კალაძის "ჩამოთრეული" ძმაკაცები და ზალიკო, იგივე მიშა ოგურცენკო, ანუ შენ დაუკა! ხარჯეთ, ბატონებო, რა გენაღვლებათ!
კალაძის "ჩამოთრეული" ძმაკაცები და ზალიკო, იგივე მიშა ოგურცენკო, ანუ შენ დაუკა! ხარჯეთ, ბატონებო, რა გენაღვლებათ!
ორ კვირაზე ცოტა მეტი მოვითმინოთ და ადგილობრივი ხელისუფლებები გვეყოლება.

რას სჯობს კარგ თვითმმართველობას? ჯერ კიდევ როდის ამბობდა ძველი ქართველი, ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდესო?! მართალია, არ მაქვს იმის ილუზია, რომ არჩეული მერები და საკრებულოები ქვეყნის ჭირ-ვარამს მოაგვარებენ, მაგრამ არჩეულები ხომ მოიგვარებენ თავისას და ჯანდაბას ჩვენი თავი!

მოგეხსენებათ, კალაძემ დიდი ამბები დაატრიალა. უკვე ნარმანიას მერობა ჩააბარა წარსულს, ისე ყოჩაღად იქცევა! მართალია, კოკელის დისკრიმინაციულ ელემენტებს შეიცავს კალას წინასაარჩევნო ქმედებები, მაგრამ, დამერწმუნეთ, ერთი
წლის მერე ნარმანია თბილისში აღარავის ემახსოვრება. მაგისთანა მერები დაგვივიწყებია?!

გარემო ნაკლებად იცვლება, იცვლებიან ქალაქის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ყოველი არჩევნების წინ გვეუბნებიან, - ბატონებო, თქვენ ხმა არ დაიშუროთ და ჩვენ თქვენთვის თავდადებული ადმინისტრაცია ვიქნებითო. აირჩევ ამ ოხერტიალებს და მერე ავიწყდებათ, ჩვენ რომ მოვაბრძანეთ და დავაბრძანეთ
(კარგი, არ გინდათ შეხსენება, მეც ვიცი, რომ მთელი "ოცნება" ბიძინამ მოიყვანა), ასწევენ ფუყე თავთავივით თავებს ზემოთ და ცხოვრობენ გრიალსა და დროს ტარებაში! რახან კალაძეზე ვლაპარაკობდი, თემატურად აქვე მივაყოლებ, მეგი გოცირიძე ამბობს თურმე კახიზე, - ეგ ტანგატრუსიკიანიო. მერე სხვებიც აჰყვნენ, - რა სტილი აქვს ჩაცმისო?! ბატონებო, თქვენ არ გინახავთ გრძელთათებიანი ნიფხვით მოსიარულე და დახვეწილ -აკადემიური სტილის გარდერობიანი უვარგისები? რას დაემსგავსა ეს პოლემიკა, ვერ გავიგე! რაც უნდა, ის ჩაიცვან და ის გაიხადონ, ოღონდაც არ ჩაიფსან, როგორც ზოგიერთის ბელადსა თუ კერპს ემართებოდა ხოლმე!

ვიდრე კალაძის გარდერობის განხილვა მიმდინარეობს, ამასობაში ზალიკო უნიჭოდ ჰბაძავს მიშა ოგურცენკოს. ფაქტობრივად, "მიშა-2"-ად ყალიბდება.

თბილისის მერობის კანდიდატი ხან ენგურის ხიდიდან ერთვება ეთერში და ხანაც წვიმასა და მეორედმოსვლაში უხმობს მხარდამჭერებს მერიასთან ერთი მიზნით: რაც შეიძლება მეტი დემაგოგია დააფრქვიოს. ავიწყდება მაგ ბატონს, რომ ეთერში არ ზის და დემაგოგია არ ჭრის ქუჩაში! დემაგოგია რომ შველოდეს საქმეს, "რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილს რომელი გაუსწრებდით მაგ საქმეში? კლასიკოსი დემაგოგი, ხედავთ, თავისივე პარტიის ნაჭუჭში შეკეტა ბიძინამ და ზალიკომ რა უნდა ქნას, როცა დემაგოგიური პოლიტიკის ბაკალავრიატიც არ დაუსრულებია?!

ისევ თვითმმართველობების საკითხს უნდა დავუბრუნდე. მოთმინებამ უმტყუნა ტიპებს და არის ღრიანცელი. ვინ ვისზე წინ ჩასკუპდა სიებში და როგორ მოახერხეს ეგ, ძალიან ძნელი დასადგენია, მაგრამ ჩოხატაურის საკრებულოს სიით "ოცნებელი" რომ გარიცხეს პარტიიდან, ეს როგორ უნდა შევაფასოთ? და იცით, რატომ გარიცხეს?! თურმე ჩოხატაურის მოქმედ გამგებელზე კრიტიკული შენიშვნები ჰქონია! არადა, კრიტიკული შენიშვნა კი არა, ბრალდებებიც კი შეიძლება წაუყენონ კუჭავას, თუ ვინმეს "ზემოთ" თვალში არ მოუვა! გურიას თავი დავანებოთ და ხალხმრავლობით ყველაზე დიდი იმერეთი გახდა ჩემი ინტერესის სფერო. ერთმა ორგანიზაციამ იმერეთის თვითმმართველობის ხარჯებზე დაწერა და კარგა ხანს ვფიქრობდი, ნეტავ თითო ციფრი ზედმეტად ხომ არ მიუწერეს ანალიტიკოსებმა ამ ჩვენზე ზრუნვაში გადაგებულ ხელისუფლებას-მეთქი და სულაც არა, თურმე: საკუთარი შრომა ყველაზე ძვირად შეაფასეს ზესტაფონის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. თითოეულს ჯამში 110.770 ლარი აქვს მიღებული, თანამდებობრივი სარგოს (92.750 ლარი), პრემიისა (15.370 ლარი) და დანამატის (2.650 ლარი) სახით. ზესტაფონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარესა და ხარაგაულის გამგებელთან ერთად, შედიან იმ ოთხ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში მიღებული აქვთ როგორც პრემია, ისე დანამატი? შენ დაუკა! ხარჯეთ, ბატონებო, რა გენაღვლებათ, ჩვენ თუ არა, თქვენ ხომ მაინც გეშველებათ!

პ.ს. ერთი "ფეისბუკელი" ქალბატონი ირონიით მოუწოდებდა ნაციონალებს: ე, ბიჭო, დაგუგლეთ და მოძებნეთ ბრაზილიის, არგენტინისა და იტალიის რომელი სოფლებიდან ჩამოეთრნენ ეს კალაძის ძმაკაცები და დაუკავშირეთ სამტრედიასა და ქურდულ სამყაროს, თვარა, დაგენგრათ ოჯახი... მე გასწავლოთ შავი პიარი?

000
12 ოქტომბერი 2017 04:28
ჩამოთრეული მალე თქვენი მიშა იქნება, თქვენ კი სასამართლო პროცესზე მითრეულები, გასაგებია? რაც შეეხება ფექბურთელებს ისინი საქართველოში სიყვარულით ჩამოვიდნენ და კიდევ ბევრჯერ გვესტუმრებიან.
ბესო
06 ოქტომბერი 2017 11:03
ესენი თუ ,,ჩამოთრეულები'' იყვნენ მაშინ ზალიკოს რაზე უნდა ელაპარაკო, ჟურნალისტი მაინც არ იყო....
ცაცა
06 ოქტომბერი 2017 09:53
ოგურცენკო იგივე სააკიანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები