაზებს ბატონ შალვას, რათა "ლეიბორისტები" მოვიდნენ ტრიუმფალურად ხელისუფლების ყველა შტოში!

პ.ს. "ქოცები" ამაყობენ, რომ კვირკაშვილი შეხვდა ანგელა მერკელს. "ნაცებმა" თქვეს, ეგ ქალი რა შესახვედრია, ყმაწვილქალობისას უნიფხვო სურათები გადაიღო და იმას აღარ ვიტყვით, პუტინისტი რომააო! აი, შეხვედრა ის იყო, მიშას რომ ჩამოაკითხა ბუშმა და კინაღამ "შალახო" დაუარა სახალხოდო. არადა, ყველა შეხვედრა მიღებული შედეგით იზომება...